ტავ ჯორჯია – ოცწლიანი ისტორიით მომავლის აეროპორტებისკენ ინტერვიუ თეა ზაქარაძესთან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარზე "ტავ ჯორჯიამ" ოპერირება დაიწყო. კომპანიამ პერიოდის განმავლობაში ააშენა და განავითარა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები და ამ დრომდე 230 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მაგრამ ეს 20 წელი მხოლოდ ციფრები არ არის – მთელი თაობაა... ის თაობა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აეროპორტების განვითარების ფონზე გაიზარდა და მის წინა თაობებზე მეტსაც მოგზაურობს...
დღეს, როცა ქვეყანაში სამი საერთაშორისო აეროპორტია, მოგზაურობაც უფრო მარტივია და საზღვრები და თვალსაწიერი ყველა თაობის ადამიანისთვის გაფართოვდა. შესაბამისად, საქართველოდან მეტი ადამიანი დაფრინავს. ბევრად მეტი, ათჯერ და კიდევ უფრო... თუ მაგალითისთვის 2005 წელს თბილისის აეროპორტს წლიურად 500 000-მდე მგზავრი ჰყავდა, წელს მმართველი კომპანია ვარაუდობს, რომ წლიური მგზავრთა ნაკადი 5,3 მილიონი იქნება. ეს ყველაფერი კი აეროპორტებში ხარისხიან სერვისს, შესაბამის ინფრასტრუქტურასა და გუნდის მხრიდან დიდ პროფესიონალიზმს საჭიროებს. სწორედ ამას აკეთებს "ტავ ჯორჯია". აშენებს, ავითარებს და მართავს ქვეყნის ორ საერთაშორისო კარიბჭეს.
"ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე 20 წელია ამ კომპანიაშია და მენეჯერულ პოზიციებზე აქვს გამოვლილი ყველა ის სირთულე, გამოწვევა და წარმატება, რასაც ამ კომპანიის საქართველოში ოპერირების ოცწლიანი ამბავი იტევს. დღეს ის ამ ორ ათწლეულს აფასებს, როგორც სწრაფი განვითარების პერიოდს ქართული ავიაციისთვის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს კი კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობად აქცევს იმ დიდ საქმეს, რაც საქართველოში 20 წლის წინ "ტავ ჯორჯიამ" აიღო საკუთარ თავზე. დღეს თეა ზაქარაძე ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტს მართავს.
"საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში ჩვენმა კომპანიამ შეძლო აეშენებინა და განევითარებინა ქვეყნის ორი საერთაშორისო კარიბჭე – თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და წარმოიდგინეთ, რამდენ წარმატებას და რამდენ გამოწვევას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი. დღეს, ამ გადმოსახედიდან, ძალიან საამაყოა, როცა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის შრომის ამხელა შედეგებს ვუყურებთ. დიახ, საამაყოა, რადგან TAV Airport-ის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიცია მხოლოდ ციფრები არ არის – ეს არის უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომა, მენეჯმენტის სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, მაღალი სტანდარტები, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ და, შესაბამისად, შედეგსაც მაღალი სტანდარტისას ვიღებთ. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობის გამოა ის, რომ დღეს, 20 წლის შემდეგ, ჩვენი საქმიანობის შედეგები ასეთი კონკრეტული და დათვლადია", – აცხადებს ის.
ამ 20 წლის განმავლობაში თვალსაჩინოდ გაიზარდა მგზავრების რაოდენობა. ამ მხრივ ძალიან წარმატებული მაგალითია ბათუმიც, რომლითაც 20 წლის წინ მხოლოდ 30 000 მგზავრი სარგებლობდა წლიურად და იყო დრო, როცა მხოლოდ ერთი ავიაკომპანია დაფრინავდა. წელს ისტორიული პრეცედენტი მოხდა და ბათუმში მგზავრთა რაოდენობა მილიონს გასცდა. წლის ბოლომდე კი, "ტავ ჯორჯიას" ვარაუდით, მგზავრების რაოდენობა 1,2 მილიონამდე გაიზრდება.
