"ვანილის სახლი" – როგორ იქცა Youtube-ის საოჯახო ვლოგი კაფეს წარმატებულ ბრენდად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცოტა ხნის წინ ორბელიანის მოედანზე ახალი კაფე – "ვანილის სახლი" გაიხსნა. სივრცე დღემდე ასოცირდება ჯანსაღ, გემრიელ მენიუსა და მყუდრო გარემოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზეა, მან უკვე მოახერხა ერთგული მომხმარებლების ნდობის მოპოვება.

"ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ვართ, მაგრამ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მრავლად გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხშირად გვსტუმრობს", – ამბობს "ვანილის სახლის" დამფუძნებელი, დიანა ველენგურსკაია.

"ვანილის სახლი" იუთუბის პოპულარული საოჯახო არხის, Vanilla House Vlog-ის ერთგვარი გაგრძელებაა. დიანა და მისი მეუღლე წლებია ვლოგერები არიან და მაყურებელს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სახლის მშენებლობისა და საოჯახო ცხოვრების შესახებ. მათი ვიდეოების პოპულარობამ და გამომწერების აქტიურობამ საბოლოოდ კაფეს გახსნის იდეა გააჩინა.

"ჩვენი მაყურებლები ხშირად გვწერდნენ და გვთხოვდნენ შეხვედრას, გამოცდილების პირადად გაზიარებას. ბევრს აინტერესებდა, რა იქნებოდა "ვანილის სახლის" გაგრძელება მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლის მშენებლობის ისტორია დასრულდებოდა. ასე გაჩნდა იდეა, შეგვექმნა საკუთარი კაფე", – ამბობს დიანა ველენგურსკაია Entrepreneur-თან საუბრისას.

კაფეს შექმნის პროცესი თავიდანვე ემოციურად დატვირთული იყო. დიანას თქმით, დიზაინიდან მენიუმდე, ყველა დეტალში ჩანს გუნდის ენერგია და სიყვარული:

"ეს არის კაფე, რომელზეც, რაღა დაგიმალოთ, ყოველთვის ვოცნებობდი – მყუდრო, ლამაზი, გემრიელობებითა და ჯანსაღი კერძებით სავსე ადგილი, სადაც სითბო, სიყვარული და ვანილის სურნელი იგრძნობა. ჩვენი სტარტაპი მთელი გულითა და ემოციებით წამოვიწყეთ – უამრავი ენერგია ჩავდეთ მის დიზაინში, ინტერიერში, მენიუს ფორმირებაში, ბრენდისა და კონცეფციის შექმნაში. ვფიქრობთ, ძალიან კარგი სივრცე გამოგვივიდა", – დიანა ველენგურსკაია.

მენიუში განსაკუთრებული ადგილი უკავია საუზმესა და ახალგამომცხვარ დესერტებს: კრუასანებს, ჯანსაღ სანდვიჩებს, ვრაპებს, სალათებსა და ბურგერებს სხვადასხვა გემოვნების სტუმრისათვის. აქ აღმოაჩენთ როგორც ვეგეტარიანული, ისე ჯანსაღი მენიუს ვარიაციებს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კრუასანები და დესერტები ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაქვს ე.წ. თან წაიღე და გამოძახების სერვისიც", – აღნიშნავს "ვანილის სახლის" დამფუძნებელი.

კაფეს ჰყავს ცნობილი შეფი – ირაკლი მაკასარაშვილი, რომელიც მაყურებელს "მასტერშეფიდან" ახსოვს. სწორედ მისი ხელწერაა "ვანილის სახლის" კერძების გემოსა და ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი.

ცოტა ხნის წინ კაფე საპროტესტო მოვლენების ეპიცენტრში მოხვდა და ტერასა დაზიანდა, თუმცა მომხმარებლების მხარდაჭერამ მოლოდინს გადააჭარბა:

"მრავალმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი. მხარი დაგვიჭირეს ვიზიტებით და გემრიელი კერძების დაგემოვნებით – რისთვისაც ძალიან მადლობელი ვართ. მალე ტერასასაც აღვადგენთ და ისევ შევძლებთ ღია სივრცეში სტუმრების მიღებას", – გვიყვება დიანა.

"ვანილის სახლი" ცდილობს არა მხოლოდ გემრიელი მენიუ, არამედ კომფორტული და თანამედროვე ცხოვრების წესთან ადაპტირებული პრაქტიკული გარემოც შემოგთავაზოს. დისტანციურად მომუშავე სტუმრებს აქ ცალკე ზონა დახვდებათ, საქმიანი შეხვედრებისა და შესვენებებისათვის კი – მყუდრო კუთხეები.

აღსანიშნავია ბარის მრავალფეროვანი მენიუც, სადაც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების დიდი არჩევანია: ყავა, ფრეშები, სმუზები, ე.წ. სახლური ლიმონათები და კოქტეილები.

დიანა დარწმუნებულია, რომ დეტალებისადმი ასეთი დამოკიდებულებაა კაფის ბრენდის წარმატების საფუძველი:

"ვინც ერთხელ გვსტუმრობს, ისევ და ისევ ბრუნდება. ძალიან გვახარებს, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენთან განსხვავებული და ჯანსაღი გემოები აღმოაჩინეს".

მომავალში "ვანილის სახლი" მენიუს გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს.

"გვინდა კიდევ მეტი ადამიანის გული დავიპყროთ ისეთი სივრცეების შექმნით, სადაც გემრიელი მენიუ და მყუდრო ატმოსფერო ერთიანობაში იქნება", – ამბობს დიანა ველენგურსკაია.