"ბორჯომის" ახალი ჩამომსხმელი ქარხანა გაიხსნა - 135 წლიანი ისტორია!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IDS ბორჯომი საქართველომ, როგორც დარგის ლიდერმა და ნოვატორმა კომპანიამ, პირველი ქართული მინერალური წყლის "ბორჯომის" წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"ბორჯომის" მინერალური წყლის წარმოების ისტორიაში ახალი, კიდევ უფრო ამბიციური ეტაპი დაიწყო. "ბორჯომის" ახალი ქარხანა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. ახალი ქარხნის გახსნისთვის განხორციელებული ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დარგის ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.

საწარმოში დამონტაჟდა 4 ახალი, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ხაზი და წყლის ჩამოსხმის ინფრასტრუქტურა. კომპანიის პორტფელი გაფართოვდა და დაემატა ინოვაციური პროდუქტები: ლიმონათი ბორჯომისგან, ბაკურიანი ხილის გემოთი, ლიკანი არომატით.

როგორც IDS ბორჯომი საქართველოში აღნიშნავენ ახალი ქარხანა იქნება მნიშვნელოვანი ეტაპი "ბორჯომის" ბრენდის საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის იძლევა შესაძლებლობას, კომპანიამ გაამყაროს პოზიციები საქართველოში და ამავე დროს თამამად გააფართოვოს ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი. გლობალურად კომპანიის მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება და ზრდა, რათა გახდეს მნიშვნელოვანი და წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია.

"ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, უპრეცედენტო, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელსაც კომპანია ახალ საფეხურზე გადაჰყავს. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დარგში განხორციელებულ ყველაზე დიდ ინვესტიციას და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ისე - ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ, ღირსეულად გაგვეგრძელებინა "ბორჯომის" 135-წლიანი ისტორია და მეორე მხრივ, შეგვექმნა სივრცე მომავლის პროექტებისთვის. ამიერიდან გაერთიანებულ, ახალ ქარხანაში და ტექნოლოგიურად მოწინავე გარემოში მოხდება როგორც პორტფელში არსებული მინერალური წყლების, ასევე ინოვაციური პროდუქტების წარმოება. ეს ქარხანა გახდება ერთგვარი ხიდი "ბორჯომის" მემკვიდრეობასა და მომავალს შორის," - განმარტავს "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი.

მისივე განცხადებით, 2025 წლის პირველ ნახევარში კომპანიის TOP-10 ინვესტორი კომპანიის ჩამონათვალში მოხვედრა, სწორედ ბორჯომის ახალ ქარხანაში განხორციელებული ინვესტიციის დამსახურებაა.

ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით მიმდინარეობდა. ახალ, გაერთიანებულ ქარხანაში დასაქმებულია 600 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოო პროცესი სრულად შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობას და აკმაყოფილებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ქარხანა აგებულია ენერგოეფექტურობაზე გათვლილი მასალებითა და მოწყობილობებით. წარმოების თითოეული ეტაპი ისეა ორგანიზებული, რომ გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.