წარმატების ტენდენციაზე საუბრისას თეა ზაქარაძეს ვკითხეთ, თუ რას მიიჩნევს იმ მთავარ კომპონენტად ან პრიორიტეტად, რომელმაც ეს ყველაფერი განაპირობა.
"აქამდეც მითქვამს და განვმეორდები, რომ ავიაცია თავისუფლებისა და შესაძლებლობების სიმბოლოა, საერთაშორისო კარიბჭეები კი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საყრდენი. ამიტომაც არის მათი მართვა ასეთი მნიშვნელოვანი და მართლაც საამაყოა, რომ ამ მასშტაბებსა და ამხელა პასუხისმგებლობას წარმატებით გავართვით თავი და მეტიც, ყოველ ეტაპზე უფრო და უფრო ვავითარებდით ჩვენს შედეგებს. და რა არის ჩვენთვის აეროპორტი და რა პრიორიტეტებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომლებიც დღემდე მოვიტანეთ? ეს არის მაღალი ხარისხის სერვისი, კმაყოფილი მგზავრი და ბედნიერი თანამშრომელი... მე მინდა ჩვენს თანამშრომლებს, იმ 1 850 ადამიანს, რომელიც დღეს ჩვენს კომპანიაში მუშაობს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ეს კომპანია დღემდე მოიტანეს ამ სახით – განვითარებაზე ორიენტირებული, გამართული და ეფექტური. ამ 1 850 ადამიანს, დიდ წვლილთან ერთად, ყველას თავისი ამბავი და ისტორია აქვს... მათ შორის არიან ისეთები, ვინც უკვე 20 წელია ჩვენი გუნდის წევრია და ისეთებიც, ვინც კიდევ უფრო დიდი ხანი, ათეულობით წელია საქართველოს აეროპორტებში მუშაობენ – ამ უმნიშვნელოვანესმა პერიოდმა მთლიანად მათთან ერთად გაიარა, ფასდაუდებელია მათი წვლილი "ტავ ჯორჯიას" საქმიანობაში. არიან შედარებით ახლებიც, რომელთა გამოცდილება და ცოდნაც ასევე ძალიან ღირებულია ჩვენთვის. მათ შორის ახალგაზრდები, რომელთა თანამედროვე მიდგომები და ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლის აეროპორტის განვითარებისთვის", – გვითხრა თეა ზაქარაძემ.
რა იყო 20 წლის წინ?
2005 წელი იყო პერიოდი, როცა საქართველო 90-იანების კრიზისისა და რიგი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ ძალების აღდგენას ცდილობდა და, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. შესაბამისად, მას ჰაერივით სჭირდებოდა კავშირი მსოფლიოსთან – გამართული საერთაშორისო კარიბჭეების საშუალებით.
"ტავ ჯორჯიამ" 20 წლის დაიწყო ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც იმდროინდელი საქართველოსთვის საკმაოდ თამამი განაცხადი იყო. თბილისის ახალი ტერმინალის გახსნას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა მოჰყვა. შემდეგ კი მათი ეტაპობრივად გაფართოება და ინფრასტრუქტურული პროექტები... მოკლედ რომ შევაჯამოთ, 20 წლის წინ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყებას, რასაც კომპანია დღემდე აგრძელებს და ამმხრივ დიდი გეგმებიც აქვს, თუმცა ამაზე სტატიის ბოლოს...
20 წლის წინ თბილისში ამ მასშტაბური პროექტის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად TAV AIRPORTS-ისთვისაც, რადგან ეს ჰოლდინგის პირველი პროექტი იყო თურქეთის საზღვრებს გარეთ. დღეს უკვე TAV AIRPORTS-ის საკონტროლო პაკეტს ფრანგული საავიაციო გიგანტი, Groupe ADP ფლობს და ის მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე, 100-ზე მეტ აეროპორტშია წარმოდგენილი...
