იყავი ავთენტური ან B კატეგორიის მოთამაშედ დარჩი!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ერთ-ერთი შეცდომა, რაც ცხოვრების განმავლობაში დამიშვია – საკუთარი თავის სხვებთან შედარება და იმის მცდელობა იყო, რომ სხვას დავმსგავსებოდი!
კარიერის დასაწყისში სწორ სტრატეგიად მივიჩნიე, ის მეკეთებინა, რასაც ჩემს სფეროში ყველა აკეთებდა; ისე მელაპარაკა, როგორც სხვები საუბრობდნენ; იქ მევლო, სადაც სხვები დადიოდნენ; იმ ნორმებსა და სტანდარტებში მოვქცეულიყავი, რასაც სხვები ერგებოდნენ.
მალევე ჩემმა მეამბოხე ხასიათმა გადამარჩინა და ჩემი უნიკალური გზის ძიება დავიწყე. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იყო, თუმცა საკუთარი პერსონის მიგნება ყველაზე სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.
მოგვიანებით კი სხვა პროფესიონალების ცოდნა და პრაქტიკა დამეწია, რომლებიც წარმატების მთავარ იდეად სწორედ ინდივიდუალიზმს ასახელებდნენ.
და დიახ,
პერსონალური ბრენდის შენების მთავარი პრინციპი ავთენტურობაა!
კორპორაციული თუ პერსონალური ბრენდინგის კარდინალური წესი ბაზარზე განსხვავებულობის შექმნაა!
მომხმარებელს სჭირდება მკაფიოდ განსაზღვრული პოზიციონირება და მიზეზი, რატომ უნდა აგირჩიოს შენ!
ბრენდსტრატეგიაზე მუშაობისას ყველაზე დიდ დროს ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშის პოვნას და ჩამოყალიბებას ვუთმობთ. Point Of Difference – რა არის მთავარი, რის გამოც გირჩევ შენ და არა სხვას? უნდა გქონდეს პასუხი კითხვაზე, რატომ შენ?
პერსონალურ ბრენდინგში განსხვავებულობისა და პოზიციონირების რამდენიმე გამზადებული სტრატეგია არსებობს, მაგალითად:
- პირველობის სტრატეგია – როდესაც რაიმე ახალ დისციპლინაში დასაწყისშივე ერთვები და დარგის ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი ხდები, რაც ავტომატურად განაპირობებს შენს ლიდერობას და გამორჩეულობას.
- ანტილიდერის სტრატეგია – როდესაც განსხვავებული პოზიცია და მიდგომები გაქვს და ამით უპირისპირდები საზოგადოდ მიღებულ მოსაზრებებს.
- გამომგონებლის სტრატეგია – როდესაც რაღაც ახალს, ინოვაციას ქმნი, განსაკუთრებულ აღმოჩენას აკეთებ.
სტრატეგიები კიდევ ბევრია, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუკი ვერცერთ სტრატეგიაში ვერ ვხვდებით?
დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, სადაც შენს დარგში ურიცხვი რაოდენობაა პროფესიონალების და დიდი ალბათობით არსებული სტრატეგიებიც გაჯერებულია, პოზიციონირების საუკეთესო გზა შენი უნიკალური მახასიათებლების კომბინაციის შექმნაა.
სხვა შემთხვევაში შენ მოგიწევს დააკოპირო სხვისგან, რითაც ხდები მეორადი ვერსია რომელიმე ბრენდის თუ ადამიანის და B კატეგორიის მოთამაშე, ვინც ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან იქნები.
მკვეთრად გამოხატული პოზიციონირება უნდა ააგო შენს ინდივიდუალიზმზე,
ხშრად შენი ავთენტური მახასიათებელი ხდება ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხს შენთან თანამშრომლობა თუ ურთიერთობა სურს!
როგორ მივაგნოთ ჩვენს უნიკალურ კომბინაციას?
სანამ ამ კონკრეტულზე გადავალთ, მანამდე პირველი ეტაპი საკუთარი თავის აღიარება და მიღებაა!
