ბრიტანულ-ქართული აკადემია: ახალი მენეჯმენტი, გეგმები და განათლების ახალი სტანდარტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) დღეს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერია და წლიდან წლამდე კიდევ უფრო აძლიერებს საკუთარ პოზიციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. BGA-ის ახალი მენეჯმენტის მთავარი მიზანია არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე, არამედ ისეთი გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური მიღწევები და პიროვნული განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ჰოლისტურ ხედვაზე დგას აკადემიის მომდევნო ათწლეულის სტრატეგია.
"ბრიტანულ-ქართული აკადემიის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მომდევნო 5-10 წლის პერსპექტივას მოიცავს, ემყარება ჰოლისტურ საგანმანათლებლო მოდელს, სადაც აკადემიური სრულყოფილება სინთეზშია პიროვნულ განვითარებასთან. ჩვენი სტრატეგიის ქვაკუთხედს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა წარმოადგენს. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში ქმნის დინამიკურ, მუდმივად განვითარებად სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს , რომ ჩვენი აკადემია მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს და შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია განათლების სფეროში", – აღნიშნავს სალომე დანელია, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი.
BGA-ის განვითარებაში რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება თანაბრად პრიორიტეტულია: ხარისხიანი განათლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ინოვაციები. როგორც სკოლის ხელმძღვანელობა განმარტავს, ეს კომპონენტები განცალკევებულად ვერ იარსებებს – მათი სინერგია ქმნის საგანმანათლებლო სტანდარტს, რომელიც აკადემიას შესაძლებლობას აძლევს, თანაბრად პასუხობდეს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოწვევებს.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლების მაღალი ხარისხი შეუძლებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების გარეშე. სწორედ ამიტომ, აკადემიაში გვაქვს მრავალფეროვანი სივრცეები – სამეცნიერო ლაბორატორიები, რობოტიკის ცენტრი, სპორტული დარბაზები და სხვა გარემო, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, სრულად განავითარონ საკუთარი პოტენციალი. გვჯერა, რომ ასეთ გარემოში იზრდებიან პიროვნებები, რომლებიც თავად ხდებიან ინოვატორები", – აღნიშნავს სალომე დანელია Entrepreneur-თან ინტერვიუში.
BGA-ის სტრატეგიის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ აკადემია საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს ქართულ კონტექსტზე მორგებულად ავითარებს. სკოლის ფილოსოფია სწორედ ამ ბალანსში იკვეთება – გლობალური პერსპექტივა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად.
"ჩვენ მოსწავლეებს ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტის განათლებას, რომელშიც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ლოკალური და გლობალური ღირებულებები, რაც მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ არა მხოლოდ წარმატებული მოქალაქეები მსოფლიო მასშტაბით, არამედ, ამავე დროს, შეინარჩუნონ საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობა", – ამბობს ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი.

BGA-ის მთავარი ძალა – ახალი მენეჯმენტი და აკადემიური პერსონალი
ბრიტანულ-ქართული აკადემიის მთავარი ძალა, როგორც სალომე დანელია განმარტავს, სწორედ ადამიანებშია – მენეჯმენტის გუნდი და მასწავლებლები ერთიანად მუშაობენ მოსწავლეთა კეთილდღეობაზე და მათ დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან და აქტიურ მოქალაქეებად აღზრდაზე.
"მენეჯმენტი და აკადემიური პერსონალი გაერთიანებულია საერთო მისიის გარშემო. მენეჯმენტი განსაზღვრავს სტრატეგიას, ხედვას და ინოვაციური მიდგომებით ხელმძღვანელობს. ხოლო მასწავლებელი არის ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და კეთილდღეობას უდიდესი პასუხისმგებლობით უძღვება", – განმარტავს სალომე დანელია.
სკოლის მმართველობა ღია და გულწრფელ კომუნიკაციას ეფუძნება. თითოეული გადაწყვეტილება მასწავლებლებისგან მიღებულ რჩევებსა და უკუკავშირზე დგას, რაც თანამშრომლობის პროცესს პარტნიორულს და ნდობაზე დაფუძნებულს ხდის.
