მიზეზი, რის გამოც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი "არ ემხრობა" სახლიდან მუშაობას
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ერიკ შმიდტი ამბობს, რომ მოქნილი სამუშაო რეჟიმი, რომელიც სახლიდან მუშაობას მოიცავს, უნდა შეწყდეს.
შმიდტმა ეს განცხადება All-In პოდკასტის ეპიზოდში გააკეთა, რომელიც ოთხშაბათს გავიდა ეთერში. მისი თქმით, ის "სახლიდან მუშაობას მხარს არ უჭერს", რადგან ეს ხელს უშლის ახალგაზრდა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და სწავლის შესაძლებლობებს.
მან აღნიშნა, რომ "უფროსი კოლეგებისგან" ბევრს სწავლობდა იმ დროს, როდესაც მუშაობდა კომპანია Sun Microsystems-ში – კომპიუტერულ მწარმოებელში, რომელიც 2010 წელს Oracle-მა 7,4 მილიარდ დოლარად შეიძინა. შმიდტის თქმით, ის სწავლობდა ოფისში ყოფნითა და სხვების საუბრების მოსმენით. შმიდტი Sun Microsystems-ში 1983 წლიდან 1997 წლამდე მუშაობდა. მან დაიწყო როგორც პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერმა, ხოლო მოგვიანებით Sun General Systems Group-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
"დაფიქრდით დაახლოებით 20 წლის ადამიანზე, რომელსაც ჯერ კიდევ სურს ისწავლოს, როგორ მუშაობს სამყარო", – თქვა შმიდტმა პოდკასტში.
"როცა ვიხსენებ, რამდენ რამეს ვსწავლობდი Sun-ში მუშაობისას უბრალოდ იმით, რომ ვუსმენდი უფროს კოლეგებს, რომლებიც ჩემზე ხუთი ან ათი წლით უფროსები იყვნენ, როგორ დავობდნენ ერთმანეთთან პირადად. როგორ შეიძლება ამის გამეორება ამ ახალ რეალობაში?" – ამბობს შმიდტი პოდკასტში.
მიუხედავად იმისა, რომ შმიდტმა განაცხადა, "მუშაობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის" მომხრეა, ის აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულებმა წარმატების მისაღწევად ამ ორს შორის გარკვეული "არჩევანი უნდა გააკეთონ".
"თუ აპირებ ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობას და გსურს გამარჯვება, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოგიწევს", – თქვა შმიდტმა.
შმიდტი Google-ის აღმასრულებელ დირექტორად ათი წლის განმავლობაში, 2001 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა. შარშან, სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ Google ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩამორჩა თანამშრომლების დისტანციური სამუშაო პოლიტიკის გამო. ამჟამად Google თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, კვირაში ორი დღე სახლიდან იმუშაონ.
"Google-მა გადაწყვიტა, რომ სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი, ადრე სახლში წასვლა და სახლიდან მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამარჯვება. სტარტაპები კი იმიტომ მუშაობენ, რომ იქ ხალხი ჯოჯოხეთურად ბევრს შრომობს", – განაცხადა შმიდტმა.
მოგვიანებით შმიდტმა საკუთარი განცხადება შეასწორა და აღნიშნა, რომ მან "არასწორად გამოხატა აზრი".
ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, JPMorgan და AT&T, წელს ოფისში დაბრუნების მკაცრი პოლიტიკა შემოიღეს – ისინი თანამშრომლებს ავალდებულებენ, კვირაში ხუთი დღე ოფისიდან იმუშაონ. ამ ინიციატივებს თანამშრომლები უკმაყოფილებითა და პროტესტით შეხვდნენ, რადგან ისინი ამაში სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე ნეგატიურ გავლენას ხედავდნენ, თუმცა საბოლოოდ ეს წესები მაინც ამოქმედდა.
თარგმანი: მარიამ ქობალია