ქალის სტრატეგიული ხმა და პროფესია, როგორც შთაგონების წყარო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სწორად შერჩეული პროფესია ხშირად ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავგადასავლად იქცევა. როდესაც გჯერა საკუთარი თავის და გიყვარს ის, რასაც აკეთებ, გამოწვევებიც კი ახალი შესაძლებლობებია. ნინო რამიშვილისთვის მარკეტინგი და კომუნიკაცია მხოლოდ კარიერული არჩევანი არ ყოფილა – ეს იყო სფერო, სადაც თხრობის ხელოვნება და სტრატეგიული აზროვნება ერთმანეთს ერწყმის.
მისი პროფესიული გზა სტრატეგიული კომუნიკაციისადმი ინტერესმა განსაზღვრა. სჯეროდა, რომ მნიშვნელოვანი შედეგები სწორად წარმართული დიალოგით იწყება, ამიტომ კომუნიკაცია ყოველთვის მისი მთავარი ძლიერი მხარე იყო. სწორედ საქმისადმი ასეთმა სიყვარულმა და მიზანდასახულობამ ნინო
რამიშვილის კარიერა საინტერესოდ განავითარა და დღეს საქართველოში საერთაშორისო ბრენდის – "კარფურის" მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.
ნინო რამიშვილს 17-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი სამუშაო პორტფოლიო მოიცავს როგორც კერძო კორპორაციებში, ასევე საჯარო სექტორში განხორციელებულ პროექტებს. მან სხვადასხვა დროს არაერთი გავლენიანი ბრენდისთვის იმუშავა არა მარტო საქართველოში, არამედ თურქეთსა და ემირატებში. მისთვის მარკეტინგი მხოლოდ სტრატეგია არ არის – ეს არის შესაძლებლობა, შექმნას შთამაგონებელი ისტორიები, მომხმარებლისთვის ღირებული გამოცდილება და ბრენდის გავლენიანი რეპუტაცია.
ნინო რამიშვილს მიაჩნია, რომ სამყაროში, სადაც ხშირად ნეგატიური ნარატივები დომინირებს, პოზიტიური აზროვნების ძალას და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კი თავადაც მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს მეტი დადებითი, შთამაგონებელი და ავთენტური ამბბების გადმოსაცემად.
მოგვიყევით "კარფურში" მუშაობის გამოცდილების შესახებ.
თითქმის 9 წელია, რაც "კარფურის" გუნდს შემოვუერთდი. ეს პერიოდი და კომპანიაში განვლილი გზა ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა. მე ვიყავი პირველი, ვინც საქართველოში ბრენდის სტრატეგიულ კომუნიკაციაზე დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ "კარფური" მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ცნობადი ბრენდია ბაზარზე.
წლების განმავლობაში ჩემი სამუშაო სფეროც გაფართოვდა. დღეს ჩემი ხელმძღვანელობით დეპარტამენტი აერთიანებს მარკეტინგს, კომუნიკაციას, ლოიალობის პროგრამას, კლიენტთა მომსახურებას და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს ზრდა შესაძლებლობად ვაქციეთ – შევქმენით სტრატეგია, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მომხმარებელთან კავშირსაც აძლიერებს.
როგორ შეაფასებდით – რა არის კომპანიის ძირითადი ფასეულობები და პრინციპები?
გამბედაობა, მიზანდასახულობა და გუნდური მუშაობა – ეს ის ღირებულებებია, რაც "კარფურთან" მაკავშირებს. ამაყი ვარ, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც მენეჯერების 60% ქალია. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "კარფურისათვის" თანასწორობა, ქალების გაძლიერება და ინკლუზიური გარემოს შექმნა. სწორედ ასეთი მიდგომა მაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო კომპანიისთვის, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს აფასებს, არამედ თითოეულ მომხმარებელს, რომელსაც ემსახურება.
როგორია თქვენი პროფესიული გზა "კარფურის" მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციამდე – რა იყო ამ პროცესში მთავარი გამოწვევები და რამ განსაზღვრა კომპანიაში თქვენი წარმატება?
ჩემთვის ეს გზა იყო საკუთარი თავის რწმენისა და მუდმივი განვითარების პროცესი. ჩემი კარიერული გზის განმავლობაში ყოველთვის მჯეროდა, რომ კომუნიკაციას შეუძლია არა მხოლოდ დააკავშიროს ადამიანები, არამედ რეალური ცვლილებებიც მოახდინოს. "კარფურში" მუშაობის შესაძლებლობა ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ საერთაშორისო გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა კონკრეტულ შედეგებად მექცია – საქართველოში განმევითარებინა ბრენდი, რომელიც საზოგადოების საჭიროებებსა და სურვილებს ეხმიანება.
ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ თითოეული სირთულე გაძლიერებისა და ფასეულობებისადმი ერთგულების გაკვეთილად ვაქციე. როგორც ქალი ლიდერი, ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემს ხმას და უნარებს დიდი ძალა აქვს. ჩემთვის ლიდერობა სწორედ ამ რწმენაზეა დაფუძნებული, რომ კომუნიკაციას – იქნება ეს სიტყვებით, ისტორიების თხრობით თუ ქმედებებით – ბარიერების დაძლევა და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია.
ამ წლების განმავლობაში შევკარი გუნდი, რომელიც ენერგიით, ენთუზიაზმითა და ერთგულებით არის სავსე. ბევრი მათგანი ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია. მათი ინოვაციური ხედვა, კრეატიული აზროვნება, შემართება, თავდაჯერება და თავდადება ჩვენი კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. მიხარია, რომ ჩვენ – თანამშრომელთა გუნდი, როგორც ერთიანი ძალა, ამ დრომდე ყველა გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდით.
"კარფურის" მსგავსი საერთაშორისო კომპანიის ნდობის მოპოვება განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნარებია გადამწყვეტი იმისთვის, რომ ასეთ მასშტაბურ ბრენდთან თანამშრომლობისას წარმატებას მიაღწიო?
დიდ საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება "კარფურამდეც" მქონდა, ამიტომ კარგად ვიცოდი, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიის ნდობის მოპოვება მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას, საქმისადმი სიყვარულს, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის, ანუ მრავალფეროვან გარემოში ადაპტირებისა და გუნდურად მუშაობის უნარს. ჩემი კარიერის განმავლობაში თითოეულ გამოწვევას შედეგზე ორიენტირებული მიდგომით ვუდგებოდი, რათა მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიები მაქსიმალურად მორგებული ყოფილიყო როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე "კარფურის" გლობალურ სტანდარტებზე.
გარდა პროფესიული უნარებისა, გადამწყვეტია პიროვნული მახასიათებლებიც – გამბედაობა, თავდაჯერებულობა და საქმისადმი ერთგულება. ასეთი მიდგომები გეხმარება, რომ არა მხოლოდ შექმნა, არამედ შეინარჩუნო ღირებული ურთიერთობები როგორც მომხმარებლებთან, ისე კოლეგებთან. ნდობა იქმნება მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ და მზად ხარ ბარიერების დასაძლევად, რათა კომპანიას რეალური ღირებულება შესძინო.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერის შემდეგი ეტაპი? ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული მომავალი კვლავ "კარფურთან" იქნება დაკავშირებული?
მომავალი ყოველთვის ახალი შესაძლებლობების სივრცეა. "კარფური" ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია – სავსე გამოწვევებით, განვითარებით და მიღწევებით, რითაც ნამდვილად ვამაყობ. თუმცა "კარფურში" ჩემთვის ყველაზე ღირებული ადამიანური ურთიერთობებია – ყველაზე ერთგული, კრეატიული, შრომისმოყვარე ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველდღიურად შთამაგონებს, ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ამ შთაგონებით დღემდე ძლიერი ინტერესით და სიამოვნებით ვაგრძელებ საყვარელი საქმის კეთებას. გავაგრძელებ თუ არა კარიერას "კარფურში"? ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი – ყოველთვის მიზიდავს შესაძლებლობები, სადაც რეალური დადებითი ცვლილებების გამოწვევა, ლიდერობა და მდგრადი ღირებულებების შექმნა შემიძლია.
კორპორაციულ წარმატებასთან ერთად, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მჯერა, რომ მენტორობით, სწორი ნარატივების შექმნითა და ახალგაზრდა პროფესიონალების შთაგონებით, შეგვიძლია მომავალი თაობისთვის უფრო ძლიერი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო შევქმნათ.
ყველაზე მეტად მაბედნიერებს ის, როცა ვქმნი იმდენად ღირებულს, რომ
ის მხოლოდ ჩემი პროფესიული წარმატების ფარგლებში არ დარჩება. სანამ არსებობს მოსათხრობი ისტორიები, ახალი პროექტები, ბრენდები განვითარების შესაძლებლობით და შთამაგონებელი ადამიანები – ჩემი კარიერული გზაც გაგრძელდება.