ფრენკ მერეიდე - TAV AIRPORTS-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი
თეა ზაქარაძე - "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი
სერქან კაპტანი - TAV Airports-ის პრეზიდენტი
ფრანგულმა Groupe ADP-მა TAV Airports-ის აქციები 2012 წელს შეიძინა, 2017 წელს კი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. როგორც თეა ზაქარაძე გვიამბობს, ამან კიდევ უფრო გაუხსნა გზა "ტავ ჯორჯიას" ინტერესებსა და გავლენებს საერთაშორისო ბაზარზე. "ამასთანავე, ეს იმის ნათელი დასტურია, რომ "ტავ ჯორჯია" არის კომპანია, რომელიც არა მხოლოდ მართავს ქვეყნის ორ საერთაშორისო კარიბჭეს, არამედ საქართველოს საავიაციო სექტორში ნერგავს ფრანგულ გამოცდილებას, ინოვაციასა და მაღალ ხარისხს", – ამბობს ის.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
რომ დავუფიქრდეთ, ეს ბოლო 20 წელი საქართველოსთვის ისტორიის რამდენიმე თავია – არა მხოლოდ ლოკალურ ან რეგიონულ, არამედ გლობალურ კონტექსტშიც. იყო ურთულესი პერიოდები, პირველ რიგში კი 2008 წლის აგვისტოს ომი – სულ რაღაც ერთი წლის თავზე "ტავ ჯორჯიას" მიერ აეროპორტების ახალი ტერმინალების გახსნიდან.
თეა ზაქარაძე იმ პერიოდსა და კომპანიის პოლიტიკას იხსენებს:
"ეს პერიოდი მთელი ქვეყნისთვის ურთულესი იყო და, ცხადია, კომპანიისთვისაც. თანაც იმ კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის ორ სტრატეგიულ ობიექტს მართავს. სიამაყით ვიხსენებ, რომ მიუხედავად სამხედრო ესკლაციისა და ღია შეტაკებებისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მაშინ არ გაჩერებულა. ომის პიკშიც კი, თბილისის აეროპორტი რეისებს იღებდა და უშვებდა, რაც მაშინ აუცილებელი იყო ჰუმანიტარული ტვირთების, დიპლომატიური ვიზიტებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ევაკუაციის თვალსაზრისით. თავისთავად ცხადია, რომ იმ პერიოდში აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, მაგრამ "ტავ ჯორჯიამ" მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა საოპერაციო პროცესები. მაშინ ბევრმა ავიაკომპანიამ დროებით შეაჩერა ფრენები, თუმცა მაინც სრულდებოდა რეისები თურქეთთან, უკრაინასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან – რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირის შესანარჩუნებლად. სწორედ ჩვენს მართვაში არსებული ქვეყნის მთავარი კარიბჭის გავლით შემოვიდა მაშინ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთები, მედიკამენტები, სურსათი და სხვადასხვა სახის დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. აეროპორტი იმ მძიმე დღეებში იყო ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური კვანძი, რომელიც პრინციპში უალტერნატივოც იყო, ვინაიდან დანარჩენი სტრუქტურები, გარემოებებიდან გამომდინარე, შეფერხებით მუშაობდნენ – ეს ლოგიკურიცაა... მაშინ "ტავ ჯორჯიას" პროფესიონალმა თანამშრომლებმა და კომპანიის გეგმაზომიერმა მოქმედებამ შესაძლებელი გახადა სტაბილურობის შენარჩუნება ყველაზე არასტაბილურ პერიოდშიც კი".