უნდა გამოკვეთო შენი ძლიერი და სუსტი მხარეები:
- ობიექტურად გადააფასე შენი უნარები, ცოდნა, შესაძლებლობები – რაში ხარ ძლიერი, რა გამოგდის საუკეთესოდ.
- და კიდევ უფრო ობიექტურად აღიარე სუსტი მხარები – რა არის ის, რითი პოზიციონირებაც და კონკურენციის გაწევა გაგიჭირდება?
ხანდახან იმდენად დიდი სურვილი გვაქვს რაიმე მიმართულებით ვიყოთ საუკეთესოები, რომ თავს ვაჯერებთ, რომ ეს კონკრეტული იდეალურად გამოგვდის, მაშინ როცა შესაძლოა სულ სხვა მიმართულებაში ვიყოთ ლიდერები ბაზარზე.
უნდა მიიღო შენი თავი სისუსტეებით და სიძლიერეებით. ეს დაგეხმარება, აქცენტი გააკეთო ძლიერ მხარეებზე და მას მისცე განვითარების შესაძლებლობა.
ახლა კი მთავარი – შენი ძლიერი მხარეების, უნარების და შესაძლებლობისგან უნდა გამოაცხო ნამცხვარი!
პერსონალურ ბრენდის 2 მთავარ კომპენენტს გამოვყოფთ:
1. ბისკვიტი – ნამცხვრის ძირითადადი კომპონენტი:
ეს არის შენი რაციონალური, პროფესიული, ფუნქციური ღირებულება და სარგებელი, რომელიც წამყვანია შენს პერსონაში.
ამ მახასიათებლებს ირჩევ იმ ძლიერი მხარეების ჩამონათვალიდან, რომელიც პირველ საფეხურზე გამოკვეთე.
2. მორთულობა – ის, რაც მომხიბვლელს და შესამჩნევს გხდის – შენი ემოციური, პერსონალური ღირებულება.
აი, მაგალითად – თუ შენ ხარ მარკეტინგის მენეჯერი, შენი რაციონალური ღირებულება შეიძლება იყოს – ციფრული არხების ექსპერტული ცოდნა ან სტრატეგიული დაგეგმარება, ხოლო პერსონალური ღირებულება – ქარიზმატულობა, დადებითი ენერგეტიკა ან კარგი საუბრის მანერა.
დარწმუნებული ვარ შეხვედრიხარ ადამიანს, რომელიც მხოლოდ "გაფორმებაა" ან ადამიანს, რომელიც მხოლოდ "ბისკვიტია" . პირველის შემთხვევა მოკლევადიან პერსპექტივას გვიქადის, რადგან ბისკვიტის გარეშე მხოლოდ ფასადურად ვინიღბებით, მეორე შემთხვევა კი ნაკლებად მიმზიდველი და მომხიბვლელი ნამცხვარია, რომელიც შეიძლება ვერასდროს შევამჩნიოთ დახლზე.
ყველაზე წარმატებულია პერსონალური ბრენდი, ვისაც რაციონალური და ემოციური ღირებულებები გამოკვეთილი და დაბალანსებული აქვს.
სწორედ ეს ბალანსი ქმნის ავთენტურობას და ნაზავს, რომლითაც გამორჩეული ხარ ყველასგან.
ბისკვიტს + მორთულობა = ძლიერ ბრენდს!
გახსოვდეს, რომ შენი გამოცდილების, ცოდნის, უნარების და ღირებულებების კომბინაციით უნიკალური ხარ და ეს არის სწორედ ის, რაც სჭირდება ბაზარს და არა ვინმეს კოპირებული ვერსია!
სხვების მაგალითები გამოიყენე მხოლოდ ქეისებად, გასაანალიზებლად და საუკეთესო პრაქტიკის სასწავლად, შენი პერსონალური ბრენდის შესაქმენლად კი გამოიყენე შენი ინდივიდუალიზმი და შენი უნიკალური გზა შექმენი!