10 გზა, რომლითაც ანტრეპრენერები წარმატებული ათლეტების მსგავს მენტალურ სიძლიერეს გამოიმუშავებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესში – ისევე, როგორც სპორტში – მარტივი ეტაპებისთვის არ ვემზადებით. ჩვენ ვემზადებით უძილო ღამეებისთვის, მოულოდნელი ცვლილებებისთვის, მოულოდნელი მარცხისთვის, ბოლო წუთს აღმოჩენილი დაბრკოლებებისთვის. ვემზადებით გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის, რადგან სწორედ ასეთ დროს ფასდება ლიდერობა.

და ვიყოთ რეალისტები: ასეთი მოულოდნელი დაბრკოლებები არასდროს შეწყდება. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები, ფინანსური შეზღუდვები – ეს ყველაფერი საქმის ყოველდღიური რუტინაა, რომლის მართვაც გვიწევს.

ლიდერები, რომლებსაც ვაფასებ, მხოლოდ ჭკვიანები ან სხარტები არ არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც სიმშვიდეს ინარჩუნებენ, რათა გუნდი კვლავ ფოკუსირდეს და მოძრაობა განაგრძოს მაშინაც კი, როცა ანგარიშის დაფაზე "ნული" წერია. ფსიქოლოგიური გამძლეობა არის ის, რაც განაპირობებს რეაგირებას, რეალურ პასუხს, სიფხიზლეს.

1. მიუდექით წარმატებასა და დაცემას როგორც მომზადების ნაწილს

შეცდომები და ცვლილებები ნორმალურია. ლიდერები, რომლებიც წარმატებული არიან, ამას გრძნობენ და წინასწარ ემზადებიან. როგორც წარმატებულმა სპორტსმენებმა, მათაც იციან, რომ შედეგი მყარ საფუძველზე შენდება, სადაც ლიდერებმა და გუნდმა იცის, რომ ყოველი გამოწვევა განვითარების ნაწილია. ეს არა მხოლოდ მენტალური მიდგომაა, არამედ ოპერაციული სტრუქტურაც, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს, მოქნილად მოიქცეს, მაგრამ ერთიანობა შეინარჩუნოს.

ლიდერებმა იციან, რომ გამძლეობა წნეხისას არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მიდგომით. ისინი ამას სისტემებით, ორგანიზაციული სტრუქტურითა და სტანდარტული ოპერაციული პროცესებით უზრუნველყოფენ და მოულოდნელად სირთულეები როცა დადგება, მთელი ორგანიზაცია მზად იყოს მოქნილი რეაგირებისა და მისი გადაჭრისთვის.

2. გამოიყენეთ თქვენი "ჭრილობები" იმის დასამტკიცებლად, რომ გადარჩენა შეგიძლიათ

ყველა ლიდერს აქვს გამოცდილება, რომელმაც მათზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა – ჩავარდნა, მარცხი, ფინანსური კრიზისი. ეს ჭრილობები ან გამოცდილება დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ თქვენი ფასეულობები, ლიდერის მიდგომა და რეალური პერსონა.

მაგალითად, ჩემს ცხოვრებაში, 34 წლის ასაკში, გულის ოპერაცია გავიკეთე. ეს სრული მოულოდნელობა იყო. ეს იყო პაუზა კარიერაში, მაგრამ დროებითი. ამ გამოცდილებამ უფრო მეტი რამ მასწავლა, ვიდრე რომელიმე საბჭოს სხდომამ. მე არა მხოლოდ გამოვკეთდი, არამედ უფრო ფოკუსირებული გავხდი და მკაფიოდ ვიცოდი, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი.

ჭრილობების დამალვა საჭირო არ არის – შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი გამოცდილების მისაღებად და სხვებისთვის სწავლის ინსტრუმენტად.

მაგალითად, ვიცნობ CEO-ს, რომელმაც თავის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უდიდესი ონლაინმაღაზია შექმნა. წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ ბაზარი შეიცვალა, მარაგი დაგროვდა, მოგებამ იკლო და ვალმა იმატა. გუნდს ახალ სტრატეგიაზე გადასვლამ მოუწია. დღეს ისინი არა მხოლოდ სტაბილურები არიან, არამედ კვლავ ვითარდებიან, თანაც უფრო ეფექტიანად.

