FireWorks in Creative Resistance – კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2025 დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

11-13 სექტემბერს, ბათუმში ტრადიციულად ჩატარდა კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea. FireWorks in Creative Resistance – ასე ჟღერს Ad Black Sea 2025-ის სლოგანი. ფესტივალის წლევანდელი კონცეფციაში ფეიერვერკი შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია 13 სექტემბერს სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართა. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ 14 კატეგორიაში, მათ შორის: ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი. კონკურსანტებს საერთაშორისო ჟიურის 5 გუნდი აფასებდა, რომელიც 20 ქვეყნიდან მოწვეულ 28 წევრს აერთიანებდა. წლევანდელი გრან-პრის მფლობელი ქართული სააგენტო Playmakers გახდა პროექტით – "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ". სააგენტომ, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის ბაზარზე შედარებით ახალია, ყველაზე მეტი ჯილდოც მიიღო.

უკვე მეცხრე წელია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა. ეს არის პლატფორმა, სადაც დარგის წარმომადგენლები ერთიანდებიან და ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებენ. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ფესტივალს წელს 1400-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრა.

წლევანდელ სპიკერებს შორის იყო ფერნანდო მაჩადო, რომელიც Burger King-ის, Dove-ისა და Call of Duty-ს ცნობილი კამპანიების ავტორია. Business Insider-ის მიხედვით, ის მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური მარკეტერია, ხოლო Forbes-ის სიაში – ყველაზე გავლენიანი მარკეტერების სამეულში შედის. მოწვეული სპიკერი ასევე იყო უგო ვეგა, რომელსაც უმუშავია ისეთ გლობალურ ბრენდებთან და ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Nike, Google, TikTok, ლედი გაგა, ელტონ ჯონი. ვეგა წელს კანის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდოს – Titanium-ის ჟიურის წევრიც იყო. ფესტივალის მსვლელობისას აუდიტორიამ საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის კიდევ არაერთი ცნობილი პროფესიონალის გამოსვლასა და ვორქშოპს დაესწრო.

Ad Black Sea 2025-ის ორგანიზატორებმა სტუმრებს სიახლე შესთავაზეს – წელს პირველად გამოჩნდა CREATORS STAGE, სადაც ქართველმა კონტენტ-კრეატორებმა და ინფლუენსერებმა საკუთარი გამოცდილება გააზიარეს.

რაც შეეხება დაჯილდოებას, უცხოურ სააგენტოებთან ერთად ჯილდოები გადაეცა ისეთ ქართულ კრეატიულ სააგენტოებს, როგორიცაა: გრან-პრის მფლობელი Playmakers, ასევე Supermarket, Windfor's, Holy Motors, Advan Production და სხვა. Ad Black Sea 2025-ის გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ბმულზე.