ბრენდის ხმა ციფრულ სივრცეში – ახალი მარკეტინგული სააგენტო Orient SMM Group
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრულ სამყაროში, სადაც კომუნიკაციის ფორმები და საშუალებები მუდმივად იცვლება, ბრენდის წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ კრეატიული იდეით – აუცილებელია სტრატეგია, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარება, რაც საბოლოოდ ბრენდის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს. სწორედ ამ პრინციპებზეა აგებული ციფრული მარკეტინგული სააგენტო Orient SMM Group.
კომპანიის დამფუძნებელი, ელენე ჭიჭინაძე გვიყვება, როგორ დაიბადა სააგენტოს შექმნის იდეა, რა პრინციპით მუშაობს ის და რა ფასეულობებზე დგას გუნდი.
"კომპანიის შექმნის იდეა ჩემს ბიზნესპარტნიორთან, დეა ლაკიასთან ერთად გამიჩნდა. გამოცდილება ორივეს მარკეტინგის სფეროში გვაქვს და როცა შიგნიდან იცნობ ბაზარს, ხვდები, რომ პრობლემა მხოლოდ სერვისში არ არის, პრობლემა სისტემურია. კომპანიაში ყველაზე რთული ასამუშავებელი რგოლი გუნდია – ის სხვადასხვა პროფესიონალისგან შედგება, მაგრამ ერთიანი ხედვის გარეშე ვერ ყალიბდება შედეგზე ორიენტირებული სისტემა. ჩვენ სწორედ ამ გამოწვევას ვუპასუხეთ: შევქმენით სივრცე, სადაც სტრატეგია, კრეატიული მიდგომა და ანალიტიკა ერთიანდება. ამ მიდგომამ მოგვცა საშუალება, აგვეგო ბიზნესის ზრდის არქიტექტურა, სადაც მარკეტინგი უბრალოდ "პოსტების გამოქვეყნებას" კი არ ნიშნავს, არამედ ROI-ზე (ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი) დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ბრენდის სტაბილურ განვითარებას", – ამბობს ელენე ჭიჭინაძე.
ელენე ჭიჭინაძის თქმით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან სააგენტო ამ პროცესში კომპანიის სახელსა და იდენტობას ქმნის. Orient SMM Group მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგის პრინციპით მუშაობს. Orient SMM Group-ის მიდგომა აერთიანებს სტრატეგიულ ხედვას, შემოქმედებით კომუნიკაციას და ანალიტიკურ სიზუსტეს. სააგენტო ქმნის სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება ბრენდებს, სწორად დაიკავონ ადგილი ბაზარზე. Orient SMM Group ამზადებს კონტენტს, რომელიც რეალურად აყალიბებს მომხმარებელთან ემოციურ კავშირს, შედეგები კი იზომება ისე, რომ ყოველი კამპანია პროგრესისაკენ წინ გადადგმული მკაფიო ნაბიჯი იყოს.
Orient SMM Group დღეს ბაზარზე წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს. პარტნიორობის ფარგლებში Orient SMM Group კომპანიის ერთგვარ შიდა მარკეტინგულ განყოფილებად იქცევა, რომელიც ხედავს მთლიან სურათს, ამუშავებს ყველა ეტაპს – იდეიდან შედეგამდე და ზუსტად იცის, როგორ უნდა ისმოდეს ბრენდის ხმა ციფრულ სივრცეში.
"Orient SMM Group-ის სლოგანი – "ციფრული ენა, რომელიც მეტყველებს" – ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ფილოსოფიას: ვქმნით კომუნიკაციას, რომელიც არის არა უბრალოდ ვიზუალი ან ტექსტი, არამედ ციფრულად ნათქვამი ემოცია, აზრი და ზეგავლენა", – აღნიშნავს ელენე ჭიჭინაძე.
ნებისმიერი კომპანიის წარმატებას გუნდი და მისი გამოცდილება განსაზღვრავს. ელენე ჭიჭინაძის პროფესიული გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აქტიურად სწავლობდა კომუნიკაციის სტრატეგიებსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზს.
"ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება დავიწყე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვმუშაობ. სწორედ აქ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია და ბრენდის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება სწორი გზავნილების საშუალებით. ამასთან ერთად, ვმუშაობდი კერძო სექტორშიც – სხვადასხვა ბიზნესის, მათ შორის ენერგეტიკული და მომსახურების სფეროს კომპანიების მარკეტინგულ პროექტებზე, რაც საშუალებას მაძლევდა მესწავლა, როგორ უნდა გარდაიქმნას იდეა შედეგიან კამპანიად", – გვიყვება ელენე ჭიჭინაძე.
სწორედ ამ კომბინაციამ – გამოცდილებამ საჯარო და კერძო სექტორებში, სტრატეგიულმა ხედვამ და გუნდურმა დისციპლინამ შექმნა ის საფუძველი, რომელზეც დღეს Orient SMM Group დგას. Orient SMM Group-ის გუნდი შედგება ახალგაზრდა, მაგრამ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან – სტრატეგებისგან, დიზაინერებისა და კონტენტ მენეჯერებისგან, რომლებიც თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგებიან. სააგენტოს მთავარი უპირატესობა და უნიკალური ნიშა სწორედ გუნდის მთავარი ღირებულებაა – Orient SMM Group ქმნის ციფრულ ენას, რომელიც ბრენდის უნიკალურობას განსაზღვრავს და ბიზნესის მიზნებს რეალურ შედეგებად გარდაქმნის.