გამძლეობა კულტურად იქცევა, როცა წინ მაგალითი გვაქვს. გადარჩენის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტრატეგიული რესურსია. ჭრილობები გიტოვებენ გამოცდილებას, რომელიც გააზრებულად უნდა გამოიყენოთ.

3. აღიქვით ყოველი გამოწვევა, როგორც თავსატეხი და არა კედელი

როდესაც სიტუაცია ცუდად მიდის, ზოგი ლიდერი ჩერდება, ზოგს კი ახალი ძალა ემატება. ეს არის ფსიქოლოგიური გამძლეობა: წინააღმდეგობის ძალა უნდა აღიქვათ როგორც პრობლემა, რომელსაც გადაჭრა სჭირდება და არა როგორც – წარუმატებლობა. ცნობისმოყვარეობა, რომელიც პრობლემის წინაშე ინტერესს აღვიძებს, შეიძლება სუპერძალად იქცეს.

მე ვამბობ: "თუ მარტივია, მაშინ ჰობი იქნებოდა. ეს არ არის მარტივი, ამიტომ ეწოდება საქმე. ხოლო თუ ნამდვილად მარტივია, ყველა გააკეთებდა და ვერც ვერავინ გამოიმუშავებდა ფულს. რაც უკეთ შეგიძლიათ რთული გარემოებების გადაჭრა, მით უფრო ღირებული ხართ. ეს არის კონკურენტული უპირატესობა".

ეს მიდგომა მხოლოდ დამოკიდებულება არ არის – ეს არის სტრუქტურა. მოძველებული ან ნაწილობრივ ჩამოყალიბებული სისტემა პრობლემების გადაჭრას ართულებს. მაგრამ მოდერნიზებული სისტემები და კარგად განვითარებული ადამიანები პრობლემას უფრო თავსატეხის სახით ხედავენ, რომლის ამოხსნაც შესაძლებელია.

ლიდერები, რომლებიც ვითარდებიან, იმით კი არ გამოირჩევიან, რომ აქვთ იდეალური პასუხები, არამედ იმით, რომ მზად არიან, პრობლემას საკმარისად დიდხანს ჩაეძიონ და მოძებნონ საჭირო ინსტრუმენტები უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღწევად.

4. შექმენით მიდგომა "ყველაფერი შესაძლებელია"

ყველა ანტრეპრენერს იპყრობს ეჭვი. მაგრამ საუკეთესოებს აქვთ ჩუმი თავდაჯერებულობა ქაოსის მიღმა: "ჩვენ გავიგებთ, როგორ მოვაგვაროთ ეს". ეს არ არის ოპტიმიზმი – ეს თვითიდენტობაა, რომელიც მეცნიერებით არის განმტკიცებული. 2021 წელს, Journal of Business Research-ის კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური კაპიტალი – როგორიცაა გამძლეობა, ოპტიმიზმი – დადებითად მოქმედებს საქმის შესრულებაზე, ემოციურ კეთილდღეობასა და რთულ სიტუაციებში ადაპტირების უნარზე.

განვითარების მენტალიტეტი არის შინაგანი პროცესი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიტვირთოთ და პრობლემას გაუმკლავდეთ. ეს არ გაძლევთ დანებების საშუალებას მაშინ, როცა ციფრები ცუდად გამოიყურება, პირიქით – გიბიძგებთ ცნობისმოყვარეობისკენ.

საუკეთესო ლიდერები არიან ისინი, ვინც მზად არიან პრობლემას თვალი გაუსწორონ და საჭირო ინსტრუმენტებით გამოსავალი იპოვონ.

5. ააშენეთ ისეთი გუნდი, როგორიც სპორტსმენების ძირითადი შემადგენლობაა

თქვენ არ გჭირდებათ 50 მრჩეველი. გჭირდებათ რამდენიმე ნამდვილი ექსპერტი, რომელთა რჩევას ენდობით, რომლებიც გეტყვიან არა იმას, რისი მოსმენაც გინდათ, არამედ იმას, რაც უნდა იცოდეთ. ემპათიური ყური, ლოგიკური აზროვნება და პოზიტიური დამოკიდებულება – ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ.