"ჩვენთვის აუცილებელია, რომ მასწავლებელი იყოს არა განსაზღვრული სტრატეგიის შემსრულებელი, არამედ აქტიური თანამონაწილე ყველა ეტაპზე. მისი აზრი და რეკომენდაცია გავლენას ახდენს სკოლის ყოველდღიური მართვის პროცესზე", – აღნიშნავს აკადემიის დირექტორი.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმატების საფუძველს წარმოადგენს მასწავლებლების მაღალი მოტივაცია და მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება. აკადემია აქტიურად უწყობს ხელს თავისუფალი და შემოქმედებითი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ინოვაციური იდეები განახორციელონ და შემოქმედებითი მიდგომები გამოავლინონ.
პროფესიული ზრდის მხარდასაჭერად სკოლა მასწავლებლებს სთავაზობს მრავალფეროვან შესაძლებლობას, მათ შორის საერთაშორისო ტრენინგებს, ვორქშოფებს და გამოცდილების აქტიურ გაზიარებას კოლეგებს შორის. ბრიტანულ-ქართული აკადემიის მასწავლებელთა უმრავლესობა გუნდის ერთგული და სტაბილური წევრია, თუმცა სკოლა მუდმივად ეძებს ახალ, მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან არა მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის, არამედ განათლების სფეროში რეალური ცვლილებების შეტანისთვის.
"ჩვენს თანამშრომლებს ვთავაზობთ არა მხოლოდ კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს, არამედ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მოქნილ სამუშაო გარემოსა და სტაბილურობას. ეს ჩვენს აკადემიას აქცევს საუკეთესო ადგილად მათთვის, ვინც ეძებს სივრცეს, სადაც შეიძლება რეალური ცვლილების შექმნა", – გვეუბნება აკადემიის დირექტორი.
აკადემიური პროგრამები და სწავლების ხარისხი BGA-ში
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მრავალფეროვნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სამ საგანმანათლებლო პროგრამას: კემბრიჯის საერთაშორისო, საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო (IB DP) და ქართულ პროგრამას. მოსწავლეები ბაღიდან საბაზო საფეხურამდე კემბრიჯის მოდელს ეცნობიან, რომელიც ქართულ საგნებთანაა შერწყმული, ხოლო დამამთავრებელ კლასებში არჩევანი უკვე მათ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებზეა დამოკიდებული.
საკლასო ოთახში დიფერენცირებული სწავლების მეთოდები ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვებმა პროგრამა საკუთარი ტემპითა და შესაძლებლობებით აითვისონ. მოსწავლეებს სკოლა ერთდროულად რთულ და შთამაგონებელ გამოწვევებს სთავაზობს, პარალელურად კი იქმნება მხარდამჭერი გარემო, რომელიც მათ უნარ-ჩვევების სრულ რეალიზებაში ეხმარება. ეს ბალანსი უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოსწავლე იყოს ჩართული, მოტივირებული და მზად საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

"ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ თავი იგრძნოს რეალიზებულად და ჩართულად. ამისთვის ვიყენებთ დიფერენცირებულ სწავლების მეთოდებს, ინდივიდუალურ გეგმებს, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დეპარტამენტის რესურსებს. სწორედ ეს ქმნის ტოლერანტულ გარემოს, სადაც ყველა ბავშვი გრძნობს, რომ მისი უნარები და შესაძლებლობები ფასდება", – ამბობს თემო ვაშაკიძე, დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მენეჯმენტისა და აკადემიური პერსონალის მიზანი მხოლოდ სწავლებას, ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. სკოლა მიზანმიმართულად ქმნის გარემოს, სადაც თითოეული მოსწავლის უნიკალური შესაძლებლობა და ინტერესები გათვალისწინებულია. ამისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ისე ფსიქოლოგების, სპეციალური საჭიროებების სპეციალისტების და უსაფრთხოების ოფიცრების ჩართულობა. ინკლუზიური განათლების პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა მოსწავლეებს აძლევს განცდას, რომ მათი ხმა და საჭიროებები თანაბრად ფასდება.
მარტინ კეონი, IB პროგრამის ხელმძღვანელი
ამ არჩევანში მოსწავლეთა ნაწილი IB DP საერთაშორისო პროგრამას ირჩევს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ფარგლებს გარეთ სწავლისკენ უხსნის მათ გზას. სხვები კი ქართულ მოდელს ანიჭებენ უპირატესობას, რაც მათ საშუალებას აძლევს, წარმატებით ჩააბარონ ეროვნული გამოცდები და განათლების მიღება საქართველოში განაგრძონ.
IB სადიპლომო პროგრამა განსაკუთრებით ძლიერი მიმართულებაა – ის მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნების სიღრმისეულ შესწავლას სთავაზობს, არამედ მათ აკადემიური წერის, კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარებითაც აღჭურავს. Extended Essay, Theory of Knowledge და Creativity, Action, Service – ეს ის სავალდებულო კომპონენტებია, რომლებიც თითოეულ მოსწავლეს უნივერსიტეტში სწავლისთვის ამზადებს.
"ჩვენი საგანმანათლებლო მოდელის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი გზა – იქნება ეს საერთაშორისო ბაკალავრიატი თუ ქართული პროგრამა. ორივე შემთხვევაში ის იძენს ისეთ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც გლობალურ სამყაროში წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას შეუწყობს ხელს", – აღნიშნავს სოფო ჟღენტი, აკადემიის დირექტორის მოადგილე და საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი.
თანამედროვე განათლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებაა. ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ეს საკითხი სასწავლო პროცესის უმნიშნელოვანესი ნაწილი და გეგმის ქვაკუთხედია. ბავშვები უკვე პატარა ასაკიდან სწავლობენ კითხვების დასმას, ანალიზსა და დასაბუთებულ მსჯელობას. სხვადასხვა საგნები – იქნება ეს სოციოლოგია, ეკონომიკა თუ ისტორია – მოსწავლეებს უვითარებს ანალიტიკურ აზროვნებას და აყალიბებს მათ აქტიურ მოქალაქეებად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლიდერობის უნარების გაძლიერებასაც. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და CAS კომპონენტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, თავად მართონ ინიციატივები – საქველმოქმედო ღონისძიებები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტები, დებატები და კონფერენციები.
"საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, რომ კურსდამთავრებულები იყვნენ არა მხოლოდ ძლიერი პროფესიონალები, არამედ აქტიური, გლობალური მოქალაქეები", – განმარტავს თემო ვაშაკიძე.
როგორია მშობლების როლი და ჩართულობა აკადემიის მართვის პროცესში?
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების ხარისხი მხოლოდ სასწავლო გეგმებსა და მასწავლებელთა პროფესიონალიზმს არ ეფუძნება. სკოლის განვითარების ხედვაში მშობელთა ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სასკოლო პროცესის მართვა. თითოეული საფეხურის დონეზე ჩამოყალიბებულია სისტემური კომუნიკაციის პლატფორმები, სადაც მშობლები მუდმივად იღებენ ინფორმაციას ბავშვების პროგრესისა და ყოველდღიური აქტივობების შესახებ.
მშობლები არა მხოლოდ დამკვირვებლები, არამედ აქტიური პარტნიორები არიან – მონაწილეობენ ღონისძიებებში, აზიარებენ საკუთარ შეფასებებს და ქმნიან უკუკავშირს, რომელიც სასკოლო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია. მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა უზრუნველყოფს ერთიან, შეთანხმებულ მიდგომას მოსწავლის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის.
"ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში გვწამს, რომ სასკოლო საზოგადოების ერთ-ერთი მამოძრავებელი კომპონენტი მშობლები და მათი ჩართულობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლებსა და სკოლას შორის თანამშრომლურ ურთიერთობას, რომელიც ეფუძნება აქტიურ კომუნიკაციას, ნდობასა და ერთიან ხედვას მოსწავლეთა განვითარების შესახებ. სკოლის ყველა საფეხურზე მოქმედებს სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლებიც აუმჯობესებს მშობლების ინფორმირებულობასა და ჩართულობას. საუკეთესო შედეგების მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მშობელი პროცესების აქტიური თანამონაწილეა", – ამბობს დადუნა დოლიძე, სასკოლო პროცესების მართვისა და მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მშობელთა უკუკავშირი განსაკუთრებით ფასეულია ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა აკადემიური პროგრამების შინაარსი, სასწავლო პროცესის მეთოდები, კლასგარეშე აქტივობები, უსაფრთხოება, ქცევის მართვა და კომუნიკაციის ხარისხი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით აკადემიის მენეჯმენტი იმუშავებს შესაბამის ინტერვენციებს, რათა თითოეული ნაბიჯი იყოს მოსწავლეების ინტერესებსა და კეთილდღეობაზე მორგებული.
"აკადემიაში უკვე დანერგილია მშობელთა კმაყოფილების რეგულარული კვლევების სისტემა. მიმდინარე სასწავლო წლიდან აღნიშნული მექანიზმები გახდება კიდევ უფრო მოქნილი და მიზანმიმართული, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავინახოთ მშობლების საჭიროებები, მოლოდინები და უკუკავშირი. მშობელთა უკუკავშირი ჩვენი სკოლის უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ყოველი გამოხმაურება საშუალებას გვაძლევს, მონაცემებზე დაყრდნობით დავგეგმოთ ცვლილებები, გამოვავლინოთ ძლიერი მხარეები და დავხვეწოთ ის სფეროები, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო", – აღნიშნავს დადუნა დოლიძე.
პროფესიული და პიროვნული გზის ძიებაში ხელშეწყობა
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მოსწავლეთა პროფესიული და პიროვნული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სკოლა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან გამოხატონ საკუთარი ინტერესები და ძლიერი მხარეები, რომლებიც შემდგომ საფეხურებზე უფრო მკაფიო მიმართულებას იძენს.
დაწყებით საფეხურზე პროგრამა ორიენტირებულია თვითგამოხატვისა და თავდაჯერებულობის განვითარებაზე – სხვადასხვა აქტივობისა და კრეატიული პროექტების საშუალებით ბავშვები თავისუფლად იკვლევენ თავიანთ ინტერესებს. საბაზისო საფეხურზე ეს ინტერესები იღებს პრაქტიკულ სახეს: მოსწავლეები ერთვებიან პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაში, კლუბებსა და კლასგარეშე ღონისძიებებში, ავითარებენ გუნდურ მუშაობასა და ლიდერულ უნარებს.
ლალი გელაშვილი, ქართული პროგრამის ხელმძღვანელი
უმაღლეს საფეხურზე განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსწავლეთა მომზადებას უნივერსიტეტში სწავლისა და კარიერული არჩევანისთვის. აკადემიაში მოქმედებს საუნივერსიტეტო მრჩეველთა დეპარტამენტი, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ მოსწავლესთან: ეხმარება უნივერსიტეტების შერჩევაში, განაცხადების მომზადებასა და კარიერული მიზნების დასახვაში.
პროფესიული ორიენტაციის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პრაქტიკას. სკოლა წლებია თანამშრომლობს Unifrog-თან – უნივერსალურ პლატფორმასთან, რომელიც მოსწავლეებს კითხვარებისა და ამომწურავი ინფორმაციის მეშვეობით სწორი პროფესიული მიმართულების შერჩევაში ეხმარება. გარდა ამისა, მოსწავლეები რეგულარულად მონაწილეობენ ვებინარებსა და კარიერულ გამოფენებში, ხვდებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და იღებენ რეალურ გამოცდილებას, რაც მათ გადაწყვეტილებებს უფრო გააზრებულსა და ინფორმირებულს ხდის.
"ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ იპოვოს საკუთარი გზა – იქნება ეს აკადემიური თუ პიროვნული. ამისთვის ვთავაზობთ მრავალსაფეხურიან მხარდაჭერას: დაწყებით კლასებში ვაძლევთ თვითგამოხატვის თავისუფლებას, საბაზისო საფეხურზე – პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო უფროს კლასებში – მრჩევლების მეშვეობით ვამზადებთ უნივერსიტეტისთვის. გვჯერა, რომ სკოლის პირველი ნაბიჯები სწორედ ის საფუძველია, რომელზეც მათი სამომავლო წარმატება შენდება", – ამბობს სალომე დანელია, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი.
საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური პერსპექტივა
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გლობალური შესაძლებლობებია. სკოლა წლებია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, უშუალოდ გაეცნონ მათ პროგრამებს, სტიპენდიებსა და აკადემიურ ცხოვრებას.
ყოველწლიურად BGA-ს კამპუსზე იმართება საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენა, სადაც 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მოსწავლეებსა და მშობლებს ხვდება.
გარდა ფიზიკური შეხვედრებისა, წელიწადში დაახლოებით 30 ვებინარი და შეხვედრა ტარდება ისეთი უნივერსიტეტების მონაწილეობით, როგორებიცაა King's College, Warwick, University of Cambridge, Bocconi, New York University და სხვები. ამ შეხვედრებში ჩართულნი არიან როგორც პროფესორები, ისე სტუდენტები, რაც მოსწავლეებს რეალური გამოცდილების მოსმენასა და გადაწყვეტილებების უფრო გააზრებულად მიღებაში უწყობს ხელს.
საერთაშორისო თანამშრომლობა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით არ შემოიფარგლება. აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს სპეციალურ ვებინარებს პერსონალური ესეს წერაზე, გასაუბრებისთვის მომზადებაზე და აპლიკაციის შევსების წესებზე. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები ხშირად ჩართულნი არიან სკოლის ღონისძიებების, მათ შორის TEDx-ის, მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმისა და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში. დამატებით, მოსწავლეებისთვის იქმნება ექსკლუზიური სტიპენდიების შესაძლებლობები – ფინანსური მხარდაჭერა, აპლიკაციის გადასახადისგან გათავისუფლება ან ნაწილობრივი დაფინანსება.
"მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ უშუალო კავშირი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ისეთ პრესტიჟულ სასწავლებლებში, როგორიცაა Ivy League-ის წევრი Brown University, ასევე King's College London და University of Bath (Russell Group), და ისეთ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Bocconi University. ეს არის სისტემური მუშაობის შედეგი, სადაც თითოეული ნაბიჯი მოსწავლეთა ინტერესებსა და მიზნებზეა მორგებული", – ამბობს სალომე დანელია, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი.
აკადემია აქტიურად თანამშრომლობს COBIS-თან (Council of British International Schools), რაც მას შესაძლებლობას აძლევს, იყოს ჩართული მსოფლიოს წამყვან ბრიტანულ საერთაშორისო სკოლების ქსელში. ეს პარტნიორობა აკადემიას აძლიერებს როგორც საგანმანათლებლო ხარისხის, ისე გლობალური ცნობადობის თვალსაზრისით.
COBIS-ის წევრობა ნიშნავს, რომ სკოლა იცავს ბრიტანული განათლების სისტემის უმაღლეს სტანდარტებს. აკრედიტაციის პროცესი ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებას, სწავლების მეთოდების დახვეწასა და პედაგოგებისთვის უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფას.
სწორედ ამ ქსელის საშუალებით, აკადემიის მასწავლებლები რეგულარულად მონაწილეობენ ტრენინგებში, ვებინარებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც განათლების უახლეს ტენდენციებს ეცნობიან – იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, ინკლუზიური განათლება თუ თანამედროვე სწავლების ინოვაციური მიდგომები.
