პროფესიული წარმატება, როგორც თავგადასავლებით სავსე გზა – ანა ღვინიაშვილის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატება მარტივად არ მოდის – ეს არის მოგზაურობა, რომელსაც თან სდევს ცნობისმოყვარეობა, გამბედაობა და ძალა, რომ იდეები რეალობად აქციო. ანა ღვინიაშვილის ისტორია სწორედ ასეთია – კარიერული გზა, რომელიც საქართველოდან დაიწყო და ნიუ-იორკამდე მივიდა. დღეს ანა Marriott International-ის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ბრენდში, W New York – Union Square-ში ივენთმენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

Entrepreneur-მა ანა ღვინიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის თავის კარიერულ თავგადასავალზე საუბრობს.

როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და როგორ მოხვედით ამჟამინდელ პოზიციამდე?

ჩემი პროფესიული გზა საქართველოში დაიწყო და ნელ-ნელა საერთაშორისო სივრცეში გადაინაცვლა. ფინანსურმა განათლებამ მიმიყვანა კარიერამდე, სადაც ჩემი ძირითადი საქმიანობა უნიკალური და დაუვიწყარი მომენტების შექმნაა, რომლებიც ადამიანების მეხსიერებაში დიდხანს რჩება.

დღეს Marriott International-ის ქოლგის ერთ-ერთ ყველაზე გამბედავ ბრენდში – W New York-ში ვმუშაობ, სადაც ჩემს კარიერას სრული გასაქანი მიეცა. თითოეული ღონისძიება ჩემთვის ახალი ისტორიაა. თანაც, ბრენდმენეჯერის პიზიციაზე მუშაობის წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პატარა ნაბიჯი ბრენდის უნიკალურ იდენტობასა და გლობალურ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

მოგვიყევით ბოლო პერიოდის იმ პროექტის შესახებ, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ან დასამახსოვრებელი იყო.

ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო The Premier Launch. ერთი შეხედვით მისი მიზანი მარტივი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ამბიციური იყო – უნდა გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ W New York – Union Square რენოვაციის შემდეგ დაბრუნდა და ახლა კიდევ უფრო სრულყოფილია, ვიდრე ოდესმე. ეს იყო დღეები, როცა დიზაინი, მუსიკა და ხელოვნება ერთიან გამოცდილებად იქცა. სასტუმროს თითოეული კუთხე ასხივებდა ენერგიას, შემოქმედებითობასა და იმ გამორჩეულ სტილს, რაც ამ ბრენდს განსაზღვრავს. ღონისძიების შესახებ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ცნობილი გამოცემების უმეტესობა საუბრობდა და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – სტუმარმასპინძლობა ნამდვილად არის ხელოვნება, რომელიც გულიდან მოდის.

მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა საქართველოში?

ჩემი კარიერული გზა კომპანია Arttime-ში დაიწყო. მოგეხსენებათ, Arttime საქართველოში წარმოადგენს შვეიცარიული საათებისა და აქსესუარების წამყვან ბრენდებს: Tissot, Longines, TAG Heuer, Swatch, Rado, Balmain და სხვას. თითქმის ათწლიანმა გამოცდილებამ მკაფიოდ დამანახვა, როგორ შეიძლება ბრენდი მხოლოდ პროდუქტი კი არა, ემოციური გამოცდილებაც გახდეს. 2015 წელს შევქმენი Arttime Club – ერთ-ერთი პირველი ლოიალურობის პროგრამა საქართველოში, რომელიც CRM, იგივე კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაზე იყო დაფუძნებული. პროგრამამ გაყიდვების პროცესი ურთიერთობებად აქცია, ბრენდისადმი ერთგულება კი – ნამდვილ ემოციურ კავშირად.

მოგვიანებით ვხელმძღვანელობდი Arttime-ის პირველი ონლაინმაღაზიის შექმნას. მიზანი იყო ისეთი ვებგვერდის შექმნა, რომელიც ასახავდა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბრენდების ელეგანტურობასა და სიზუსტეს, თანაც ისე, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტი დაცული ყოფილიყო. საბოლოოდ მივიღეთ ერთგვარი ციფრული ბუტიკი, რომელმაც კომპანია იმ დროს საქართველოს ბაზარზე ლიდერად აქცია ლუქსსეგმენტის ელექტრონულ კომერციაში.

რა გავლენა იქონია Arttime-ში მუშაობის გამოცდილებამ თქვენს ხედვაზე და როგორ გაგრძელდა თქვენი პროფესიული მოგზაურობა?

კომპანიიდან ხშირად ვესწრებოდი შვეიცარიული საათების ინდუსტრიაში არსებულ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას – Baselworld-ს. სწორედ იქ მივხვდი, რომ ბრენდის ისტორია იქმნება არა მხოლოდ დიზაინით, არამედ ემოციითაც. ასევე, ზუსტად იქ გამიჩნდა ინტერესი სტუმარმასპინძლობის სფეროს მიმართ – ინდუსტრიისა, რომელიც მთლიანად ემყარება გამოცდილებასა და ემოციას.

ამის შემდეგ კი, ლუქსბრენდებში თითქმის ათწლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავედი ახალ სფეროში – სამოგზაურო ინვენტარის მაღაზიათა ქსელში და შევუერთდი Regalia-ს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Victorinox, Wenger, Piquadro, Travelite, Titan და Troika. აქაც ყოველი ახალი მაღაზიის გახსნა იქცა დიზაინის, ინოვაციისა და ემოციების ერთიანობად.

როგორ აფასებთ თქვენს გზას დღემდე და რას ხედავთ მომავალ ნაბიჯად?

ჩემი კარიერული ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპზე უფრო და უფრო ნათლად ვაცნობიერებდი, რომ ყოველმა საფეხურმა წარუშლელი კვალი დატოვა და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ჩემი პროფესიული იდენტობის ჩამოყალიბებაში. თითოეულ გამოცდილებაში – იქნება ეს შვეიცარიულ ბრენდებთან თანამშრომლობა, ციფრული ინოვაციების დანერგვა თუ გლობალურ სასტუმრო ქსელში მუშაობა – იყო რაღაც განსაკუთრებული, რამაც დამანახვა, რომ წარმატება მხოლოდ ხელშესახები შედეგი კი არა, შეგრძნებაც არის – ემოცია, რომელიც თითოეულ დეტალშია.

ჩემი აზრით, სწორედ ამ ემოციების, ესთეტიკისა და სიზუსტის ერთიანობა აყალიბებს ჩემს პროფესიას ნამდვილ ხელოვნებად. ძალიან მალე წლების განმავლობაში დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩემი ახალი პროექტის სახით გაგაცნობთ, რომლის პრეზენტაციამდეც უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება.

ანა ღვინიაშვილის ისტორია გვახსენებს, რომ წარმატება არ არის ერთჯერადი გამარჯვება – ეს არის მუდმივი პროცესი, სადაც ყოველი ნაბიჯი ქმნის ახალ თავგადასავალს, რომლისთვისაც საზღვრები უცნობია.