სამეცნიერო საქმიანობა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა - რადიოლოგიის რეზიდენტი ნიკა კაპანაძე თავის გამოცდილებაზე საქართველოსა და ამერიკაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნიკა კაპანაძე ახალგაზრდა რადიოლოგიის რეზიდენტია, რომელმაც გამოცდილება სამეცნიერო მიმართულებით საქართველოში და ამერიკაში მიიღო. მისი მთავარი ფოკუსია ლექციების ჩატარება, სამეცნიერო საქმიანობა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.

აღნიშნულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ნიკა კაპანაძემ Entrepreneur-თან ისაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი გზა სამედიცინო სფეროში?

ყველაფერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც მივხვდი, რომ მედიცინა ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ცხოვრების გზა იყო. განსაკუთრებით გამიტაცა რადიოლოგიამ – სფერომ, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიას, მეცნიერებასა და პაციენტზე ზრუნვას.

პროფესიული თვალსაზრისით, რა სახის გამოცდილება მიიღეთ ამერიკაში?

ძალიან მნიშვნელოვანი იყო Emory University Hospital-ში კლერკშიფი, სადაც ნეირორადიოლოგიასა და ინტერვენციულ რადიოლოგიას შევეხე. ასევე ჩიკაგოში Curewell Medical Center-ში მქონდა ინტერნისტიკის კლერკშიფი. ამ გამოცდილებებმა მასწავლა, როგორ შეიძლება ერთდროულად იყო ტექნოლოგიურად ზუსტი და ადამიანურად მგრძნობიარე.

რას მოიცავს თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა საქართველოში?

ამჟამად "ავერსის კლინიკაში" რადიოლოგიის რეზიდენტი და MRI ტექნოლოგი ვარ. პარალელურად, უნივერსიტეტებში ვკითხულობ ჰისტოლოგიასა და ბიოქიმიას. სტუდენტებთან მუშაობა ჩემთვის ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც პაციენტებთან.

რადილოგიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, თქვენი საქმიანობის რა მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფდით?


მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც "ავერსის კლინიკის" რადიოლოგიის დეპარტამენტში Radium AI-ს დანერგვაში მონაწილეობდა. ეს სისტემა ეხმარება ექიმებს დასკვნების შედგენაში – მან ტექსტის ფორმირება მნიშვნელოვნად დააჩქარა და საბოლოო ჯამში, სისწრაფე 70%-ით გაიზარდა.

თქვენი სამეცნიერო მიღწევებიდან რომელს გამოარჩევდით?

ყველაზე გამორჩეული მულტიპლური სკლეროზის MRI შემთხვევის პრეზენტაცია იყო, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა რეზიდენტთა კონფერენციაზე. გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ოქსიდაციური სტრესისა და დაბერების თემა, ასევე ინფექციური დაავადებების რადიოლოგიური გამოვლინებების კვლევა.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები პროფესიულ ჭრილში?

ჩემი მიზანია, გავაგრძელო გზა ამერიკაში რადიოლოგიის ალტერნატიული პროგრამით. მინდა, რომ საქართველო და აშშ ერთმანეთს გამოცდილებით დავუკავშირო. რადიოლოგია არის სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება და მეც მინდა ვიყო ამ განვითარების ნაწილი.

რა შეგიძლიათ თქვათ RSNA-ს წევრობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენი პროფესიული წინსვლისთვის?


RSNA (Radiological Society of North America)-ს წევრი ვარ 2022 წლიდან, ხოლო 2023 წლიდან ყოველ წელს კონფერენციაზეც დავდივარ. ეს არის უდიდესი პლატფორმა, სადაც რადიოლოგიის ყველა ახალი ინოვაცია და კვლევა იკრიბება. იქ მონაწილეობა მაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვიყო საქმის კურსში და ჩემს პრაქტიკაშიც შემოვიტანო ახალი სტანდარტები.