Javic – მარტივი და თანამედროვე გზა ავტომობილის ისტორიის შესამოწმებლად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალი კომპანია Javic მომხმარებელს გამარტივებულ გზას სთავაზობს ავტომობილის ისტორიის შესამოწმებლად, რაც თვისობრივად ცვლის ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის არსებულ პრაქტიკას.
კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ვატო ფაჩულია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ეს სექტორი წლების განმავლობაში საგარეო ვაჭრობის ლიდერია და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, გათანამედროვების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. მისი თქმით, მათი პროდუქტის მიზანია, ერთი მხრივ, მომხმარებლის უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ – დროისა და ფინანსების დაზოგვა. შედეგად ავტომობილის შეძენის პროცესში მყიდველი ბევრად უფრო ინფორმირებული იქნება, ვიდრე აქამდე.
"საქართველო, საკუთარი ავტომობილების წარმოების გარეშე, უკვე იქცა რეგიონულ ჰაბად, სადაც ავტომობილის იმპორტი და რეექსპორტი მეზობელ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქმიანობაა. ეს სექტორი ათასობით ადამიანს ასაქმებს იმპორტში, ექსპორტში, ნაწილების გაყიდვასა თუ ავტოსერვისებში. ფაქტობრივად, ეს უზარმაზარი ეკონომიკური ჯაჭვია. იმპორტირებული ავტომობილების 84%-ზე მეტი აშშ-დან შემოდის. ასეთ დისტანციაზე ავტომობილის შეძენას თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, ამიტომ იქცა სტანდარტად მისი ისტორიის შემოწმება. აშშ-ში, პრაქტიკულად, ნებისმიერი ავტომობილის ისტორიის დეტალური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია, რაც სრულ სურათს აჩვენებს მყიდველს.
ჩვენი მიზანია, ანალოგიური სერვისი შევქმნათ საქართველოსა და მთლიანად რეგიონში – ავარიული შემთხვევების, მფლობელთა ცვლილებებისა და პერიოდული მომსახურების ისტორიის დაფიქსირებით. ეს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის პროცესს უფრო გამჭვირვალესა და სანდოს გახდის", – ამბობს ვატო ფაჩულია.
აპლიკაცია Javic დღეს უკვე IOS-სა და Android-ზე ხელმისაწვდომია, რომელიც მომხმარებელს გაუმარტივებს ავტომობილის ისტორიის შემოწმების პროცესს. გარდა ამისა, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია ამერიკის ისტორიის შემოწმება სრულიად უფასოდ, Carfax-ის შეძენა, ჯარიმების გადახდა და სხვა მნიშვნელოვანი სერვისები, რაც ყველა ავტომფლობელის ყოველდღიური საჭიროებაა.
კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა იმ სფეროში ახალი პროდუქტის შექმნაა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ პრაქტიკებს ეყრდნობა. მისი თქმით, თავდაპირველად სკეპტიციზმი დიდი იყო და ბევრს უჭირდა იმის დაჯერება, რომ საქართველოში სანდო პლატფორმის შექმნა შესაძლებელი იყო. არც ტექნიკური მხარე აღმოჩნდა მარტივი: მონაცემების სხვადასხვა წყაროდან ინტეგრაცია, მათ გადამოწმება და ერთიან სისტემაში მოქცევა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.
"სწორედ ამ სირთულეებმა გვიბიძგა ინოვაციებისკენ. შევქმენით ტექნოლოგიური ალგორითმები, რომლებიც ინფორმაციის სიზუსტეს უზრუნველყოფს, რაშიც, თავის მხრივ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც დაგვეხმარა, სადაც შევძელით სილიკონ ველიდან მოწვეული მენტორების დარწმუნება ჩვენი პროდუქტის საჭიროებაში და თანადაფინანსების პროექტის გამარჯვებულებიც გავხდით. ეს ფაქტი საწყის ეტაპზე დიდად დაგვეხმარა", – აღნიშნა მან.
ვატო ფაჩულია ამბობს, რომ ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება და კონკრეტული პრობლემების მოგვარება დიდი ინსპირაციის წყაროა. მისი რწმენით, ნებისმიერი საქმის ქვაკუთხედია აკეთო ის, რაც სხვებისთვისაც სასარგებლოა და შენც გსიამოვნებს.
უახლოესი ერთი წლის გეგმის მთავარი ფოკუსი კომპანიისთვის საქართველოში მათი პროდუქტის პოპულარიზაცია და მომხმარებლებისთვის მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. კომპანიის დირექტორის თქმით, დიდი სურვილია, რომ ავტობაზარზე Javic ასოცირდებოდეს სანდოობასთან, გამჭვირვალობასა და თანამედროვე სტანდარტებთან.
"მომავალი წლიდან ვგეგმავთ რეგიონული ექსპანსიის დაწყებას. პირველ ეტაპზე აზერბაიჯანსა და სომხეთში შევალთ, შემდეგ კი ეტაპობრივად გავფართოვდებით სხვა მეზობელ ქვეყნებშიც. ჩვენი მიზანია, Javic გახდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ავტობაზრის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს და გააუმჯობესებს ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის პროცესს", – აცხადებს ვატო ფაჩულია, Javic-ის დირექტორი და თანადამფუძნებელი.