Orient SMM Group-ის პროექტები მრავალფეროვან მასშტაბებს მოიცავს: სააგენტო მუშაობს როგორც ნიშურ ბიზნესებთან, რომელთათვის ინდივიდუალური სტრატეგიები მზადდება, ასევე – საშუალო და დიდ ორგანიზაციებთან, რომელთა კამპანიები ათასობით მომხმარებელს აღწევს. თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მორგებულია კონკრეტული ბიზნესის მიზნებსა და ბაზრის სპეციფიკას, რაც საგენტოს საშუალებას აძლევს, შექმნას არა მხოლოდ ვიზუალურად ეფექტური კონტენტი, არამედ შედეგზე ორიენტირებული კამპანია, რომელიც აჩქარებს აუდიტორიის ზრდას, ზრდის ჩართულობას და პოზიტიურად აისახება რეალურ ბიზნესშედეგებზე.
"ჩვენი სტრატეგები, კონტენტ მენეჯერები, დიზაინერები და ანალიტიკოსები ერთიან, სისტემურ პროცესში მუშაობენ. ჩვენი მიდგომა ეყრდნობა ანალიტიკას, კრეატიულ გადაწყვეტას და აუდიტორიის ფსიქოლოგიის გააზრებას, რაც უზრუნველყოფს ბრენდის მყარ პოზიციონირებას და მომხმარებელთან ორგანული კავშირის შექმნას. თითოეული კამპანია ჩვენი გუნდისთვის არის შესაძლებლობა, რომ ბრენდის ხმა ციფრულ სივრცეში არა მხოლოდ გაიგონ, არამედ იგრძნონ", – ელენე ჭიჭინაძე.
Orient SMM Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის მუშაობის ყველაზე გამორჩეული ასპექტი ყოველი ბიზნესისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მათი რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებაა.
"Orient SMM Group მხოლოდ მარკეტინგული სააგენტო არ არის – ჩვენ პარტნიორები ვართ იმ ბიზნესებისთვის, ვისთანაც ვმუშაობთ.
ჩვენ არ ვჩერდებით მხოლოდ ვიზუალზე ან კამპანიის მართვაზე – გვაინტერესებს, რეალურად როგორ მუშაობს კომპანიის შიდა პროცესი და რა შეუძლია მარკეტინგს იქ, სადაც როგორც წესი, სააგენტოები არ ერთვებიან ხოლმე. სწორედ ამიტომ გვაქვს დამატებითი მომსახურებები, როგორიცაა პარტნიორობის გაფორმებების მხარდაჭერა, ბიზნესკონტაქტების დამაკავშირებელი კამპანიები და ზოგადად – თანამშრომლობა იმ მიმართულებებით, რაც, კლასიკური გაგებით, მარკეტინგის ფარგლებს სცდება. ჩვენი მიზანია, ბრენდს არ მივაწოდოთ უბრალოდ სერვისი, არამედ ვიყოთ მისი პარტნიორები, რომლებიც მის მრავალმხრივ ზრდას უწყობს ხელს. გვსურს, თითოეული პროექტისას ვიქცეთ კომპანიის გუნდის იმ ნაწილად, რომელიც პასუხისმგებელია შედეგზე. ჩვენ ბიზნესის სტრატეგიას შაბლონურად არ ვქმნით: ჯერ ვსწავლობთ კომპანიის მიზნებს, პროდუქტს, ბაზრის სეგმენტს და მომხმარებლის ქცევას. ამ ყველაფრიდან ვიღებთ პასუხს მთავარ კითხვაზე – რა არის ის გზავნილი, რამაც აუდიტორიამდე უნდა მიაღწიოს და როგორ უნდა მივიტანოთ ჩვენ ეს მესიჯი", – ამბობს ელენე ჭიჭინაძე Entrepreneur-თან საუბრისას.
სწორედ ამ ანალიზის შემდეგ Orient SMM Group-ის გუნდი ადგენს კომუნიკაციის ტონს, არხებს და მარკეტინგულ მიმართულებებს. Orient SMM Group-ის მიდგომა შემდეგია: "სტრატეგია არ არის მხოლოდ გეგმა, ის არის ბიზნესის სარკე". ამიტომ თითოეულ პარტნიორს სააგენტო სთავაზობს სერვისს, რომელიც მის უნიკალურობას ასახავს და არ მიჰყვება იმ გზას, რაც, უბრალოდ, ტრენდულია.
ის ხედვა, რომელიც Orient SMM Group-ის მთავარ პრინციპს განსაზღვრავს, მყარი B2B პარტნიორული ურთიერთობების საფუძველია. ელენე ჭიჭინაძის თქმით, ნდობა და სტაბილურობა ასეთ დროს გადამწყვეტ როლს ასრულებს.
