FLOWVEND.GE – ყვავილების შეძენა მარტივად და ხელმისაწვდომად 24 საათის განმავლობაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიხეილ და მირიამ ხუციშვილი 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან, ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ხოლო 4 წლის წინ გახსნეს ყვავილების მაღაზია. მაღაზიის გახსნა დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, რადგან ჯერ იდევ პანდემიის პერიოდი იყო და ყველაფერი სწრაფ და გაუგებარ ტემპში იცვლებოდა ისე, რომ ბევრი რამ კონტროლს არ ექვემდებარებოდა. თუმცა ამის მიუხედავად, დღეს მათი ბიზნესი 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ერთი საათის განმავლობაში თბილისის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ მომხმარებლის მიერ შერჩეული თაიგულის დამზადება და მიწოდება.

"წელს ჩვენი ახალი პროექტი პოლონური მწარმოებლის, Eldrut Automatics-ის მიერ წარმოებული ყვავილების გასაყიდი ვენდინგ აპარატებია, რომლებიც ევროპაში ოპერირებენ Bouquetmat-ის სახელით, ხოლო საქართველოსა და ამიერკავკასიაში წარმოდგენილი იქნება, როგორც FLOWVEND.GE, რომლის ოფიციალური დილერებიც ჩვენ გახლავართ.

FLOWVEND.GE – არის ყვავილების გასაყიდი ვენდინგ აპარატი, რომელშიც ინტეგრირებულია IT ტექნოლოგიები და სპეციალური მიკროკლიმატი, რომელიც ზრდის ყვავილის სიცოცხლისუნარიანობას 2 კვირამდე და სრულად იმართება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ეს ამ სფეროში ინოვაციური და წარმოუდგენლად მოსახერხებელია ყვავილების მაღაზიის მფლობელთათვის ან ცალკეული ინვესტორებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში შემოსვლა სურთ", – ამბობს მიხეილ ხუციშვილი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ FLOWVEND-ის აპარატი უკვე დგას თბილისის საერთაშორისო აერპორტშიც, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ძვირფას ადამიანებს მათი თაიგულებით დახვდნენ.

მიხეილ ხუციშვილის თქმით, დანადგარის შექმნის მთავარი მიზეზი ყვავილების შეძენის პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და ხელმისაწვდომობა იყო – 24/7 შესაძლებელია მზა თაიგულის შერჩევა და მონიტორზე ორი დაწკაპუნებით შეძენა აპარატიდან, სადაც კლიმატი უკეთესია, ვიდრე მაღაზიის პირობებში.

ბევრ ადამიანს ხშირად არ აქვს საკმარისი დრო ყვავილების მაღაზიაში მისასვლელად, თაიგულის დიზაინის ასარჩევად, განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც უმეტესი მაღაზია დაკეტილია. ჩვენ დავინახეთ ეს პრობლემა მომხმარებლების მხრიდან და ამ დანადგარების საჭიროება ყვავილების მაღაზიებისთვის. ახალი ფილიალის გახსნა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული, იქნება ეს სწორი ლოკაცია, ფართის ზომა, ინვენტარი, რემონტი, იჯარა, ხელფასები თუ სხვა. FLOWVEND.GE კი ყველა ამ პრობლემას პასუხობს, დაახლოებით იმავე ხარჯებით, რაც მაღაზიის გასახსნელად იქნებოდა საჭირო – შეგიძლიათ შეიძინოთ დანადგარი, რომელიც მუშაობს 24/7-ზე, არ აგვიანებს, არ იპარავს, არ საჭიროებს ხელფასს და დიდ საიჯარო გადასახადს, აქვს გარანტია, ხოლო ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სერვისსა და მომსახურებას. ამიტომ ეს შესაძლებლობა ნამდვილად ინოვაციური და მოგებიანია", – ამბობს მიხეილ ხუციშვილი.

მიხეილ ხუციშვილის თქმით, ხშირად ეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მოსახლეობა მსგავსი პროდუქტისთვის მზად არ არის და წამოწყება არ იმუშავებდა. თუმცა დამფუძნებლები ბოლომდე ენდნენ საკუთარ ხედვას, იდეებსა და გამოცდილებას.

ყველაზე დიდ გამოწვევად მიხეილ ხუციშვილი ტექნიკურ მხარეს ასახელებს, ვინაიდან საჭირო იყო სრულიად ავტომატურ სისტემაში გარკვევა, რომელიც არა მხოლოდ ყვავილებს ყიდის, არამედ ზრუნავს მის ხარისხზეც: ტემპერატურაზე, ტენიანობასა და შენახვის ვადაზე. მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში გარკვევა არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი, მათ ეს მოახერხეს – იყვნენ მწარმოებელ ქარხანაშიც, დაესწრნენ წარმოებისა და მონტაჟის პროცესებს, რათა გაეღრმავებინათ ცოდნა აღნიშნულ სერვისში.

"ყვავილების სფეროში ინსპირაციას გვაძლევს სილამაზე – ის, რაც ჩვენ ირგვლივ არის და, უბრალოდ, დანახვა სჭირდება. ინსპირაციას გვაძლევენ ჩვენი მომხმარებლები და ის ემოციები, რასაც ისინი ყვავილების მეშვეობით ავლენენ. ჩვენთვის FLOWVEND მხოლოდ ტექნოლოგიური პროექტი არ არის, ის არის გზა, რომ ადამიანებს სიხარული მივაწოდოთ ნებისმიერ დროსა და ადგილას. ჩვენი სლოგანია – "დაუვიწყარი შთაბეჭდილებისთვის", რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მომხმარებლებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოვახდინოთ", – აღნიშნავს მიხეილ ხუციშვილი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას FLOWVEND-ის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ აწარმოებენ მოლაპარაკებებს სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ამ მიმართულებით დიდი ინტერესია.

"მომდევნო 1 წლის განმავლობაში ვგეგმავთ FLOWVEND-ის დანადგარების დამონტაჟებას თბილისის სხვადასხვა უბანში, შესაძლოა სხვა ქალაქებშიც. ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე საქართველოში განვათავსოთ მინიმუმ 10 FLOWVEND აპარატი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვმუშაობთ პარტნიორობის მოდელზე, სადაც ადგილობრივი ფლორისტები შეძლებენ FLOWVEND აპარატების შეძენასა და ამ მოდელის თავიანთ ბიზნესში გადმოტანას. გვჯერა, რომ ეს გახდება ახალი ეტაპი ყვავილების ინდუსტრიაში, სადაც ინოვაცია, ესთეტიკა და კომფორტი გაერთიანდება ერთ სივრცეში", – ამბობს მიხეილ ხუციშვილი.