საერთაშორისო სამეცნიერო აღიარება - საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფუნდამენტური ფიზიკის გარღვევის პრემია მიიღეს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წლის ფუნდამენტური ფიზიკის დარგში გარღვევის პრემია, რომელსაც მედია ხშირად "მეცნიერების ოსკარად" მოიხსენიებს, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) კოლაბორაციებს მიენიჭა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამყაროს სტრუქტურისა და წარმოშობის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებში. პრესტიჟული პრემიის მფლობელთა შორის არიან საქართველოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი და "იდეალაბის" ხელმძღვანელი ნუგზარ მოსულიშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ფიზიკოსი ალექსი ღონღაძე, რომლებიც "ატლასის" საერთაშორისო ექსპერიმენტის კოლაბორაციის წევრები არიან.
გარღვევის პრემია 3 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდით, სამეცნიერო სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა. 2025 წლის ჯილდოდან 1 მილიონი დოლარი გადაეცა "ატლას" ექსპერიმენტს, რომლის მონაწილე მეცნიერთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, თანხა სრულად გადაირიცხა სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ფონდში - ცერნში კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.
პრიზი გაიცა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენისა და მისი თვისებების დეტალური გაზომვებისთვის, ასევე ახალი ურთიერთქმედი ნაწილაკების აღმოჩენისა და მატერია-ანტიმატერიის ასიმეტრიის შესწავლისთვის, რაც სამყაროს სტრუქტურის გააზრებაში ისტორიულ წვლილად მიიჩნევა.
ცერემონია ჰოლივუდის ვარსკვლავების და ცნობილი ბიზნესმენების მონაწილეობით ჩატარდა. დაჯიდლოების ცერემონიას დაესწრო ცერნის გენერალური დირექტორი ფაბიოლა ჯიანოტი, რომელსაც მისი გუნდისთვის მინიჭებული პრემია გადასცეს.
საქართველოს უნივერსიტეტის ფიზიკოსი ნუგზარ მოსულიშვილი ამ წარმატებას ქართველ მეცნიერთა ახალი თაობისთვის მნიშვნელოვან სტიმულად მიიჩნევს:
"ეს ჯილდო არა მხოლოდ მეცნიერთა შრომის აღიარებაა, არამედ შესაძლებლობაა, ახალგაზრდებმა დაინახონ - დიდი მეცნიერება საზღვრებს სცდება, მაგრამ მის კვალს საქართველოშიც ვტოვებთ. აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამყაროს შეცნობა ხდება, დღემდე როგორ მოვიდა და როგორი მომავალი ექნება. გარდა იმისა რომ ეს ფიზიკისთვის და სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი, იქ ისეთი ტექნოლოგიები იქმნება, რაც ტექნიკისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვისაა საჭირო. ეს არის საერთაშორისო კოლაბორაცია, რომელშიც ჩართულია 80-ზე მეტი ქვეყანა და ქვეყნის სახელით საქართველოს უნივერსიტეტი", - ამბობს ნუგზარ მოსულიშვილი.
ფუნდამენტური ფიზიკის გარღვევის პრემია ფიზიკოსებს ეძლევათ სამყაროს კანონზომიერებების შესწავლისთვის - იმ აღმოჩენებისთვის, რომლებიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას სივრცესა და დროზე, მატერიასა და ენერგიაზე. 2025 წლის გარღვევის პრემია სამ კატეგორიაში გაიცა - ფიზიკა, მათემატიკა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები.