"12 გაჩერება": ცოდნის ახალი მარშრუტი 12 თვე, 12 შეხვედრა, 12 განსხვავებული ავტორის ხმა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზოგჯერ სიტყვასაც შეუძლია გზა იყოს: თბილისიდან რეგიონამდე, წიგნიდან – ცოცხალ დიალოგამდე, ავტორიდან – მკითხველის ფიქრამდე. სწორედ ამ გზაზე გადაიკვეთა "ცოდნის კაფის" ინიციატივა და BDO Academy-ის სურვილი შეექმნათ ერთწლიანი სოციალურ-საგანმანათლებლო მარშრუტი, სახელწოდებით "12 გაჩერება".
პროექტი "12 გაჩერება" სისტემური ინვესტიციაა აზროვნებაში, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ქართველი მწერლები და აუდიტორია ერთად შექმნიან "ფიქრის ახალ მარშრუტს" რეგიონიდან დაწყებულს, მთელი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს.
რატომ "12 გაჩერება"?
12 პროექტის სტრუქტურას, მრავალფეროვნებასა და სისტემურობას ასახავს: 12 თვე, 12 შეხვედრა, 12 განსხვავებული ავტორის ხმა.
სიტყვა "გაჩერება" კი ცოდნის კაფის ნამდვილ ბუნებას აღწერს, ინტელექტუალური თავშესაფრის, სადაც შესაძლებელია შეჩერება, ამოსუნთქვა, მოსმენა და შემდეგ უკვე სხვანაირი ფიქრით გზის გაგრძელება.
12 გაჩერება ერთდროულად გზაც არის და დანიშნულების ადგილიც. ყოველი "გაჩერება" არის ახალი იმპულსი თვალსაწიერის გასაფართოებლად და ფიქრის თავისუფლების გასაძლიერებლად.
პროექტის მიმდინარეობა და ავტორები
პროექტი გულისხმობს ერთწლიანი შეხვედრების სერიას, რომელიც 29 ნოემბერს იწყება და 1 წლის განმავლობაში ცოდნის კაფეს, ლიტერატურული შეხვედრების სახლად აქცევს.
ყოველი თვის ბოლო შაბათს, ერთსა და იმავე სივრცეში, წნორში, სხვადასხვა თაობის ადამიანები შეიკრიბებიან, რათა ქართველ მწერლებს მოუსმინონ და მათთან ერთად იმსჯელონ თემებზე, რომელიც ყველას გვეხება და გვაერთიანებს.
12 გაჩერების პირველ გაჩერებაზე მსმენელს, დათო ტურაშვილი დახვდება.
მოწვეულ მწერალთა შორის არიან:
ნინო ხარატიშვილი, სალომე ბენიძე, გიორგი კეკელიძე, თამთა მელაშვილი, ნათია ფანჯიკიძე, ზვიად კვარაცხელია, ლევან ბერძენიშვილი, ანა მარგველაშვილი, არჩილ ქიქოძე.
თითოეული მათგანი ცოდნის კაფეში საკუთარი სამყაროს ნაწილს წამოიყოლებს, ისტორიებს, პერსონაჟებს, მეტაფორებს, თავისუფლებას და იმ უხილავ ღერძებს, რომლებზეც ქვეყნის ფიქრი ტრიალებს. მათი შეხვედრები არ იქნება მხოლოდ წიგნებზე საუბარი, ეს იქნება დიალოგი ხედვებზე, ღირებულებებსა და მისწრაფებებზე.
პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა
"12 გაჩერება" რეგიონში ცოდნის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯია. BDO Academy-სთვის ეს პროექტი განათლების სისტემური მხარდაჭერის გაგრძელებაა, ამჯერად ლიტერატურის ენით. "ცოდნის კაფისთვის" კი, საკუთარი მისიის ხორცშესხმა, რომ რეგიონში შეიძლება არსებობდეს ადგილი, სადაც ფიქრი ლიტერატურის გარშემო, კითხვა და შეხვედრები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ყოველდღიური საქმეები.
"12 გაჩერება" ყველასთვისაა ვისაც სჯერა, რომ კარგად მოყოლილი ამბები ადამიანს გზას უჩვენებს, საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და იმ მომავალთან, რომელიც ჯერ კიდევ დასაწერია.