"თამოს სკოლა" – ადგილი, სადაც ბავშვებისთვის ფსიქოლოგია, ხელოვნება და თამაში ერთიანდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მრავალი წელია ბავშვებთან ვმუშაობ, უზომოდ მიყვარს ბავშვები და ის საქმე, რასაც ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი გარკვეული მისიით იბადება და ჩემი მისია სწორედ ესაა, აღმოვაჩინო ნაპერწკლები ამ საოცარ არსებებში და მაქსიმალურად გავაღვივო.

ყოველთვის მინდოდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვებთან სხვადასხვა თემაზე საუბარი, სადაც აქტიურად შემოვიდოდა ფსიქოლოგია და ამ სივრცის მთავარი ღირებულება, სრული თანხვედრა ბავშვის შინაგან სამყაროსთან", – თამარ აფციაური, "თამოს სკოლის" დამფუძნებელი.

"თამოს სკოლაში" ფსიქოლოგია, ხელოვნება და თამაშობები ერთიანდება. შეხვედრები არის საინტერესო, ინფორმაციული, მხიარული, მრავლისმომცველი და, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვზე მორგებული.

"აქ არ გვაქვს შეზღუდვები, ერთმანეთს ყურადღებით და გულისხმიერებით ვუსმენთ. ერთმანეთის აზრებს პატივს ვცემთ და ემპათიას ვსწავლობთ, რაც ხელს უწყობს ბავშვებში ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებას.

ჩვენი სკოლა სოფელ გალავანში მდებარეობს, ვინაიდან საგურამო მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეკუთვნის, ბავშვების წრეებზე ტარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სოფელში მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე წრე, ხოლო ხელოვნების მიმართულების აქტივობები ძირითადად მეზობელ სოფლებშია ხელმისაწვდომი.

თამო ფიქრობს, რომ ყველა საქმე, რომელსაც ხელს ვკიდებთ, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ სფეროში, სადაც ბავშვები არიან ჩართულები და მათ განვითარებას ეხება საქმე.

"აქ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო და ოქროს შუალედის დაცვა. იმდენად დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ ეს გაფიქრებს, რა გამოვა, როგორ გამოგივა, როგორ გაართმევ თავს ამ უდიდეს პასუხისმგებლობას. მაგრამ რატომღაც, ახლა ზუსტად ის დრო აღმოჩნდა, როდესაც გავბედე და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. დავრწმუნდი, რომ სწორად ვაკეთებ ამ საქმეს და ყველაზე მთავარი ჯილდო, ბავშვების სიყვარული მოვიპოვე".

თამოსთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობაა. მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანის მისიაა საკუთარი მიზანი იპოვოს და მისკენ მიმავალ გზას პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

"უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სივრცეში ბავშვებთან შეხვედრები უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. დაგეგმილია ვორქშოპები, მშობლებთან შეხვედრები, ტრენინგები და კიდევ უამრავი რამ.

მინდა, რომ მცირედი წვლილი მაინც შევიტანო ბავშვებში ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. აქტიურად დავნერგოთ ფსიქოლოგიური განათლება, როგორც ბავშვებში, ისე მშობლებში. და ჩვენ პატარებს მეტად ჯანსაღი მომავალი შევუქმნათ".