Georgian Objects – პლატფორმა, რომელიც ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ნამუშევრებს აერთიანებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Georgian Objects წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს და აცნობს საზოგადოებას ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორების ნამუშევრებს. პროფესიით არქტიტექტორსა და ინტერიერის დიზაინერ მარიამ წიკლაურს Georgian Object-ის დაარსების იდეა პროფესიული საჭიროებიდან გამომდინარე გაუჩნდა, რადგან საქართველოში არ არსებობდა მსგავსი პლატფორმა, სადაც ქართველი ხელოვანების ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნებოდა.

"ყოველთის ვფიქრობდი, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და არც ამ კუთხით ვართ გამონაკლისები, შესაბამისად, მსურდა შემექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ჯერ საქართველოსა და შემდეგ საზღვრებს გარეთ შევძლებდი მათი ნამუშევრების გატანას გამოფენებისა და სხვადასხვა შოურუმების დახმარებით. თავიდან დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მსგავსი რამის შექმნა, რადგან თავადაც არ მქონდა იმედი, რომ გაამართლებდა და ამდენ ნიჭიერ ადამიანს აღმოვაჩენდი. ხშირად მწერდნენ უცხო ადამიანებიც, რომ მადლიერები იყვნენ მსგავსი გვერდის აღმოჩენით. სწორედ მათი აქტიურობა, ნამუშევრების ხარისხი და კრეატივი გახდა ინსპირსაცია, დამეწყო ფიქრი სხვა გამოცდილებაზეც და სწორედ აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო ამბავიც. მინდოდა მაქსიმალურად კრეატიულად გადაწყვეტილ სივრცეებში მეჩვენებინა მათი ნამუშევრები და საზოგადოებისთვის გამეცნო, რამდენად ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენ გარშემო", – ამბობს მარიამ წიკლაური.

მიუხედავად იმისა, რომ მარიამს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ამის გაკეთების სურვილი, თავდაპირველად არ ჰყოფნიდა გამბედაობა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით გამწვავებულმა ვითარებამ, როდესაც დაიწყო გაფიცვები, დაიკეტა სახელოსნოები, ძალა შემატა – ეს იმ ბრძოლისთვის ძალა იყო, რომელმაც კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებისკენ უბიძგა.

"გადავწყვიტე, რომ ამ ფორმით ვიბრძოლებდი და დაკეტილი სახელოსნოებიდან გამოვიტანდი ყველა იმ ღირებულ ნაკეთობას, რომელიც თავის პატრონს ეძებდა. ასეც მოვიქეცი და პირველ ეტაპზე გადაწყდა კერამიკის გამოფენა ექსპონატად. რიგი მიზეზების გამო, ბევრმა შრომამ მომიწია მცირე დროში, თუმცა ვფიქრობ, რომ ღირდა. გამოფენა გაიმართა გალერეა We See Item-ში, სადაც ათამდე კერამიკოსი მონაწილეობდა. მათი ძირითადი ნაწილი გაიყიდა, რაც სტიმული აღმოჩნდა როგორც ჩემთვის, ისე მათთვის, რომ შემდეგ გამოფენაზეც მეფიქრა და ასეც მოხდა. შემდეგი გამოფენა მოეწყო უშუალოდ სანათურების, რომლის სივრცეც დამითმო ერთ-ერთმა ცნობილმა არქიტექტურულმა კომპანიამ, TTIM ARCHITECT-მა, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, ასეთი უანგარო და დროული ხელშეწყობისთვის, რადან, როდესაც რაღაც ახალს იწყებ, რთულია ასე მარტივად "დაგინახონ",– გვეუბნება იგი.

მარიამის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო დასაწყისი. საჭირო გახდა ხედვის შეცვლა – დიდი მიზნების ერთ მთლიან სურათად დანახვის ნაცვლად, მათ მცირე, კონკრეტულ ეტაპებად დაყოფა. სწორედ ამ მიდგომამ მისცა შესაძლებლობა, გამართულად დაეგეგმა პროცესები და შედეგიანი პროექტები შეექმნა, ხოლო ამ გამოცდილებამ კურატორობის მიმართულებით ახალი პროფესიული გზაც გაუხსნა.

"ინსპირაციას მაძლევენ თვითონ ავტორები – ადამიანები, რომლებიც მუდმივად ქმნიან და არ ჩერდებიან. პლატფორმა მათთვისაა შექმნილი, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გააცნონ. ეს ეხება არა მხოლოდ ცნობილ, არამედ დამწყებ დიზაინერებსაც. სწორედ ამიტომ დავაარსეთ კონკურსი LESS IS MORE (Less material, more design), რომელიც ხელს უწყობს ახალი ნიჭის გამოვლენას და ინოვაციური იდეების რეალიზებას", – აღნიშნავს მარიამი.

Georgian Object-ის შემქმნელი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება კონკურსის შედეგად შექმნილი დიზაინების კომერციალიზაცია, რაც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.

"ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ Georgian Objects ჩამოყალიბდეს წამყვან პლატფორმად, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ დიზაინს და მას საერთაშორისო ბაზარზე გაიტანს", – ამბობს მარიამ წიკლაური.