ნდობა, სამართლებრივი სიზუსტე და ტექნოლოგია – Escrow-ის ბიზნესმოდელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ჩვენი ბიზნესი აგვარებს ნდობის პრობლემას მყიდველსა და გამყიდველს შორის. Escrow მოდელი ორივე მხარეს თაღლითობისგან იცავს, ფინანსურ რისკებს ამცირებს და უზრუნველყოფს, რომ თანხა გადაირიცხოს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეთანხმების პირობები სრულად შესრულდება", – ლევან ჯამარჯაშვილი, Escrow-ის დამფუძნებელი.
ლევანის თქმით, Escrow-ს სერვისი მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას, სამართლებრივ სიზუსტესა და ნდობის სწრაფად მოპოვებას. მსგავსი სისტემების არარსებობა სწორედ ის შესაძლებლობა იყო, რომელიც გუნდმა სწორად გამოიყენა.
"იდეა რეალურ ბაზარზე დაკვირვების შედეგად გაჩნდა. საქართველოში ბევრი გარიგება მხოლოდ პირად ნდობას ეყრდნობა, რაც ხშირად პრობლემებით მთავრდება. ჩვენი მიზანია საერთაშორისო სტანდარტის Escrow სერვისის შემოტანა ლოკალურ ბაზარზე მარტივი ინტერფეისით, სწრაფი პროცესითა და იურიდიულად გამართული მექანიზმით".
ლევანი იხსენებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვება და პროცესების სამართლებრივად სწორად მართვა იყო. ეს საკითხი დეტალური წესების შემუშავებით, გამჭვირვალე პირობების დანერგვითა და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გამოყენებით გადაიჭრა.
"ინსპირაციას გვაძლევს რეალური პრობლემების გადაჭრა და ის ფაქტი, რომ ჩვენს სერვისს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს შეთანხმებების უსაფრთხოება საქართველოში".
უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გუნდის მთავარი მიზანია, Escrow პლატფორმა ჩამოყალიბდეს, როგორც მასშტაბირებადი და ტექნოლოგიურად ძლიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ლოკალური ბაზრით არ შემოიფარგლება.
"პირველ ეტაპზე ვგეგმავთ Escrow სისტემის ინტეგრაციას მრავალ ნიშურ ინდუსტრიაში, მათ შორის უძრავი ქონების სექტორში, e-commerce-ში, ციფრულ სერვისებსა და B2B/B2C ბიზნესებში.
პარალელურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობების შექმნაზე როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან, პლატფორმის სრულ ავტომატიზაციაზე, პროცესების გამარტივებასა და მომხმარებლის გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტებით გაუმჯობესებაზე.
Escrow უნდა გახდეს საერთაშორისო ფინანსური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებლობას მისცემს, ტრანზაქციები უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ განახორციელონ.
ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელიც შეძლებს მუშაობას მრავალ იურისდიქციაში და გახდება Escrow სერვისის ერთ-ერთი ცნობადი მოთამაშე საერთაშორისო ბაზარზე".