"ადგილი, სადაც მუდმივად გრძნობ, რომ შენი განვითარება მნიშვნელოვანია" - ნინო ჯაში, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სწრაფი, ცვლილებებითა და გამოწვევებით სავსე გარემო, რომელშიც ფინანსური ორგანიზაციები ყოველდღიურად ფუნქციონირებენ, მოითხოვს მოქნილობას, ინოვაციურ მიდგომებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ სწორ გადაწყვეტილებებს. ასეთ რეალობაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მონაცემების ზუსტი ანალიზი, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს, სტრატეგიულად იმოქმედოს.

საქართველოს ბანკის გუნდის წევრი ნინო ჯაში ფინანსების სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე დარწმუნდა, რომ გამოწვევებით სავსე ინდუსტრია იყო სწორედ ის სივრცე, სადაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება სურდა. დღეს ნინო საქართველოს ბანკში IFRS ანგარიშგების ჯგუფს ხელმძღვანელობს, ხოლო მისი კარიერული გზა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ დასაქმებულთა პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოში განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ფინანსების მიმართულებით და რა იყო საბანკო სექტორში დასაქმების მთავარი მოტივაცია?

თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნესის მიმართულებით და სწორედ იქ სწავლისას მივხვდი, რომ ფინანსები ის სფეროა, რომელშიც კარიერის გაგრძელება მინდოდა. მეოთხე კურსზე EY Georgia-ში დავიწყე მუშაობა აუდიტის მიმართულებით, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან მქონდა შეხება, მათ შორის, საბანკო სფეროსთანაც. აუდიტში კომპანიებს გარედან უყურებ, ამიტომ გარკვეულ მომენტში გამიჩნდა სურვილი, თავად ვყოფილიყავი პროცესების შიგნით და უკეთ გამეგო, თუ როგორ მუშაობს ორგანიზაცია. სწორედ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა საბანკო სექტორში გადასვლა.

როდის შემოუერთდით საქართველოს ბანკის გუნდს და რა გზა გაიარეთ დღევანდელ პოზიციამდე?

საქართველოს ბანკის გუნდს 2018 წელს შემოვუერთდი, ასე რომ, უკვე მერვე წელია, რაც აქ ვმუშაობ. ანალიტიკოსის პოზიციიდან დავიწყე, ეტაპობრივად გავიზარდე პროფესიულად და ჩავერთე უფრო კომპლექსურ პროცესებში. გამოცდილების დაგროვებამ და ახალი პასუხისმგებლობების აღებამ IFRS ანგარიშგების ჯგუფის უფროსის პოზიციამდე მომიყვანა.

რას გულისხმობს IFRS ანგარიშგება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბანკისთვის?

IFRS ანგარიშგება წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია როგორც ბანკის შიდა გადაწყვეტილებების მისაღებად და ანალიტიკისთვის, ასევე გარე მხარეებისთვის: ინვესტორებისთვის, რეგულატორებისთვის და პარტნიორებისთვის, რომლებიც სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებენ ბანკის სანდოობასა და ეფექტიანობას.

ჩემი გუნდის მთავარი ღირებულებაა ზუსტი, სანდო და ხარისხიანი ფინანსური ინფორმაციის მიწოდება და ანალიზი, რაც მენეჯმენტს და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

რომელი გამოწვევები ახდენს განსაკუთრებულ გავლენას თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე?

ჩვენი სფერო მუდმივად იცვლება როგორც ახალი სტანდარტების და რეგულაციების კუთხით, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით. ეს მოითხოვს სწრაფ ადაპტაციას და დეტალურ ანალიზს. სწორედ ამ ცვლილებებმა მასწავლა მოქნილობა და შემძინა სწრაფად რეაგირების უნარი, რაც ანგარიშგების მომზადების მკაცრი ვადების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ უწყობს ხელს საქართველოს ბანკი თანამშრომელთა პროფესიულ ზრდას და განვითარებას?

საქართველოს ბანკი ნამდვილად დიდი ყურადღებით ეკიდება თანამშრომლების განვითარებას როგორც ტექნიკური ცოდნის, ისე ლიდერული უნარების მიმართულებით. გვაქვს უამრავი ტრენინგი და, ჩვენი საქმიანობის შესაბამისად, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა. ბანკში მუდმივად გრძნობ, რომ შენი განვითარება მნიშვნელოვანია და ამას ორგანიზაცია აქტიურად უწყობს ხელს.

ყველაზე ღირებული გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობისას ვისწავლე, არის გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა. დამოუკიდებლად მუშაობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორედ გუნდური თანამშრომლობა და იდეების გაზიარება იძლევა საუკეთესო შედეგს.

და ბოლოს, რა გაძლევთ მოტივაციას, არ გაჩერდეთ?

ჩემს მოტივაციას აძლიერებს ის, რომ მუდმივად მაქვს სივრცე ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად. ახალი პროექტები და გამოწვევები მაძლევს შესაძლებლობას, განვვითარდე და გავაზიარო ცოდნა სხვებთანაც. როცა ხედავ, რომ შენს შრომას შედეგი მოაქვს და წვლილი შეგაქვს დიდი გუნდის წარმატებაში, ეს საუკეთესო სტიმულია წინსვლისთვის.