ყველაფერი მოხდა ამ 20 წელში... იმდენი რამ, რომ შესაძლოა ასწლეულშიც ვერ მოხდეს. ამ პერიოდმა დაიტია მსოფლიო პანდემიაც და სწორედ ავიაცია იყო ის უმთავრესი სფერო, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე მეტად დაარტყა. ცხადია, ეს ურთულესი პერიოდი უნდა ყოფილიყო კომპანიისთვის, რომელიც საქართველოში ორ საერთაშორისო კარიბჭეს მართავს. აბა, სხვანაირად როგორ? თეა ზაქარაძე გვიამბობს, რომ ეს მძიმე თავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კომპანიის საქმიანობაში, რადგან მათ შეძლეს ამ უძრაობის პერიოდში მოძრაობა და განვითარება. ანუ, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, უწყვეტი ოპერირება და ინფრასტრუქტურის გაფართოება...
თეა ზაქარაძე იხსენებს:
"ტავ ჯორჯიამ" მოახერხა უწყვეტი ოპერირება, თანამშრომელთა დაცვა და მგზავრების უსაფრთხოების პრიორიტეტად ქცევა – ეს ყველაფერი კი უმკაცრესი საერთაშორისო რეგულაციების დაცვით ხდებოდა. კრიზისის გონივრული მართვა დავიწყეთ პანდემიის პირველივე დღეებიდან, როცა რეგულარული ავიამიმოსვლა შეიზღუდა და ქვეყანამ ჩაკეტა საჰაერო საზღვრები... ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სრულად არ ჩაკეტილა – ჩვენ განვაგრძობდით ფუნქციონირებას და სპეციალური, სარეპატრიაციო, ჩარტერული და სამედიცინო-ჰუმანიტარული რეისების მიღებას. თბილისის აეროპორტი აქტიურად ემსახურებოდა საერთაშორისო სატვირთო რეისებს, რომელთა მოცულობაც მაშინ საგრძნობლად გაიზარდა. თითქმის იგივე იყო ბათუმშიც... რეგულარული ფრენები შეჩერდა, თუმცა ჩარტერული და სპეციალური რეისები არ წყდებოდა. და, რაც ყველაზე მთავარია, ბათუმის აეროპორტში ჩვენ პანდემიის პერიოდი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად გამოვიყენეთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომის ნათელი მაგალითი იყო. რომ შევაჯამოთ – პანდემიის პერიოდში "ტავ ჯორჯიამ" სწორი მენეჯმენტით მოახერხა ორივე აეროპორტში შეენარჩუნებინა მისთვის ყველაზე მეტად ღირებული საკადრო რესურსი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიმცირებია კადრები, პირიქით – განვაგრძეთ მათი ანაზღაურების ზრდა".
ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
გენერალური მენეჯერი ასევე იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდში კომპანია შეუფერხებლად იხდიდა საბიუჯეტო გადასახადებს, რაც იმ რთულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსთვის. შემდეგ კი პანდემია დასრულდა... თბილისისა და ბათუმის აეროპორტებმა სრულფასოვნად აღიდგინეს თავი და ფაქტია, რომ უფრო დიდი ძალებით, ვიდრე მანამდე. ეს ციფრებშიც ჩანს.
ამ 20 წლის შეჯამებისას და ზოგადად, "ტავ ჯორჯიაზე" საუბრისას, კომპანიის მმართველი ყველაზე ხშირად საკადრო რესურსს ახსენებს. ამბობს, რომ ამ წლების ყველაზე დიდ მონაპოვრად სწორედ კადრები მიაჩნია. ის რესურსი, რომელიც საქართველოში "ტავ ჯორჯიამ" გააჩინა და განავითარა, ვინაიდან 20 წლის წინ საქართველოში ავიაციის სფეროს პროფესიონალი კადრების არც რესურსი არსებობდა და პრინციპში – არც მისი საჭიროება...
