როგორ ქმნის ახალგაზრდა პროფესორი განათლების თანამედროვე სტანდარტებსა და ინოვაციებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
აუდიტორიიდან დაწყებული კარიერა საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციამდე – ნიკა ქვლივიძის პროფესიული გზა აერთიანებს აკადემიურ სრულყოფილებას, ტექნოლოგიურ ხედვასა და ჰუმანიზმს.
32 წლის პროფესორი და ინფორმატიკის დოქტორი ინჟინერიაში Entrepreneur-ს უზიარებს თავის გამოცდილებას, თუ რას ფიქრობს განათლების მომავალზე და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანმა საკუთარი მიზანდასახულობითა და შრომით დიდ წარმატებას მიაღწიოს.
გვიამბეთ თქვენ შესახებ, საიდან დაიწყო თქვენი პროფესიული გზა, სად საქმიანობთ? რატომ აირჩიეთ ბიზნესის ადმინისტრირება და როგორ აღმოჩნდით ინფორმაციულ ტექნოლოგიებში?
სასიამოვნოა, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვისაუბრო საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევაზე ისეთ გამოცემაში, რომელსაც დიდი რეპუტაცია აქვს საგანმანათლებლო წრეებში.
ჩემი პროფესიული გზა დაიწყო ბიზნესის სამყაროში – საბანკო, საფინანსო, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, აგრეთვე კონსალტინგის მიმართულებით. ამ გამოცდილებამ მასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანია თეორიისა და პრაქტიკის გაერთიანება, რაც საბოლოოდ გახდა სტიმული, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე.
ამჟამად ვარ "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი და იმავდროულად, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი. ეს სფერო მაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყო ჩართული აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცესებში. ბიზნესის ადმინისტრირება ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო და მიმზიდველი აკადემიური სფერო, რომელიც გვეხმარება ხედვის ჩამოყალიბებაში. სწავლების პერიოდში განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა იმ პროცესების მიმართ, რომლებიც ეფუძნება მონაცემებსა და ტექნოლოგიებს. სწორედ ამ ინტერესმა მიბიძგა გამეგრძელებინა სწავლა დოქტორანტურაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სინთეზი ყველაზე ძლიერი კომბინაციაა – ის საშუალებას გაძლევს, არა მხოლოდ თეორიულად ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე, არამედ პრაქტიკულად ვაჩვენოთ მისი შედეგი.
რამ შთაგაგონათ, გამხდარიყავით ინფორმატიკის დოქტორი ინჟინერიაში? იყო თუ არა მომენტი, როცა მიხვდით, რომ გსურდათ ცოდნის არა მარტო მიღება, არამედ სხვებისთვის გადაცემა?
მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის პარალელურად ვმუშაობდი საბანკო სფეროში, სადაც პრაქტიკულად ვხედავდი, რამდენად მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების შეთავსება. სწორედ იქ მივხვდი, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა ცოდნას ცხოვრებაში პრაქტიკულ შედეგზე გაჰყავხარ. ამ პროცესმა დამარწმუნა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, საჭიროა მისი გამოყენება, გააზრება და გაზიარება. გარდა ამისა, ვხვდებოდი, რომ ბიზნესში არსებული პროცესები ითხოვდა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მაგალითად, როგორიცაა ავტომატიზებული სისტემების შექმნა. ამიტომაც გადავწყვიტე, გამეგრძელებინა სწავლა დოქტორანტურაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. მსურდა საფუძვლიანი განათლების მიღება და იმავდროულად, მინდოდა ვყოფილიყავი, როგორც განათლების სივრცის ნაწილი, ასევე ჩემ მიერ შექმნილი სიახლეები დამენერგა პრაქტიკაში და ცოდნა გამეზიარებინა სტუდენტებისთვის.
როგორ გახსენდებათ პირველი გამოცდილება უნივერსიტეტში? რა გაძლევდათ ყველაზე დიდ მოტივაციას პირველ ლექციებზე და სტუდენტებთან შეხვედრისას?
