სწავლა, რეალური პროექტები და საერთაშორისო გამოცდილება – Upgaming-ის Talent Growth პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Upgaming-ის Talent Growth პროგრამა არის უნიკალური საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც სწავლას, მენტორობასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას ერთ პროცესში აერთიანებს. პროგრამა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და მონაწილეებს საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამის სფეროში განვითარების შესაძლებლობას აძლევს. მისი მთავარი მიზანი ახალი თაობის სპეციალისტების აღმოჩენა და მათთვის პროფესიულ ზრდაში ხელშეწყობაა.

როგორია პროგრამის სტრუქტურა და რა შესაძლებლობებს აძლევს ის მონაწილეებს? – ამ და სხვა თემებზე პროგრამის მენეჯერს, მაიკო მჟავანაძეს ვესაუბრეთ, რათა უკეთ გაგვეგო, როგორ ეხმარება ინიციატივა ახალგაზრდა ტალანტებს პროფესიული განვითარების გზაზე და რა როლი აქვს მას Upgaming-ის გრძელვადიან ხედვაში.

საინტერესოა, რა გამოარჩევს აღნიშნულ პროგრამას სხვა სასწავლო და სტაჟირების პროგრამებისგან?

Upgaming-ის Talent Growth პროგრამა გამოირჩევა იმით, რომ ეს არის ანაზღაურებადი, მკაფიო სტრუქტურით შემუშავებული პროგრამა. აქ გავაერთიანეთ როგორც ტექნიკურ, ისე მოქნილ უნარებზე მორგებული ტრენინგები და წარმატებულ მონაწილეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კარიერა პირდაპირ ჩვენს კომპანიაში გააგრძელონ.

პროგრამა არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზრუნველყოფს, რაც ჩემი აზრით, მას განსაკუთრებით ეფექტურსა და უნიკალურს ხდის.

რა პროფესიების დაუფლებას შეძლებენ მონაწილეები და როგორ შეარჩიეთ კონკრეტული მიმართულებები?

კონკრეტული პროფესიები ბაზრის მოთხოვნებისა და კომპანიის სტრატეგიული საჭიროებების საფუძველზე შეირჩა. პროგრამის მონაწილეები შეძლებენ დაეუფლონ შემდეგ მიმართულებებს: Back-end development, game development, QA (manual), 2d spine animation, 2d game art და SEO. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი მიმართულებების განვითარება, სადაც ახალგაზრდა პროფესიონალებს აქვთ რეალური პერსპექტივა სწრაფი ზრდისა და კარიერული წინსვლისთვის.

ეს პროფესიები დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ ტექნოლოგიური სექტორი სწრაფად იცვლება და ბაზარზე მაღალი მოთხოვნაც სწორედ ამ უნარებზეა. შესაბამისად, პროგრამის მონაწილეები არა მხოლოდ კომპანიაში, არამედ მთლიან ინდუსტრიაში უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან.

გარდა ტექნიკურისა, რა საჭირო უნარებს შეიძენენ მონაწილეები პროგრამის განმავლობაში?

ტექნიკური ცოდნის გარდა, მონაწილეები განივითარებენ ისეთ უნარებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სამუშაო გარემოში: ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, პრობლემების გადაჭრის უნარი, დროის მართვა და პასუხისმგებლობის აღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თვითგანვითარებასა და პროფესიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც პროგრამის მონაწილეებს სრულფასოვან და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად აქცევს.

სწავლების სტრუქტურაზეც რომ გვითხრათ - რა საქმით დაკავდებიან მონაწილეები ყოველდღიურად?

სწავლების სტრუქტურა წინასწარ განსაზღვრულ სილაბუსს ეფუძნება, რომელიც თეორიულ მოდულებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს. პროგრამის მონაწილეები ყოველდღიურად იმუშავებენ რეალურ, საერთაშორისო პროექტებზე და ეყოლებათ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც მათთვის სწორი მიმართულებით განვითარებაზე იზრუნებენ.

რა იყო Talent Growth პროგრამის შექმნის ინსპირაცია?

Upgaming-ი უკვე 11 წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და დღეს ჩვენი ოფისები ხუთ სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული.ამ წლებში მუდმივად ვცდილობდით, მხარი მხარი დაგვეჭირა ნიჭიერი ადამიანებისთვის და წვლილი შეგვეტანა მათ განვითარებაში. Talent Growth პროგრამის იდეაც სწორედ ამ მიდგომიდან დაიბადა - პროექტი, რომლის მიზანია წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა ახალ თაობას გავუზიაროთ და შევუქმნათ გარემო, სადაც მათ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეეძლებათ.

და ბოლოს, როგორ განვითარდება პროგრამა მომავალში?

აღნიშნული პროგრამა ჩვენთვის პირველი გამოცდილება იქნება, მომავალში კი მისი კიდევ უფრო გაფართოება გვსურს. უკვე ვგეგმავთ ახალი მიმართულებების დამატებას და მონაწილეთა რაოდენობის გაზრდასაც. მიზნად გვაქვს, რომ Talent Growth პროგრამამ უფრო ფართო სპექტრის პროფესიები მოიცვას და მეტ ახალგაზრდას მივცეთ საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შანსი.

მსურველებისთვის პროგრამაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციისათვის და აპლიკაციის გასაგზავნად ეწვიეთ ვებგვერდს.