QA Impact 2025 ქართული სტარტაპებისთვის ხარისხიან და თანამედროვე გამოწვევების შესაბამის გარემოს ქმნის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GenofIT-ის ახალი ინიციატივა – QA Impact 2025 – განათლებასა და ქართულ სტარტაპებს აერთიანებს. ასობით ახალბედა ტესტერი რეალურ პროექტებზე მუშაობს, პრაქტიკულ გამოცდილებას იღებს და, ამავდროულად, სტარტაპებს პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

კომპანიის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო მიზნების შესახებ Entrepreneur GenofIT-ის დამფუძნებელს, თაკო პაიჭაძეს ესაუბრა.

გვიამბეთ თქვენი წამოწყების შესახებ, რას გულისხმობს ეს ყველაფერი და როგორ გაჩნდა იდეა?

იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 500 ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ მივეცით საშუალება, ესწავლათ მანუალური ტესტირება. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა: სტუდენტებს სჭირდებათ რეალური პრაქტიკა, ხოლო სტარტაპებს – ტესტირება, რომ მათი იდეები ხარისხიან პროდუქტებად იქცეს. ასე ჩამოყალიბდა QA Impact 2025 როგორც ინიციატივა, სადაც განათლება და ბიზნესი ერთად ქმნის ახალ ღირებულებას ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

თქვენ თავად რა პროფესიის ბრძანდებით და როგორ უკავშირდება ეს წამოწყება თქვენს კარიერულ გამოცდილებას?

ჩემი ძირითადი პროფესიული განათლება არის ბიზნესი და კორპორაციული კომუნიკაციები. პროფესიულ საქმიანობაში ყოველთვის ფოკუსირებული ვიყავი მენეჯმენტსა და სტრატეგიულ ხელმძღვანელობაზე. ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ინიციატივების წარმატება ეფუძნება სწორ დაგეგმვასა და ხარისხზე მუდმივ ყურადღებას. სწორედ ამ მენეჯმენტურმა ხედვამ და ტესტირების პროცესების ცოდნამ შექმნა საფუძველი QA Impact 2025-ისთვის – ინიციატივისთვის, რომელიც ცოდნას აქცევს გამოცდილებად და ენთუზიაზმს რეალურ შედეგად.

რა იყო პირველი ნაბიჯები, რომელიც გადადგით და რა სირთულეების გადალახვამ მოგიწიათ?

თავიდანვე ვიცოდი, რომ მხოლოდ თეორია საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ GenofIT-ში სწავლება პრაქტიკაზე დავაფუძნეთ. შევქმენით კურსები, სადაც თეორია მხოლოდ საწყისი ეტაპია, ხოლო მთავარი აქცენტი კეთდება რეალურ დავალებებსა და პროექტებზე. ყველაზე დიდი სირთულე კი იყო ის, რომ საქართველოში ტესტირების კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ამიტომ საჭირო გახდა არა მხოლოდ სწავლება, არამედ ცნობიერების ამაღლებაც – როგორც მომავალი ტესტერებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხს და ტესტირებას როგორც კომპანიებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი არის კომპანიის სანდოობისა და წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. ერთი შეცდომაც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა დაკარგოს ნდობა და კომპანიამ – ფინანსები და რეპუტაცია.
ტესტირება სწორედ ამ რისკების პრევენციაა: კომპანიებისთვის ის ნიშნავს დანაკარგების შემცირებას და ბრენდის დაცვას, ხოლო მომხმარებლებისთვის – უსაფრთხოებასა და სასიამოვნო გამოცდილებას.

რა უნიკალურ და ახლებურ გამოცდილებას სთავაზობთ საქართველოს ბაზარს და რა დადებით ცვლილებებს გამოიწვევს ეს?

QA Impact 2025 აკავშირებს ორ მხარეს: ადამიანებს, რომლებიც ეძებენ რეალურ გამოცდილებას, და სტარტაპებს, რომელთაც სჭირდებათ ტესტირება, მაგრამ რესურსების სიმცირის გამო ხშირად ვერ ახერხებენ. ეს არის პირველი მასშტაბური ინიციატივა საქართველოში, სადაც ტესტირება ამ ფორმით სტარტაპების მხარდასაჭერად ტარდება.

ამ პროცესში ორივე მხარე სარგებელს იღებს – მონაწილეები პრაქტიკას და პორტფოლიოს ქმნიან, სტარტაპები კი უკეთეს და უფრო სანდო პროდუქტს იღებენ.
ეს ქმნის რეალურ ცვლილებას: მეტ ქართულ სტარტაპს ეძლევა შანსი, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტით გავიდეს, რაც ქვეყნის ტექნოლოგიურ გარემოს აძლიერებს და მის განვითარებას უწყობს ხელს.

როგორია დღევანდელი სტარტაპ გარემო საქართველოში და რა ცვლილებებია საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფის განვითარებისთვის?

საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად იზრდება – ჩნდება ბევრი საინტერესო იდეა და მოტივირებული გუნდი. თუმცა მთავარი სირთულე კვლავ ფინანსებსა და რესურსებს უკავშირდება. ბევრი სტარტაპი აცნობიერებს, რომ ტესტირება აუცილებელია, მაგრამ ამისთვის ბიუჯეტი არ აქვთ და პროდუქტს ხშირად დაუტესტავად უშვებენ. QA Impact 2025 ამ პრობლემას პასუხობს: ის სრულიად უფასოდ აძლევს სტარტაპებს შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი ტესტირების შედეგი, ხოლო მონაწილეებს – რეალური პრაქტიკული გამოცდილება.
ეკოსისტემის გასაძლიერებლად იდეების დაფინანსებასთან ერთად საჭიროა პროდუქტის ხარისხზეც მეტი ყურადღების გამახვილება, რათა ქართული სტარტაპები ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გაძლიერდნენ და შემდეგ ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს შედეგი, რომელსაც ეს პროექტი საქართველოს მოუტანს?

ჩვენი მიზანია, რომ QA Impact 2025 არ დარჩეს ერთჯერად ინიციატივად და იქცეს გრძელვადიან პროგრამად, რომელიც ყოველწლიურად მოიცავს ასობით სტუდენტს და ათობით სტარტაპს. გრძელვადიან პერსპექტივაში QA Impact 2025-ს შეუძლია ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში დაამკვიდროს ახალი კულტურა – სადაც იდეები ქაღალდზე არ დარჩება, არამედ გადაიქცევა ხარისხიან პროდუქტად. ეს სტარტაპებს მისცემს სწორ საწყისს, მომხმარებლებს კი უფრო სანდო და უსაფრთხო სერვისს.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და გამოწვევა საქართველოში?

ჩვენი მიზანი და გამოწვევა ერთი სიტყვით შეიძლება შევაჯამოთ – გარდაქმნა: ტესტირება უნდა იქცეს ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ბუნებრივ სტანდარტად და ბიზნესის აუცილებელ ნაწილად.
ტესტირება არის სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის კონკურენტუნარიანობას – დღევანდელ სამყაროში, სადაც უამრავი ალტერნატივაა, ხარისხი წყვეტს, ვის ენდობა მომხმარებელი ხვალ!