"დღეს "ტავ ჯორჯია" ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს საავიაციო ბაზარზე და ეს ორი ათწლეული ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ. დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრები, 20 წლის წინ კი საავიაციო ბაზარი დასაქმების პერსპექტივებს საერთოდ ვერ ქმნიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულების განვითარება ქვეყაში, პირველ რიგში, სწორედ "ტავ ჯორჯიას" დამსახსურებაა. ჩვენს გუნდში დღეს 1 850-ზე მეტი თანამშრომელია. წარმოიდგინეთ, რამხელა საკადრო რესურსზეა საუბარი. ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ ქართულ ავიაციას ბევრი პროფესიონალი გაუზარდა. მგონია, რომ ამაზე ღირებული ჩვენს საქმიანობაში მართლაც არაფერია... შესაბამისად, არ ვჩერდებით! მუდმივად ვმუშაობთ საკადრო რესურსის შექმნაზე, განვითარებაზე, ქართული ავიაციისთვის პროფესიონალების მომზადებაზე. ვაფინანსებთ ახალი თაობის, სტუდენტების განათლებას და ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, ჩვენს აეროპორტებში სტაჟირება გაიარონ და შემდგომში დასაქმდნენ... ეს არის ენთუზიაზმით სავსე თაობა, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს და, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ყველა პირობას ვუქმნით განვითარებისთვის. უნივერსიტეტებთან წლებია ამ კუთხით ვთანამშრომლობთ. მართლა არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ხელი შეუწყო ახალ თაობას და გზა გაუკვალო ისეთ რთულ დარგში, როგორიც ავიაციაა... მე ამის თავიდანვე მჯეროდა და შედეგიც სახეზეა", – გვიამბობს თეა ზაქარაძე, "ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი.
20-წლიანი ისტორია არ არის პატარა ამბავი და კომპანიას უკვე უდიდესი რესურსები და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ამ წლების განმავლობაში ნაკეთები საქმე უფრო მეტად განავითაროს და კრიზისების დროს მიღებული გაკვეთილებით კიდევ უფრო ეფექტიანად მართოს ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტი.
დაბოლოს გეგმებზე...
"ტავ ჯორჯია" სახელმწიფოს დამატებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას სთავაზობს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარებისთვის. ეს თანხა აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას უნდა მოხმარდეს, რადგან სახელმწიფო უკვე იმ ეტაპზეა, როცა ქვეყნის მთავარი საერთაშორისო კარიბჭე შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს და მგზავრთა ნაკადის ზრდის ფონზე, ოპერირების მაღალი სტანდარტისა და ხარისხის შესანარჩუნებლად ინფრასტრუქტურის განვითარება ხდება საჭირო.
"ტავ ჯორჯია" უკვე მუშაობს თბილისის აეროპორტის გაფართოება-განვითარების პროექტზე და, ამავდროულად, საქმე წინ მიდის ბათუმშიც. ზღვისპირა ქალაქში ფრენებზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია მუდმივად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც სულ მალე ბათუმის აეროპორტსაც მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს იმ რაოდენობის მგზავრი, ჯერ რომ ვერავის წარმოედგინა. პრინციპში, ბათუმში ეს უკვე ასეც არის. "ტავ ჯორჯიას" მართვაში არსებულ ამ საერთაშორისო კარიბჭეზე ავიაკომპანიების მხრიდან მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და წლიური ნაკადი წელს პირველად გადასცდა მილიონს.
ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ფეხდაფეხ მისდევენ XXI საუკუნის გამოწვევებს. ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული ტრანსფორმაცია "ტავ ჯორჯიასთვის" პრიორიტეტულია. კომპანია ცდილობს უპასუხოს დროს და ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ჩართოს საქმეში, როგორც მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, ასევე ოპერირების მოქნილობის გასაუმჯობესებლად. ხელოვნურ ინტელექტთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები მალე პირადადაც იქნებიან შემხებლობაში. ორი საინფორმაციო ჰუმანოიდი რობოტი, TG1 და TG2 უკვე აქტიურად ემზადება სარეგისტრაციო სივრცეში მგზავრებთან საკონტაქტოდ.