GeoSTQB ახალ ეტაპზე გადადის – ახალი ხელმძღვანელობა, ახალი ხედვა და გაძლიერებული ფოკუსი ქართულ QA საზოგადოებაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ QA საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა – GeoSTQB-ს მართვაში ახალი გუნდი ჩადგა. ორგანიზაციის პრეზიდენტად არჩეულია დავით მნათობიშვილი, რომელიც აქამდე ინოვაციების მიმართულების მენეჯერის პოზიციას იკავებდა. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კი მარიამ გოგინავა დაინიშნა, რომელიც ასევე ინოვაციების განვითარებაზე მუშაობდა წლების განმავლობაში.

GeoSTQB-ს აქამდე ხელმძღვანელობდნენ ნათია სირბილაძე და თინათინ ცირეკიძე, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს როგორც სტრატეგიულად, ისე ყოველდღიური ოპერაციების მართვაში. დღეს ისინი თავიანთ ადგილს ახალ თაობას უთმობენ, თუმცა რჩებიან აღმასრულებელი საბჭოს წევრებად და აქტიურად აგრძელებენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.

ნათია სირბილაძე:

"მნიშვნელოვანია, რომ სივრცე შევუქმნათ ახალ ხედვებს, ახალ ენერგიას. დავითისა და მარიამის ხედვა ნათელია – მათი გეგმები კი ამბიციური. მათთან ერთად ქართულ QA სივრცეს ახალი იმპულსი ექნება. ჩვენთვისაც საინტერესო და ღირებული იქნება ამ პროცესში მრჩევლის და დამხმარის როლში ყოფნა."

თინათინ ცირეკიძე:

"გავაცნობიერეთ, რომ დროა ახალი ტალღა დავუშვათ მენეჯმენტში – ისინიც მზად არიან, საზოგადოებასთან ახლოს იყვნენ და ქართული ტესტირების მომავალი კიდევ უფრო წინ წასწიონ. ჩვენ კი სიამოვნებით დავეხმარებით ამ პროცესში."

რა შეიცვალა და რას უნდა ელოდოს ქართული QA საზოგადოება?

ახალი გუნდის მთავარი ფოკუსი არის ქართველი ტესტერების ხილვადობის გაზრდა საერთაშორისო არენაზე, საზოგადოების გაძლიერება, და მუდმივი კავშირი გლობალურ ტენდენციებთან.

დავით მნათობიშვილი:

"ჩვენი მისიაა, საქართველოში QA ცოდნის დონე იყოს მაქსიმალურად თანამედროვე და გლობალურად კონკურენტუნარიანი.
სწორედ ამიტომ, უკვე დაწყებულია ISTQB-ის საბაზისო და ძირითადი მიმართულებების გაქართულების პროცესი, რომელიც ბოლომდე მიიყვანება - რაც მისცემს ქართველ ტესტერებს საშუალებას, ძირითადი გამოცდები ქართულად ჩააბარონ. გარდა ამისა, გვინდა მეტი შეხვედრა, აქტივობა და ცოცხალი კონტაქტი ქომუნითისთან – გვაინტერესებს, რაზე აქვთ მათ მოთხოვნა და რაზეც სურთ, რომ მეტი ყურადღება გავამახვილოთ."

მარიამ გოგინავა:

"GeoSTQB არა მხოლოდ ცოდნის მიმწოდებელი ინსტიტუცია უნდა იყოს, არამედ პლატფორმა ადამიანებისთვის, რომლებსაც უნდათ გაიზარდონ, ისწავლონ, ისაუბრონ და თავადაც შექმნან ღირებულება.
ამჟამად მე თავად ვიღებ მონაწილეობას TestCon Europe 2025-ზე სპიკერის სტატუსით – და ზუსტად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება პროფესიული ზრდისთვის. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მხარი დავუჭიროთ არა მხოლოდ ბორდის წევრებს, არამედ ყველა იმ ქართველ ტესტერს, ვისაც სურს საერთაშორისო სცენაზე გამოსვლა – სპიკერობა, პუბლიკაციები, დისკუსიებში ჩართვა. შესაბამისად, ვემზადებით, რომ სპიკერობის მსურველებს კონსულტაცია გავუწიოთ თემების შერჩევაში, პრეზენტაციების მომზადებასა და საერთაშორისო აუდიტორიასთან კომუნიკაციის საკითხებში.
მნიშვნელოვანია, რომ მეტი ფარული ტალანტი აღმოვაჩინოთ და დავეხმაროთ მათ გაზრდაში. სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო გზავნილი – ერთად გავაძლიეროთ QA სფერო საქართველოში."

მომავლის ხედვა: ზრდა, ჩართულობა და ინოვაცია

GeoSTQB-ის ახალი ფაზა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალურ აქტივობებს, არამედ საზოგადოების ნამდვილ ჩართულობას:

  • მეტი ღონისძიება და პირისპირ შეხვედრა
  • ცოდნის გამიზიარების პლატფორმები
  • საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა
  • გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობა
  • ქართველი სპიკერების მხარდაჭერა
  • რეგულარული სიახლეების გაცნობა გლობალური ტენდენციებისგან

GeoSTQB-ის გუნდმა 2020 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი წარმატებების გზა გაიარა - დღეს კი ახალი ეტაპი იწყება, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბურ პროგრესს და საერთაშორისო წარმატებას აპირებს. ახალი გუნდი მზად არის, ეს შესაძლებლობა რეალურად აქციოს და QA სფეროს ქართული ხმა კიდევ უფრო შორს გააგონოს.