AI საოლიმპიადო კურსზე მეორე ნაკადის მიღება იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AI საოლიმპიადო კურსი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით უკვე მეორედ ჩატარდება.

2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად და წარმატებით წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებიც GAIA-ს ორგანიზებულ მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედლისა და საპატიო სიგელის მოპოვებაც შეძლეს.

ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება და ზოგადად, AI პროფესიონალების ახალი თაობის აღზრდა, AI ოლიმპიადის მოსამზადებელი კურსის მთავარი მიზნებია. კურსის ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეები, შეძლებენ სრულიად უფასოდ შეისწავლონ ხელოვნური ინტელექტი ნულიდან პროფესიულ დონემდე.

საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, მონაწილეები შეისწავლიან პროგრამირების, წრფივი ალგებრის, კალკულუსის და კლასიკური მანქანური სწავლების საწყისებს. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - ნეირონული ქსელები, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება. საოლიმპიადო კურსი პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობაზე იქნება ორიენტირებული.

კურსზე რეგისტრაცია 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ლექციები კი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

კურსის ბოლოს, ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება, სადაც გამარჯვებული გუნდი, 2026 წელს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI), საქართველოს სახელით წარდგება.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. 2026 წელს ოლიმპიადა აბუ-დაბიში ჩატარდება და ეროვნული ნაკრების შერჩევის ავტორიზაცია კვლავ სწორედ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის აქვს.

დაინტერესების შემთხვევაში, დარეგისტრირდით ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბერს, დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, ონლაინ შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, დეტალურად იქნება განხილული გასავლელი ეტაპები, რეგისტრაციის, შერჩევის და შემდგომი პროცესები. შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე.