კავკასიის მედიცინის ცენტრი - პაციენტების უსაფრთხოება ერთობლივი პასუხისმგებლობაა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ყოველწლიურად, 17 სექტემბერს, მსოფლიო პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. ეს დღე წარმოადგენს გლობალურ ინიციატივას იმისთვის, რათა გავიხსენოთ, რომ უსაფრთხოება არის ხარისხიანი მოვლის საფუძველი. საავადმყოფოებისთვის ეს თარიღი არის შესაძლებლობა, გადახედონ პროცესებს, აღნიშნონ მიღწევები და გაამყარონ ერთგულება უსაფრთხოების კულტურისადმი. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი (CMC) ამ დღეს აღნიშნავენ იმისთვის, რომ გაიზიარონ გამოცდილება, ჩაატარონ უსაფრთხოების კამპანიები და კიდევ ერთხელ შეახსენონ როგორც თანამშრომლებს, ისე პაციენტებს, რომ უსაფრთხოება ერთობლივი პასუხისმგებლობაა.
Entrepreneur კავკასიის მედიცინის ცენტრის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების დირექტორს, ვერიკო გერაძეს ესაუბრა როგორც ღონისძიებაზე, ასევე პაციენტების უსაფრთხოების დაცვის მეთოდებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორ აღნიშნავენ პაციენტის უსაფრთხოების დღეს მსოფლიოში?
ამ დღის ფარგლებში ტარდება საინფორმაციო სესიები, ტრენინგები და დისკუსიები, სადაც პერსონალი ერთმანეთს უზიარებს პრაქტიკულ შემთხვევებსა და მიღებულ გამოცდილებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მცირე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც ყოველდღიურ მუშაობაში პაციენტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს – მაგალითად, საექთნო შეფასებებს, კომუნიკაციის გამჭვირვალობას, ინფექციის პრევენციის წესების დაცვას.
რას ნიშნავს კავკასიის მედიცინის ცენტრისთვის პაციენტის უსაფრთხოება და რა სტრატეგიებს ან მეთოდებს იყენებს ჰოსპიტალი ამის უზრუნველსაყოფად?
CMC-ის თანამშრომლები არიან ჩვენი უსაფრთხოების კულტურის ბირთვი. ქირურგის მოქმედება საოპერაციოში, ექთნის ზრუნვა პალატაში თუ რადიოლოგის ზუსტი დიაგნოსტიკა – ყოველი ნაბიჯი პაციენტის კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას. მათი წვლილი უსაფრთხოებაში იწყება მცირე დეტალებით – სწორად იდენტიფიცირებული პაციენტით, დროულად ჩატარებული ხელის ჰიგიენით, ყურადღებით, სწორი შეფასებით – და გრძელდება სიცოცხლის გადამრჩენელი ჩარევებით. უსაფრთხოება მოითხოვს გუნდურ მუშაობას, სიცხადესა და უწყვეტ სწავლას. ჩვენი თანამშრომლების ერთგულებამ სრულყოფილებისადმი უსაფრთხოება აქცია პროფესიულ ღირებულებად.
ჯანდაცვაში სრულყოფილება არ იზომება მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებით ან ახალი ინფრასტრუქტურით – მისი მთავარი საზომი არის, რამდენად უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად ვახორციელებთ პაციენტის მოვლას. ამისათვის საჭიროა მყარი სისტემები – სტანდარტიზებული პროცედურები, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გზები, უწყვეტი მონიტორინგი – და გუნდი, რომელსაც გააჩნია ძლიერი სურვილი და მოტივაცია გაუმჯობესებისთვის.
არსებობს თუ არა სპეციალური არხები პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის?
CMC აერთიანებს პაციენტებსა და მათ ოჯახებს: ვუზიარებთ მათ უსაფრთხოების რეკომენდაციებს, ვაძლევთ საშუალებას, დასვან კითხვები და აქტიურად ჩაერთონ საკუთარი მოვლის პროცესში. მათი უკუკავშირი ხშირად გვაძლევს ახალ იდეებს და გვეხმარება სისტემების გაუმჯობესებაში.
პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის აღნიშვნა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი მიზანია არა მარტო მკურნალობის მაღალი ხარისხი, არამედ გარემოს შექმნა, სადაც ყველა პაციენტი თავს დაცულად და მოსმენილად გრძნობს.
რას ნიშნას კავკასიის სამედიცინო ცენტრისთვის JCI აკრედიტაცია და რა ბენეფიტების მატარებელია იგი?
საერთაშორისო სტანდარტები, განსაკუთრებით Joint Commission International (JCI), ჰოსპიტლებს სთავაზობს მკაფიო ჩარჩოს პაციენტის უსაფრთხოებისთვის. JCI-ის სტანდარტები – პაციენტის იდენტიფიკაციიდან დაწყებული, უსაფრთხო ქირურგიამდე, მედიკამენტების მართვიდან ინფექციის პრევენციამდე – საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, დაეყრდნონ გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას. CMC-სთვის JCI აკრედიტაცია მხოლოდ სერტიფიკატი არ არის – ეს არის გზამკვლევი მდგრადი სისტემების შესაქმნელად, სადაც უსაფრთხოება, ხარისხი და პაციენტზე ორიენტირებული მოვლა განუყოფელია.
პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე არის სიმბოლური დღესასწაული, მაგრამ ნამდვილი ერთგულება ჩანს ყოველდღიურ პრაქტიკაში. როდესაც ჩართული სამედიცინო პერსონალი, ინფორმირებული პაციენტები და საერთაშორისო სტანდარტები ერთმანეთს ერწყმის, ჰოსპიტლები გადადიან მიზნებიდან ქმედებებზე და ქმნიან გარემოს, სადაც უსაფრთხოება მხოლოდ ერთ დღეს კი არა, ყოველდღიურად იქცევა ცხოვრების წესად.