პირველი ნაბიჯები მსოფლიო მოდის სამყაროში – გაიცანით ახალგაზრდა მოდელი სალომე პრესსერი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყველა წარმატებული კარიერის უკან დისციპლინა და დიდი შრომა დგას – გამონაკლისი არც სამოდელო პროფესიაა. სწორედ ეს არის თითოეული წარმატებული გამოსვლის, ბრწყინვალე ფოტოსესიისა თუ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის საფუძველი.
სტატიაში გაგაცნობთ 15 წლის სალომეს, რომელმაც მოდელობა ადრეული ასაკიდან აირჩია და უკვე მიაღწია დიდ წარმატებას. ამჟამად ის პარიზის მოდის კვირეულისთვის ემზადება, რაც მისი კარიერული გზის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი მოდის სფეროს მიმართ?
პირველად მოდის სამყარო ბავშვობაში აღმოვაჩინე. ჩემი მშობლები ფლობდნენ ბუტიკს, სადაც მაღალი მოდის სახლების ტანსაცმელი იყიდებოდა. დაახლოებით რვა წლიდან ვცხოვრობდი ისეთი ბრენდების გარემოცვაში, როგორიცაა Dolce & Gabbana, Gucci, Fendi და სხვები. დავიწყე ამ ტანსაცმლით ფოტოებზე პოზირება და სწორედ ამ ადრეულმა გამოცდილებამ გამიჩინა სიყვარული მოდის ინდუსტრიის მიმართ.
რა იყო პირველი ნაბიჯები, რამაც ეს ინტერესი პროფესიულ არჩევანად აქცია?
პირველად, როცა დედამ სამოდელო სკოლაში მიმიყვანა, მიზანი პროფესიონალი მოდელის კარიერა არ ყოფილა. სკოლაში მასწავლიდნენ სწორად დაჯდომას, თავდაჯერებულ სიარულს, ელეგანტურ მოძრაობას მაღალ ქუსლებზე და მოდისადმი პატივისცემას. როცა 13 წლის გავხდი, გარშემო მყოფებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი, რომ მოდელობა ჩემთვის კარიერული არჩევანი შეიძლებოდა ყოფილიყო. სააგენტოები მიკავშირდებოდნენ და ყველა მირჩევდა პროფესიონალური კარიერის დაწყებას. სწორედ მაშინ შევქმენი ჩემი პირველი პორტფოლიო პროფესიონალური ფოტოებით. პირველი ფოტოსესიები და პოდიუმზე გამოსვლა უკავშირდება Grand Optical-ის მოდის ჩვენებას. ახლა კი ვემზადები ახალი, საინტერესო ეტაპისთვის – პარიზის მოდის კვირეულისთვის, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.
თუ თანამშრომლობთ სააგენტოებთან და რა კრიტერიუმებით არჩევთ მათ?
ამჟამად ოფიციალურად არცერთ სააგენტოსთან არა ვარ დაკავშირებული – ყველაფერს ჩემი მშობლები მართავენ: დედა მენეჯმენტშია ჩართული, მამა კი ადვოკატია და სამართლებრივ დეტალებზე ზრუნავს. პროფესიონალური თანამშრომლობა მაქვს ქართულ სააგენტო "კატრინთან" რომელიც ჩემი პარიზში გამგზავრების პროცესშია ჩართული. ამჟამად აქტიურად ვგეგმავთ თანამშრომლობას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ევროპულ სააგენტოსთან, რომელიც ტოპ ათეულშია. ასევე მზად ვარ, განვიხილო თანამშრომლობა ნებისმიერ სააგენტოსთან, რომელსაც ჩემი წარმომადგენლობის სურვილი ექნება.
მოგვიყევით პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობაზე: როგორ გაჩნდა ეს შესაძლებლობა?
ჩემთვის დიდი პატივია, რომ "კატრინის" პრესტიჟულმა სააგენტომ პარიზის მოდის კვირეულზე მიმიწვია. ამ შესანიშნავ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. სამი ინტენსიური კვირის განმავლობაში "კატრინის" პროფესიონალებთან ერთად ვვარჯიშობდი და ახლა სრულად მზად ვარ, მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პოდიუმზე გამოვჩნდე. უკვე რამდენიმე სხვა სააგენტომაც შემომთავაზა პარიზის მოდის კვირეულზე შოუში მონაწილეობა.
რას ნიშნავს პარიზის მოდის კვირეულზე გამოსვლა თქვენთვის და როგორ უკავშირდება ეს თქვენს გრძელვადიან კარიერულ გეგმებს?
პარიზის მოდის კვირეული არის ნამდვილი ოცნება ყველა გოგონასთვის, ვინც წარმატებულ მოდელობას ისახავს მიზნად. ჩემთვის ყოველთვის დიდი ოცნება იყო პარიზის პოდიუმზე გამოსვლა ლამაზი კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ჩემი მთავარი ოცნებაა Dolce & Gabbana-ს და Gucci-ს ჩვენებაზე გამოსვლა, ასევე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობა. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ეს ოცნებები ასრულდება.