"COBIS-თან პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ბრიტანული განათლების ხარისხი, ვიყოთ გლობალური ქსელის ნაწილი და მოსწავლეებს შევთავაზოთ ისეთივე სტანდარტები, რასაც მსოფლიოს წამყვან სკოლებში იღებენ", – აღნიშნავს სოფო ჟღენტი, აკადემიის დირექტორის მოადგილე და საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი.
საერთაშორისო კონკურსები და პროექტები
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სწავლება მხოლოდ კლასის ოთხ კედელში არ მიმდინარეობს. სკოლა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ ამ მიზნით, ყოველწლიურად ტარდება არაერთი კონკურსი, კონფერენცია და პროექტი, რომლებშიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ და ხშირად გამარჯვებასაც იმსახურებენ.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთ ინიციატივებს, როგორებიცაა მოსწავლეთა საერთაშორისო კვლევითი სიმპოზიუმი და TEDx Lisi Lake, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ საკუთარი კვლევებით, არამედ საჯარო გამოსვლის უნარებითაც გამოირჩევიან. წელს კი პირველად ჩატარდება CAUMUN – გაეროს მოდელირების კავკასიური ფორუმი, რომელსაც ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები ერთობლივად მართავენ.
ამასთან, სკოლა აქტიურად ახალისებს მოსწავლეთა მონაწილეობას გლობალურ პროექტებსა და შეჯიბრებებში – იქნება ეს STEM ოლიმპიადა, "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსი, Technovation Girls, World Robot Olympiad, International Olympiad in Artificial Intelligence, International Brain Bee Competition თუ New York Times-ის ესეების კონკურსი. აკადემიის მხრიდან მოსამზადებელი რესურსებითა და მენტორული მხარდაჭერით, მოსწავლეები იღებენ შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და საერთაშორისო აღიარება მოიპოვონ.
"აკადემიაში მოსწავლეებს სთავაზობენ მრავალფეროვან შესაძლებლობას, როგორიცაა საერთაშორისო დებატების კლუბებში მონაწილეობა, გაეროს მოდელირება, Duke of Edinburgh-ის საერთაშორისო ჯილდოს პროგრამა და სხვა საინტერესო პროეტები. გარდა ამისა, მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო ოლიმპიადებში STEM-სა და ეკონომიკაში. ეს აქტივობები ხელს უწყობს მათი კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და ლიდერული უნარების განვითარებას, გლობალური კავშირების დამყარებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მათი აკადემიური და პროფესიული გზის დაგეგმვას", – ამბობს სოფო ჟღენტი, აკადემიის დირქტორის მოადგილე და საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი.
აკადემიის კურსდამთავრებულთა წარმატება
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების ხარისხის ერთ-ერთი მთავარი საზომი კურსდამთავრებულთა შედეგებია. სკოლა ამაყობს იმით, რომ ყოველწლიურად საშუალოდ 90% მოსწავლეთა სწავლას აგრძელებს ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს სტატისტიკა არა მხოლოდ ციფრებს ასახავს – იგი არის სისტემური მუშაობის შედეგი, სადაც პროფესიული ორიენტაცია, საუნივერსიტეტო მრჩეველთა მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამშრომლობა ერთიან, ეფექტიან ეკოსისტემას ქმნის.
BGA-ის გამოცდილება აჩვენებს, რომ კურსდამთავრებულები სწავლას წარმატებით აგრძელებენ, მოიპოვებენ სტიპენდიებსა და დაფინანსებას, რის შედეგადაც ყოველწლიურად 80-84% მოსწავლე იღებს ნაწილობრივ ან სრულ ფინანსურ მხარდაჭერას, რაც მათ საშუალებას აძლევს, კონკურენტულ გარემოში სტაბილურად განაგრძონ განათლების მიღება. მხოლოდ 2025 წელს ამერიკის უნივერსიტეტებმა BGA-ის მოსწავლეებს ჯამში $3 642 000 სტიპენდია შესთავაზეს, ხოლო ევროპის უნივერსიტეტებისგან მიღებულმა დაფინანსებამ €211 350 შეადგინა.
ბოლო წლებში BGA-ის კურსდამთავრებულები წარმატებით ჩაირიცხნენ ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა Brown University, Carnegie Mellon University, University of British Columbia, King's College London, Queen Mary University of London, Stockholm School of Economics და ESCP Business School. ამას ემატება, რომ 2025 წლის კურსდამთავრებულებმა შეთავაზებები მიიღეს Ivy League-ის უნივერსიტეტებიდან, ბრიტანეთის Russell Group-ის სასწავლებლებიდან და ევროპის წამყვანი ბიზნესსკოლებიდან.
"ჩვენი მოსწავლეების შედეგები ადასტურებს, რომ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მიღებული განათლება უზრუნველყოფს მათ კონკურენტუნარიან მომზადებას გლობალურ დონეზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ კურსდამთავრებულთა უმეტესობა წარმატებით მოიპოვებს ნაწილობრივ ან სრულ დაფინანსებას და სწავლას განაგრძობს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა Cornell, Brown, Bocconi და Stockholm School of Economics, რაც ყველაზე მკაფიოდ ასახავს ჩვენი სკოლის წარმატებას", – აცხადებს დადუნა დოლიძე, სასკოლო პროცესების მართვისა და მოსწავლეთა მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კურსდამთავრებული სწავლას უცხოეთში აგრძელებს, ისინი ინარჩუნებენ სურვილს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. აკადემია რეგულარულად თანამშრომლობს კურსდამთავრებულებთან, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს უზიარებენ თავიან გამოცდილებას შეხვედრებისა თუ ვებინარების ფორმატში, რაც ეხმარება მომავალ თაობას, უკეთ გაიაზროს პროფესიული გზები და კარიერული შესაძლებლობები.
"ჩვენი კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან უნარებითა და ცოდნით, რაც მათ საშუალებას აძლევს, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ პროფესიულ სივრცეში წარმატებით ჩაერთონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში", – აღნიშნავს სოფო ჟღენტი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორის მოადგილე და საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი.
ინოვაციების დანერგვა და ტექნოლოგიები BGA-ში
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში თანამედროვე ტექნოლოგია არა მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, არამედ სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი. თითოეული საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ვიზუალური საშუალებებით, რაც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, გაკვეთილი უფრო ინტერაქტიული და თვალსაჩინო გახადონ.
"ჩვენთვის წარმოუდგენელია სწავლა ტექნოლოგიების გარეშე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური ლაბის საშუალებით მოსწავლეებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ ცოდნა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც გაიღრმავონ – მათთვის საინტერესო და სახალისო გზებით", – ამბობს თემო ვაშაკიძე, დაწყებითი საფეხურის ხელმძღვანელი.
ინოვაციების მიმართულებით სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას. BGA-ის ხედვა ასეთია: AI არ უნდა დარჩეს მხოლოდ ტექნიკური დახმარების ან მარტივი გზების პოვნის ინსტრუმენტად. მისმა სწორმა გამოყენებამ მოსწავლეებს უნდა ასწავლოს როგორც კრიტიკული და ეთიკური აზროვნება, ისე ინოვაციური მიდგომა და პრობლემების კრეატიული გადაწყვეტა.
"AI უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და განათლების სფერომაც უნდა ისწავლოს მისი სწორად გამოყენება. ჩვენ ვცდილობთ, მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ უნარი, გამოარჩიონ სანდო ინფორმაცია, გაიაზრონ ეთიკური ასპექტები და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, როგორც შემოქმედებითი პარტნიორი. ამ გზით ტექნოლოგია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებაშიც ეხმარება", – განმარტავს თემო ვაშაკიძე.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის საგრანტო პროგრამა, როგორც შესაძლებლობა ყველასთვის
ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში საგრანტო პროგრამა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი არ არის. ეს არის სკოლის მისიის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტის განათლება მიიღონ.
სტიპენდიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან აკადემიური მიღწევებით, ლიდერული თვისებებითა და შემოქმედებითი ნიჭით. ამასთან, სტიპენდიების მნიშვნელობა გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება. ის ქმნის საფუძველს ქვეყნისთვის კონკურენტუნარიანი პროფესიონალების აღსაზრდელად, რომლებიც მომავალში შესაძლოა დაბრუნდნენ საქართველოში და საკუთარი ცოდნითა და უნარებით ხელი შეუწყონ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.
"ჩვენი სტიპენდიების პროგრამა მიზნად ისახავს, ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს გზა ნიჭიერ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ აკადემიური და ლიდერული უნარები, მოიპოვონ მსოფლიო დონის გამოცდილება და საბოლოოდ საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ასპარეზზე პოზიტიური ცვლილებებშისთვის", – აცხადებს სოფო ჟღენტი, აკადემიის დირექტორის მოადგილე და საშუალო საფეხურის ხელმძღვანელი.
საგრანტო პროგრამის შედეგები უკვე თვალსაჩინოა – პროგრამაში ჩართული 21 კურსდამთავრებულიდან 80%-მა სწავლა საზღვარგარეთ, მსოფლიოში აღიარებულ უნივერსიტეტებში, ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებით, წარმატებით გააგრძელა.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური მონაწილეობის ტრადიცია აქვს და სკოლა მუდმივად ცდილობს, ადგილობრივ დონეზეც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პოზიტიურ ცვლილებებში. თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საქველმოქმედო ინიციატივების მხარდაჭერა და სოციალური პროექტების განხორციელება წარმოადგენს გზებს, რომლითაც აკადემია თავის ღირებულებებს პრაქტიკაში განახორციელებს.
მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ მოხალისეობრივ აქტივობებში, გარემოს დაცვის კამპანიებსა და სოციალურ პროექტებში, რაც მათში პასუხისმგებლობის გრძნობასა და ემპათიას ზრდის. სპორტული საქველმოქმედო ღონისძიებები, შემოქმედებითი გამოფენა-გაყიდვები და CAS პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური პროექტები – მათ შორის, ავღანელი გოგონებისთვის ონლაინგაკვეთილები – აძლევს მოსწავლეებს საშუალებას, საკუთარი ძალებით დადებითი ცვლილებები შეიტანონ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ საზოგადოებაში.
"ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უნდა სცდებოდეს საკლასო ოთახის ფარგლებს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ პროექტებში, თანამშრომლობენ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, ბავშვთა დღის ცენტრებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებთან. ეს გამოცდილება რეალურად ასწავლის მათ, რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა", – აღნიშნავს სალომე დანელია, აკადემიის დირექტორი.
კონკურენცია და კრიტიკა – მოტივაცია წინსვლისათვის
საგანმანათლებლო სფეროში კონკურენცია და კრიტიკა გარდაუვალია, თუმცა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში მას სხვაგვარად უყურებენ. კრიტიკა სკოლისთვის არა საფრთხე, არამედ განვითარების შესაძლებლობაა.
მშობლებთან, მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ღია დიალოგი საშუალებას აძლევს მენეჯმენტს, უკეთ დაინახოს ძლიერი და სუსტი მხარეები და მუდმივად იმუშაონ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
"კრიტიკას ჩვენ ვიღებთ, როგორც განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი მიზანია გამორჩეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ღირებულებები არის ხარისხიანი სწავლა, საერთაშორისო სტანდარტები და ინდივიდუალური მიდგომა", – აღნიშნავს სალომე დანელია.

როგორია აკადემიის სამომავლო ხედვა?
ბრიტანულ-ქართული აკადემია საკუთარ მომავალს მუდმივი განვითარებისა და ინოვაციების გზაზე ხედავს. ამისათვის კი მიჰყვება სამ მთავარ კომპონენტს: საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კულტურის სინთეზი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთა გუნდი და ინოვაციური, უსაფრთხო სასწავლო გარემო.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის სასკოლო გარემოს , სადაც მოსწავლეები არა მხოლოდ აკადემიურად წარმატებულნი, არამედ პიროვნულადაც მომზადებულნი ტოვებენ სკოლას.