KONEKO – კავშირი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
KONEKO – ქართული მობილური აპლიკაცია მოგზაურებს აძლევს საშუალებას, უმარტივესად დააყენონ ელექტრონული სიმბარათი (eSIM) და მიიღონ სწრაფი ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ კეკელიძე ამბობს, რომ "კონეკოს" შექმნის იდეა მათი საკუთარი გამოცდილებიდან გაჩნდა, ვინაიდან ხშირად უწევდათ მოგზაურობა და აწყდებოდნენ სირთულეებს სიმ ბარათის ყიდვასთან, ინტერნეტის გააქტიურებასა და ზედმეტი ხარჯების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით. KONEKO-ს თანამშრომლებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ საქართველოდან მოგზაურობის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მოგზაურებისთვის კი ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას ძვირი ან არასტაბილური ინტერნეტი წარმოადგენს.
"ტრადიციულ როუმინგს ბევრად მაღალი ფასი აქვს, ხოლო საზღვარგარეთ ყოფნისას ადგილობრივი SIM ბარათის შეძენა დროულად ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ბაზარზე შემოგვეტანა სრულიად ახალი გამოცდილება – მარტივი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სამოგზაურო ინტერნეტი", – ამბობს ნიკოლოზ კეკელიძე.
კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე eSIM ტექნოლოგია ჯერ კიდევ ახალია და ბევრი მომხმარებლისთვის უცნობი, ხოლო ასეთ დროს ინოვაციური პროდუქტის შეთავაზება ყოველთვის დაკავშირებულია რისკებთან – უწევთ მომხმარებლისთვის ახსნა, რატომ არის ეს სერვისი უფრო მარტივი და მოგებიანი, ვიდრე ტრადიციული სიმ ბარათი ან როუმინგი.
"დამატებითი პასუხისმგებლობაა ბაზარზე კონკურენტული კომპანიების არსებობა. თუმცა კონკურენცია სასიამოვნო გამოწვევაცაა – მომხმარებელს უნდა დავანახვოთ ჩვენი უპირატესობები: ყველაზე მარტივი ინტერფეისი და ინსტალაციის პროცესი, ხელმისაწვდომი ფასები და 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა. ჩვენთვის ეს გამოწვევა ამავდროულად მოტივაციაც არის, რადგან გვჯერა, რომ გლობალური ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ყველა ქართველ მოგზაურს სჭირდება დასვენებისა თუ საქმიანი ვიზიტების დროს. გავბედეთ, რადგან ვიცით, რომ ვქმნით ქართულ ბრენდს, რომელიც საერთაშორისო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს", – ამბობს ის.
კომპანიის შექმნის პროცესში ერთ-ერთი მთავარი სირთულე მარტივი აპლიკაციის შექმნა იყო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გააქტიურებდა ინტერნეტს.
"ჩვენი დეველოპერების გუნდი ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა. ამასთან, მინიმალური რესურსებით გვიწევდა ყველაფრის შექმნა: მობილური და ვებაპლიკაციის, მომხმარებლის მხარდაჭერის სისტემის გამართვა და მარკეტინგული კამპანიის წარმოება. მიუხედავად ამისა, დავამტკიცეთ, რომ სწორი ხედვითა და გუნდის ერთიანობით შესაძლებელია იმაზე მეტის მიღწევა, ვიდრე თავიდან წარმოგვედგინა", – ამბობს ნიკოლოზ კეკელიძე.
ის აღნიშნავს, რომ დიდი მოტივაციის წყაროა იმის გაცნობიერება, რომ შესაძლებელია ქართული კომპანია ღირსეულ კონკურენციას უწევდეს საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტებს, ზოგ შემთხვევაში კი, სთავაზობდეს ბევრად უფრო მარტივ და ხელმისაწვდომ სერვისებს. ინსპირაციის ერთ-ერთი წყარო კი მომხმარებლების დადებითი უკუკავშირია იმის შესახებ, თუ რამდენად სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილება აქვს Koneko-ს ინტერნეტთან ერთად.
ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი მიზანი მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მათი გამოცდილების მუდმივი გაუმჯობესებაა. უახლოეს 1 წლის განმავლობაში KONEKO-ს ორი მთავარი მიზანი აქვს: არსებული სერვისის დახვეწა და ფუნქციური გაფართოება – კომპანია მუშაობს, რომ აპლიკაცია ფუნქციურად უფრო მრავალფეროვანი გახდეს, თუმცა კვლავ მარტივი და ინტუიციური დარჩეს; აქტიური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა ქართულ ბაზარზე – კომპანიის სამიზნე აუდიტორია ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჯერ არასდროს უსარგებლიათ მსგავსი სერვისით, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის სერვისის სწორად გაცნობა და ხელმისაწვდომი და საიმედო ინტერნეტის გამოცდილების შეთავაზება.
"ვგეგმავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას. ეს გულისხმობს აპლიკაციის თარგმნასა და მორგებას სხვადასხვა ენაზე იმისთვის, რომ KONEKO-მ საერთაშორისო მომხმარებლებსაც შესთავაზოს იმავე მაღალი ხარისხის მომსახურება, რასაც ქართულ ბაზარზე ვაკეთებთ. საბოლოო ჯამში, მიზანი ის არის, რომ KONEKO გახდეს წამყვანი სამოგზაურო ინტერნეტის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებისთვის მარტივ, ხელმისაწვდომ და ხარისხიან გამოცდილებას უზრუნველყოფს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე", – ამბობს კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ კეკელიძე.