ჯერ კიდევ დოქტორანტურის საფეხურზე მომეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ასისტენტის პოზიციაზე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება საგანმანათლებლო სივრცესთან, ლექტორის ამპლუაში. პირველი სემინარი დღემდე მკაფიოდ მახსოვს, სტუდენტებთან კომუნიკაცია, მათი ცნობისმოყვარე მზერა და კითხვები ისეთი ენერგიით იყო სავსე, რომ წამებში გავიაზრე: ეს სფერო ჩემთვის მხოლოდ პროფესიული არჩევანი კი არა, შინაგანი მოწოდებაც იყო. ლექციის დინამიკურმა და ინტერაქციულმა ატმოსფერომ დამარწმუნა, რომ სწავლებას შეუძლია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ადამიანების შთაგონება. სწორედ ამ განცდამ გადაწყვიტა ჩემი მომავალი გზა.
ახალგაზრდა ასაკში დაიწყეთ აკადემიური საქმიანობა. გიწევდათ დამტკიცება, რომ კომპეტენტურობა ასაკზე არ არის დამოკიდებული?
როდესაც ახალგაზრდა იწყებ საქმიანობას აკადემიურ სივრცეში, ბუნებრივია, თავდაპირველად გარკვეული გამოწვევები ჩნდება როგორც სტუდენტებთან, ისე კოლეგებთან ურთიერთობისას. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა იმის დამტკიცება, რომ "შემიძლია", არამედ იმის ჩვენება, რომ სწავლება პასუხისმგებლობაა, რომელიც მოითხოვს მუდმივ განვითარებასა და შრომას. ვცდილობდი, ჩემი ცოდნა და ენერგია გადამეცა სტუდენტებისთვის, რათა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ადამიანს თუ აქვს მიზანი, შრომისმოყვარეობითა და გულწრფელი სურვილით უთუოდ მიაღწევს დასახულს, ამასთანავე, სხვებსაც გაუზიარებს საკუთარ ცოდნას.
თქვენი აკადემიური გზა აერთიანებს ბიზნესს და ტექნოლოგიებს. როგორ პოულობთ ბალანსს ამ ორ მიმართულებას შორის?
ბიზნესი და ტექნოლოგიები ერთმანეთისგან განცალკევებით უკვე წარმოუდგენელია. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის დასრულებამ ჩამომიყალიბა ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, მასწავლა სტრატეგიული აზროვნება და მიზნამდე მისასვლელი ყველაზე ეფექტიანი გზების პოვნის საშუალებები, ხოლო ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა კი, როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილებები რეალობად იქცეს. თანხვედრას ვპოულობ მაშინ, როცა სტუდენტებს ვაჩვენებ, რომ ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია, ხოლო მთავარი არის ადამიანური ხედვა და ანალიტიკური აზროვნება, რაც ბიზნესიდან მოდის. სწორედ ამ სინთეზში ვხედავ თანამედროვე განათლების მომავალს, სადაც სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ პროგრამირებას ან მენეჯმენტს, არამედ იმასაც, როგორ ჩამოყალიბდეს ინოვაციის შემქმნელად.
"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი" ასევე ცნობილია უცხოენოვანი სასწავლო პროგრამებით. როგორია თქვენი გამოცდილება უცხოელ სტუდენტებთან მუშაობისას და რა განსხვავებებს ამჩნევთ მათსა და ქართველ სტუდენტებს შორის?
უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობა ჩემთვის მუდამ ახალი შთაგონების წყაროა. ეს გამოცდილება ავითარებს ჩემს პროფესიულ და ადამიანურ უნარებს, ასევე, მაძლევს შესაძლებლობას, ყოველდღიურად გავიზარდო ჩემს სფეროში. "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" ვკითხულობ ლექციებს ინგლისურ ენაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ასევე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ეს გარემო ნამდვილად მრავალფეროვანია, რადგან აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის, კულტურისა და განათლების სისტემის წარმომადგენლებს. ასეთი ინტერკულტურული აუდიტორია შენგან არა მხოლოდ საგნის ცოდნას, არამედ კომუნიკაციის განსაკუთრებულ უნარსაც მოითხოვს, უნდა შეძლო ერთი და იგივე იდეა სხვადასხვა კულტურული კონტექსტის მიხედვით გადმოსცე.
დღეს ასოცირებული პროფესორი და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ხართ. რას მოიცავს თქვენი სამუშაო ასპექტები და რომელი საკითხებია განსაკუთრებით საინტერესო?
დღეს ვმუშაობ ორ მიმართულებაზე – აკადემიურსა და ადმინისტრაციულზე, რაც საშუალებას მაძლევს, განათლების პროცესს ორივე მხრიდან შევხედო. როგორც ასოცირებული პროფესორი, ვკითხულობ ლექციებს ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და განსაკუთრებით მახარებს, როცა სტუდენტებში ვხედავ ზრდასა და ინტერესს. საგამოცდო ცენტრში კი ვზრუნავ შეფასების პროცესის გამჭვირვალობასა და ობიექტურობაზე. ეს ორი როლი ერთმანეთს ავსებს: პირველი პოზიციით ვზრდი მომავალ პროფესიონალებს, მეორით კი უზრუნველვყოფ მათი შრომის სამართლიან შეფასებას.
როგორ ხედავთ განათლების მომავალს ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში? შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს ლექტორის როლი?
განათლება დღეს უდიდესი გარდაქმნის პროცესშია. ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი შემოდის ლაბორატორიებში, სასწავლო პლატფორმებში და ცვლიან სწავლების მეთოდებს, შინაარსს, კომუნიკაციის ფორმებს. ისინი არა მხოლოდ ოპტიმიზებას უკეთებენ პროცესს, არამედ განაახლებენ თვით აზროვნების პირობასაც. თუმცა ყველაზე განვითარებული ინტელექტუალური სისტემა ვერ შექმნის იმ ემოციურ კავშირს, რაც ადამიანს შეუძლია. ლექტორი ხედავს სტუდენტის პოტენციალს, შესაძლებლობებს. ხელოვნური ინტელექტი ვერ გასცემს იმ პასუხს, რომელიც არა მხოლოდ სწორი, არამედ შთამბეჭდავი, მოტივაციური და შთამაგონებელია. ლექტორის როლი ამ ცვლილებების ფონზე კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ხდება.
ვფიქრობ, განათლების მომავალი პარტნიორობაშია: ადამიანი ქმნის აზრს, ტექნოლოგია აძლიერებს მის ძალას. ლექტორი ახდენს ცოდნის ინტერპრეტაციას, ასწავლის კრიტიკულ ანალიზს, ზრდის ემპათიას, გუნდურობას და ინოვაციურობას. ეს უნარები არ იბადება ალგორითმში, ისინი მხოლოდ ადამიანურ ურთიერთობაზე დგას.
ადამიანისა და ტექნოლოგიის ეს თანაზიარობა ქმნის ხარისხიან მომავალს. განათლების მიზანი რჩება იგივე: აღზარდოს მოაზროვნე და შემოქმედი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვიტონ პრობლემები, შექმნან ახალი იდეები და სამყაროს უკეთესი მიმართულება მისცენ.
რა თვისებები ეხმარება ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში? და რა რჩევას მისცემდით სტუდენტებს, რომლებიც ახალბედები არიან და მხარდაჭერა სჭირდებათ?
მწამს, რომ წარმატების საფუძველი ახალგაზრდებისთვის იმაში მდგომარეობს, რომ, რაც შეიძლება ადრე აღმოაჩინოს საკუთარი ინტერესები და პარალელურად ჩაერთოს რეალურ, პრაქტიკულ საქმიანობაში. თეორიისა და გამოცდილების სინთეზი ქმნის ნამდვილ პროფესიონალს – ადამიანს, ვინც სწავლობს, ქმნის და ავითარებს ინოვაციას. თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება, დროის მართვა, მუდმივი განვითარება და ცოდნის განახლება გადამწყვეტია.