"B2B სექტორში თანამშრომლობა ემყარება შედეგებსა და პროცესის გამჭვირვალობას. როცა პარტნიორი ხედავს, რომ შენი გუნდი არის არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ სტრატეგიული თანამოაზრე, იქმნება ხანგრძლივი ურთიერთობა, რომელიც ორივე მხარეს აძლიერებს. ჩვენი ყველა თანამშრომლობა დაფუძნებულია გრძელვადიან ხედვაზე და არა ერთჯერად კამპანიებზე – ასეთ მიდგომას ყველაზე ფასეულად მივიჩნევ B2B ურთიერთობებში", – ამბობს ელენე ჭიჭინაძე.
გამოწვევებთან გამკლავება ყოველი ახალი სტარტაპის შექმნის და ბაზარზე პოზიციონირების პროცესის განუყოფელი ნაწილია. ელენე ჭიჭინაძის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა მარკეტინგული სააგენტოების მიმართ ბიზნესის ზოგადი დამოკიდებულება აღმოჩნდა.
"კომპანიების უმეტესობა ამჯობინებს ე.წ. ინ-ჰაუს კადრს – ადამიანს, რომელიც შიგნიდან აკონტროლებს პროცესს და სწორედ ამიტომ, რთულია დაარწმუნო ბიზნესი, რომ გარე სააგენტოც შეიძლება გახდეს ისეთივე გუნდის წევრი, რომელიც მათთვის იმუშავებს იმავე გულწრფელი ჩართულობით, როგორც თანამშრომელი. სირთულე ის არის, რომ სანამ შედეგს დაინახავენ, ბევრს უჭირს ნდობა. ამიტომ თითოეული ახალი პარტნიორობა ჩვენთვის ბრძოლას ჰგავს – ბრძოლას იმისთვის, რომ დავამტკიცოთ: სააგენტო შეიძლება იყოს არა უბრალოდ შემსრულებელი, არამედ პარტნიორი, რომელიც ხედავს ბიზნესს როგორც მთლიან სისტემას. ეს მარტივი არ არის. როცა ბევრ უარს ისმენ და მაინც აგრძელებ კომუნიკაციას – ხვდები, რომ ამ სფეროში მთავარია არ დანებდე. სწორედ ამ დამოკიდებულებამ მოგვცა ის, რომ დღეს გვაქვს პარტნიორობები, სადაც ნდობა და შედეგი თანაბრად იზრდება. საბედნიეროდ, მყავს გვერდში ადამიანი, რომელიც დანებების საშუალებას არ მაძლევს. მჯერა, რომ სწორი ადამიანების გარემოცვაში მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებ. როცა Orient SMM Group გაიზრდება და აღარ იქნება სტარტაპი, შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობამდე წარმატების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად სწორედ იმ ადამიანს ვახსენებ, რომელმაც არ მომცა დანებების საშუალება", – ელენე ჭიჭინაძე.
Orient SMM Group-ის მთავარი გეგმა მომდევნო ეტაპზე ორგანიზაციული ზრდა და სერვისების სტრუქტურული გაძლიერებაა. ამ ეტაპზე ის უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც სააგენტო, რომელიც ემსახურება B2B სექტორს, თუმცა კომპანიის მიზანია, რომ გაზარდოს პროფესიონალიზმის სტანდარტი კონკრეტულ ინდუსტრიებში. ეს გულისხმობს, რომ თითოეული სექტორისთვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური მიდგომა, სტრატეგიული გეგმა და ციფრული ხელსაწყოები, რომლებიც კონკრეტულად მათ საჭიროებებს მოერგება.
მეორე მიმართულება სერვისების ავტომატიზაციაა. Orient SMM Group-ის დამფუძნებლის თქმით, იგეგმება მარკეტინგის პროცესის ნაწილის ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება, სადაც კომპანიებს მარტივად შეეძლებათ მონიტორინგი, შედეგების გაცნობა და გარკვეული ოპერაციების თავად მართვა. ელენე ჭიჭინაძის თქმით, ეს მოდელი ამცირებს დროს და ზრდის ეფექტიანობას.
"ასევე ვმუშაობთ პარტნიორობის ქსელის გაფართოებაზე. გვინდა შევქმნათ მჭიდრო ურთიერთობები როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, რათა B2B სერვისების მიწოდება უფრო მოქნილი და მასშტაბური გახდეს. დაბოლოს, ჩვენი ხედვაა, რომ Orient SMM Group მხოლოდ სააგენტო კი არ იყოს, არამედ ციფრული სტრატეგიის ჰაბი, სადაც ბიზნესი იღებს სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას – იდეიდან დაწყებული, შედეგის გაზომვამდე. ამ გზაზე ფოკუსს ვაკეთებთ ხარისხზე, პროფესიულ ზრდასა და იმ პროფესიონალებზე, ვინც ამ პროგრესს ყოველდღე საკუთარი საქმიანობით განაპირობებს", – ამბობს ელენე ჭიჭინაძე.