თერმო ვესტი: როდესაც ხარისხი და სანდოობა ერთმანეთს ხვდება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წელს, როცა ქართულ ბაზარზე გამძლე და ხარისხიანი პროდუქციის ნაკლებობა აშკარად იგრძნობოდა, ორმა გამოცდილმა მეწარმემ – გიორგი ლელაშვილმა და ილია ქაჯაიამ – გადაწყვიტეს, შეექმნათ კომპანია, რომელიც არა მხოლოდ პროდუქტის ესთეტიკაზე, არამედ, პირველ რიგში, მის ფუნქციონალურობასა და გამძლეობაზე იქნებოდა ორიენტირებული.
ასე დაიბადა "თერმო ვესტი" – კომპანია, რომელმაც საკმაოდ მოკლე დროში მოახერხა საკუთარი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე და დღეს უკვე მომხმარებელთა ნდობით სარგებლობს.
"იმ პერიოდში უკვე ვხედავდით, რომ ბაზარზე ხარისხიანი, გამძლე პროდუქცია ბევრი არ იყო. გვინდოდა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურებოდა, არამედ რეალურად გამძლე იქნებოდა – განსაკუთრებით ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილების პირობებში", – იხსენებენ დამფუძნებლები და აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გამოცდილებისა, დაარსების პროცესი საკმაოდ საინტერესო და წინაღობებით აღსავსე აღმოჩნდა.
კომპანიის დაარსების მთავარი მოტივაცია სწორედ დაკვირვება და ბაზარზე არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება იყო.
"როცა დავინახეთ, რომ ბაზარზე იყო ამ ტიპის საჭიროება, ავტომატურად გაგვიჩნდა სურვილი, ეს სიცარიელე შეგვევსო. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო სურვილი, გაგვეკეთებინა საქმე პატიოსნად, გულწრფელად და ხარისხზე ორიენტირებულად – ისე, რომ ადამიანმა იცოდეს: თუ "თერმო ვესტს" მიმართავს, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩება".
პირველ ეტაპზე "თერმო ვესტი" სპეციალიზებული იყო თერმომდგრადი კარადების დამზადებაზე აივნებისთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში გახდა აშკარა, რომ მოთხოვნა გაცილებით ფართო იყო.
"მივხვდით, რომ მოთხოვნა იყო არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ოფისებისა და კომერციული სივრცეებისთვის, ვერანდებისა და ღია სივრცისთვისაც. ასევე, არა მხოლოდ თერმომდგრადი, არამედ სასაწყობე სივრცის კარადებიც", – განმარტავს გიორგი ლელაშვილი.
დღეს კომპანია გვთავაზობს მრავალფეროვან პორტფელს, რომელიც მოიცავს როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალურ პროექტებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომპანიაში სამუშაო პროცესის თითოეულ ეტაპს. "თერმო ვესტი" სთავაზობს მომხმარებელს სრულ ციკლს – აზომვიდან დაწყებული, დიზაინით, წარმოებით და მონტაჟით დამთავრებული.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი, რომელიც უკვე დასრულებული პროექტების დამონტაჟების შემდგომ გვაქვს. ამიტომ ვმუშაობთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზუსტად ისე, როგორც მომხმარებელს სურს", – ამბობს ილია ქაჯაია Entrepreneur-თან ინტერვიუში.
პროცესი იწყება აზომვებით, შემდეგ მოდის დიზაინის ეტაპი, სადაც დამკვეთთან ერთად ირჩევენ ფერს, სტილს და კონფიგურაციას. ამის შემდეგ იწყება წარმოება, რაც საშუალოდ 10 სამუშაო დღეს მოიცავს. მონტაჟს კი, კარადის სიდიდისა და სირთულიდან გამომდინარე, 1-2 საათი სჭირდება.
გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებისას კომპანია, პირველ რიგში, ითვალისწინებს დამკვეთის საჭიროებებს, სივრცის სპეციფიკასა და ფორმას.
"ვცდილობთ გავცეთ რჩევა პრაქტიკულობის მხრივ, ასევე, სივრცის უკეთ ათვისების მხრივ და ხშირად ვეხმარებით ფერის შერჩევაში, ვაჩვენებთ ნიმუშებს და ვეხმარებით წარმოიდგინონ, თუ როგორი იქნება უკვე დამზადებული მათი კარადა", – ამბობენ ისინი.
რაც "თერმო ვესტს" ბაზარზე განასხვავებს, ეს, უპირველესად, სანდოობაა. კომპანიაში ყურადღება ექცევა ხარისხის კონტროლს, რადგან სჯერათ – მომხმარებლის განწყობა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ გაწეული სერვისითა და პროდუქტით განისაზღვრება.
"ჩვენ თვითონ ყოველთვის ვდგავართ ხარისხის კონტროლის სადარაჯოზე. თითოეულ კარადას ისე ვუყურებთ, თითქოს ჩვენთვის მზადდება. ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, დავიმსახუროთ ნდობა და მუდმივი დამკვეთები, რეკომენდატორები და სტაბილურობა ბაზარზე", – ხაზს უსვამენ გიორგი და ილია.
კომპანია მუშაობს როგორც საცხოვრებელ ბინებსა და სახლებზე, ისე კომერციულ პროექტებზე – სასტუმროებზე, ოფისებსა და სხვა ტიპის სივრცეებზე.
ამბობენ, რომ სწორედ ამ მრავალფეროვნებაში ჩანს მათი მიდგომა – "თერმო ვესტის" დამზადებული ავეჯი ერთდროულად არის გამძლეც, ერთგულად ემსახურება მომხმარებელს და, რაც მთავარია, მრავალფეროვან ესთეტიკურ არჩევანს სთავაზობს დამკვეთს.
"ასეთ პროექტებში კარგად ჩანს ჩვენი ფილოსოფია – ავეჯი უნდა იყოს ფუნქციური, გამძლე და ესთეტიკურად შთამბეჭდავი. ჩვენი კარადები მარჯვენა ხელია ყველასთვის და უდიდესი კომფორტია მათთვის, ვისაც სჭირდება სანდო და ტევადი სივრცეები, რომელიც გამოსადეგია ნებისმიერ ამინდში", – განმარტავს ილია ქაჯაია.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა "თერმო ვესტის" პრიორიტეტია. კომპანია იყენებს უსაფრთხო, სერტიფიცირებულ მასალებს და საწარმოში მაქსიმალურად ამცირებს ნარჩენებს.
"ეს უკვე ჩვენი პირადი დამოკიდებულებისა და კულტურის ნაწილია", – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გიორგი.
რაც შეეხება მომავლის გეგმებს, "თერმო ვესტი" აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მოიცავს როგორც საწარმოო გაფართოებას, ისე მომხმარებლისთვის შოურუმის შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის თანამშრომლობას.
"ახლა ვფიქრობთ და დაწყებული გვაქვს მუშაობა გაფართოებაზე – ახალი, უფრო დიდი საწარმოს აშენებასა და შოურუმის გახსნაზე, სადაც უფრო ფართო ასორტიმენტს წარვადგენთ", – ამბობენ "თერმოვესტის" დამფუძნებლები.
ახალი საწარმოს დაგეგმვისა და შენების პროცესი დაწყებულია, ხოლო სტრატეგიის უდიდესი ნაწილი უკვე გაწერილია. იგეგმება არა მხოლოდ თერმომდგრადი კარადების დამზადება, არამედ სხვა უამრავი მიმართულების ათვისებაც.
"მიზანია, "თერმო ვესტი" გახდეს ბრენდი, რომელიც ცნობილია პროდუქტის ხარისხით, სანდოობითა და კომუნიკაციით", – ამბობენ კომპანიის დამფუძნებლები და ეს ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი უკვე რეალობად ქცევის გზაზეა.