აკადემიური კარიერა უნიკალურია: ეს სივრცე საშუალებას გაძლევს იკვლიო, შექმნა ინოვაციები და ყოველდღიურ ინტერაქციაში იყო სტუდენტებთან. საკუთარი გამოცდილებით ვხედავ, რომ ეს ურთიერთობა არა მხოლოდ სტუდენტებს აძლიერებს, არამედ თავად მეც მაძლევს მუდმივ მოტივაციას და ინსპირაციას.
ჩემი რჩევაა ახალგაზრდებისთვის: ნუ გეშინიათ შეცდომების. შეცდომა განვითარების ნაწილი და ახალი შესაძლებლობების დაწყების საწყისია. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით, იყავით ცნობისმოყვარე და არასდროს შეწყვიტოთ სწავლა. წარმატება მოდის მაშინ, როცა აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ცდილობ ყოველდღე უკეთესი იყო და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის.
რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ამ წლებში, როგორც პროფესორს და როგორც ადამიანს?
32 წლის ასაკში უკვე ათწლიანი პროფესიული გამოცდილება მაქვს, მათ შორის ექვსი წელი განათლების სფეროში. 25 წლის ასაკში აკადემიური ხარისხის მიღება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ჩემთვის მთავარია ის გზა, რომელიც სტუდენტებთან ურთიერთობამ, გამოწვევებმა, წარმატებებმა და შეცდომებმა მასწავლა.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვარ ჩართული კვლევით საქმიანობაში: ვარ რამდენიმე სტატიის ავტორი, მათ შორის მაღალ იმპაქტფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალში საფრანგეთში, და ასევე, სალექციო რიდერის ავტორი. ეს გამოცდილება საშუალებას მაძლევს, ვაჩვენო მაგალითი სტუდენტებს, როგორ შეიძლება თეორიული ცოდნა პრაქტიკასა და ინოვაციებში გადაიტანო.
მჯერა, რომ მთავარი სიტყვა ჯერ კიდევ წინ არის – ლექტორისთვის ყოველი ახალი თაობა ახალი დასაწყისია. სწორედ ეს ქმნის ჩემს პროფესიულ გზას დინამიკურს, ინსპირაციულს და მუდმივად განვითარებადს.
როგორ გსურთ დაამახსოვრდეთ თქვენს სტუდენტებს?
მინდა სტუდენტებს დავამახსოვრდე არა მხოლოდ როგორც ლექტორი, რომელიც ასწავლის და აზიარებს მეცნიერულ ფაქტებს, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ინსპირაციას უქმნის მათ სწავლის სიყვარულს და კრიტიკულ აზროვნებას. თანამედროვე განათლება მოითხოვს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ მონაცემების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ინტეგრირებას პედაგოგიურ პროცესში.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა გაიხსენონ არა მხოლოდ ლექციები, არამედ მცირე, მნიშვნელოვანი მომენტები: ინდივიდუალური კონსულტაციები, მათი მიღწევების აღიარება ან, უბრალოდ, ღიმილი სემინარის დასაწყისში. ეს მცირე, ადამიანური ნიუანსები ქმნის გარემოს, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ იზრდებიან და აქტიურად არიან ჩართული ინოვაციურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებულ პროცესში.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და როგორ აპირებთ განვითარებას?
ბუნებრივია, ყველა მიზანი და გეგმა ამ სფეროში განვითარებასთან არის დაკავშირებული. წინ საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი პერიოდია. მინდა გავიზარდო, როგორც ლექტორი და მკვლევარი, ვიყო ინოვაციებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემოქმედი. თითოეული ლექცია ჩემთვის ახალი დასაწყისია, თითოეული თაობა – ახალი შესაძლებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა შესაძლოა ჯერ კიდევ წინ იყოს, მაგრამ ვიცი, რომ ცოდნა, შრომა და გულწრფელობა არასდროს კარგავს თავის ფასს.
უთუოდ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ უკვე ახლა ნიკა ქვლივიძე იმ ადამიანთა რიგებშია, ვინც საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, რომ ცოდნა, შრომა და გულწრფელობა არასოდეს კარგავს ფასს.