რა სირთულეებს ხვდებით, როგორც დამწყები მოდელი კარიერის დასაწყისში?
სამოდელო სამყაროში შესვლა არასოდეს არის მარტივი. ბევრი ახალგაზრდა გოგო ოცნებობს მოდელობაზე, მაგრამ ინდუსტრია მხოლოდ სილამაზით არ კმაყოფილდება – საჭიროა თავდაჯერებულობა, ელეგანტურობა და უნარი, საკუთარი თავი ეფექტურად წარადგინო პოდიუმზე. წარმატება ასევე დამოკიდებულია აქტიურობაზე: თანამედროვე მოდის სამყაროში აუცილებელია, რომ მუდმივად ჩანდე და გქონდეს მნიშვნელოვანი კონტაქტები. პოდიუმზე წარმატების მიღწევა მოითხოვს უზარმაზარ თავდადებას, შრომას და დროს. ასეთ დროს მშობლების ან მენტორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
რა უკუკავშირს იღებთ სააგენტოებისა და ბრენდებისგან, რომლებთანაც თანამშრომლობთ?
სააგენტოებიდან მიღებული შეფასებები ძალიან დადებითია. ისინი აღნიშნავენ ჩემს სიმაღლეს, აღნაგობას – მახასიათებლებს, რომლებიც სუპერმოდელის კარიერის წინაპირობებია. ბრენდები, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ, ყოველთვის ეძებენ განსაკუთრებულ, უნიკალურ მოდელს, რომელიც მათი პროდუქციის სახე გახდება. ფაქტი, რომ კასტინგებზე ისინი მე მირჩევენ, მამხნევებს, მაგრამ მესმის, რომ წარმატება მუდმივ თავდადებასა და შრომას მოითხოვს. მსურს მსოფლიოს ვაჩვენო, რომ მზად ვარ, დიდ სამოდელო სამყაროში წარმატებას მივაღწიო.
სამოდელო კარიერის გარდა, რა არის თქვენი ინტერესის სფერო?
სამოდელო კარიერა ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა სწავლა და განათლება ჩემთვის პრიორიტეტია. სრულყოფილი განათლება და სხვადასხვა ენის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ვსწავლობ ინგლისურს და გერმანულს, რაც მომავალში ჩემი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ასევე მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფრენბურთი, პადელი და ცხენოსნობა – ეს მეხმარება ვიყო ფიზიკურად აქტიური, კონცენტრირებული და შევინარჩუნო ბალანსი.
როგორ უთავსებთ ერთმანეთს სკოლას და სამოდელო საქმიანობას?
სკოლასა და მოდელობას შორის ბალანსი რთულია, თუმცა კარგი დროის მენეჯმენტითა და ორგანიზებული გრაფიკით ორივეს ვახერხებ. მშობლების ჩართულობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლა პრიორიტეტია, მაგრამ ასევე სრულად ფოკუსირებული ვარ სამოდელო კარიერაზეც. მიზნად მაქვს, ორივე სფერო თანაბრად განვავითარო.
ვინ ან რა წარმოადგენს თქვენთვის ინსპირაციას სამოდელო სფეროში?
პირველ რიგში, ჩემთვის უდიდესი ინსპირაცია დედაა, რომელმაც მომცა მოტივაცია და დამარწმუნა, რომ არ უნდა შევჩერდე. ასევე ვაკვირდები ქართველ მოდელს, მატილდა გვარლიანს სვანეთიდან. მასში განსაკუთრებულ ინსპირაციას ვპოულობ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეც სვანური წარმომავლობა მაქვს. მატილდას ემოცია, ელეგანტურობა და პროფესიონალიზმი – ეს ჩემთვის დიდი შთაგონებაა.
როგორ განსაზღვრავთ წარმატებას თქვენი კარიერის ამ ეტაპზე?
ამ ეტაპზე ჩემი სამოდელო კარიერა მხოლოდ იწყება. ვაცნობიერებ, რომ წარმატების მიღწევა შრომას, მოთმინებასა და სწორ მენტორთან თანამშრომლობას მოითხოვს. კარგი დასაწყისი, ოჯახის მხარდაჭერა და პროფესიონალი აგენტის ხელმძღვანელობით მუშაობა საშუალებას მომცემს, გავხდე წარმატებული მოდელი.
როგორ ხედავთ თქვენს ადგილს საერთაშორისო სცენაზე 5-10 წლის შემდეგ?
ჩემი ოცნებაა გავხდე სუპერმოდელი, ვთანამშრომლობდე Victoria's Secret-თან და სხვა პრესტიჟულ ბრენდებთან, ვიარო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გამოვჩნდე ლეგენდარულ პოდიუმებზე და წამყვან ჟურნალებში. მომდევნო წლებში ჩემს დროს მთლიანადსამოდელო კარიერას დავუთმობ, რათა გავხდე მოდელი, რომელიც არა მხოლოდ წარმატებულია, არამედ ინსპირაციას აძლევს სხვებს ამ სფეროში.