ლიდერი ერთია, მაგრამ ის არ უნდა იყოს იზოლირებული. როგორც სპორტსმენს სჭირდება მწვრთნელი და გუნდი, ლიდერს სჭირდება ნდობით აღჭურვილი მრჩევლები, თანაგუნდელები, რომლებსაც შეუძლია საქმე დაავალოს. ლიდერს სჭირდება ადამიანები, რომლებიც ამოწმებენ მის სუსტ წერტილებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გუნდი იზიარებდეს თქვენს ღირებულებებს და არა მხოლოდ ხედვას.

და გახსოვდეთ ისიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენს წრეში თქვენი პარტნიორი ან მეუღლეა. Journal of Business Research-ის 2024 წლის კვლევამ აჩვენა, რომ პარტნიორის ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ფსიქოლოგიურ კაპიტალს: ოპტიმიზმს, გამძლეობასა და თვითეფექტურობას. სტაბილური, ემოციურად ჭკვიანი პარტნიორი გეხმარებათ იყოთ უკეთესი ლიდერი, განსაკუთრებით სირთულეებისა და წნეხის პირობებში.

გახსოვდეთ, რომ გარშემო მყოფი პირები არა მხოლოდ მხარს გიჭერენ, არამედ ასევე გეხმარებიან, უფრო ნათელი გონებით, სიმშვიდითა და თავდაჯერებულობით მართოთ.

6. ითხოვე დახმარება, სანამ "კედელს შეეჯახები" წინასწარ განსაზღვრე საფრთხეები

ანტრეპრენერები ადვილად ვდგამთ თამამ ნაბიჯებს, მაგრამ ხშირად მოწყვლადობას არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. ეს შეცდომაა. როგორც Intel-ის ყოფილი CEO, ენდი გროვი ამბობდა: "მხოლოდ პარანოიდული ადამიანები გადარჩებიან". ის შიშთან დაპირისპირებისგან თავის არიდებაზე არ საუბრობდა, არამედ მზადყოფნის მენტალიტეტზე. თავდაჯერებულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გაგება, სად შეიძლება ყველაფერი წარუმატებლად წავიდეს.

წინასწარ შესაძლო პრობლემების პროგნოზირება ჩემი ძირითადი მეთოდია, როგორც მშობლის, ლიდერის და ბიზნესის მფლობლის პოზიციიდან. ეს საშუალებას გაძლევს, წინასწარ დაინახო უსიამოვნებები და ბევრი მათგანი თავიდან აირიდო. ბევრი ლიდერი ელოდება მომენტს, სანამ ყველაფერს "ცეცხლი წაეკიდება", რომ დახმარება შემდეგ ითხოვოს. ძლიერმა ლიდერებმა კი იციან, როდის უნდა შეჩერდნენ, შეცვალონ სტრატეგია ან დახმარებას მოუხმონ. დაუცველობის გააზრება კი პროგრესს აჩქარებს: როცა ადრეულ ეტაპზე აღიარებ, რომ გაიჭედე, შენ საკუთარ თავსა და გუნდს საშუალებას აძლევ, სწრაფად წამოდგეს.

ჩემი ქოუჩინგის სესიებზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დილემა სწორედ ეს არის: "არ ვიცი, როგორ მოვიქცე ამ მომენტში". ეს აღიარება სისუსტეს არ ნიშნავს, ეს სტრატეგიის დაწყების მომენტია. დაუცველობის გააზრება სიძლიერეს არ ეწინააღმდეგება – ეს არის ის, რაც ძლიერ ლიდერობას განამტკიცებს.

7. მართე საკუთარ შესაძლებლობებზე ფოკუსირებით და არა შიშზე

შიში ფსიქოლოგიური ტვირთია. გაურკვევლობისას ადვილია ფოკუსირება იმაზე, რაც შეიძლება დაკარგო: დიდი კლიენტი, ფინანსური რესურსი, რეპუტაცია. მე ლიდერებს ვასწავლი, რომ თვალი გადაავლონ იმას, რასაც ფლობენ: შესაძლებლობებს, ძლიერ მხარეებს, გუნდს, ურთიერთობებს, ფასეულობებს. ეს გვახსენებს, რა შეგვიძლია გამოვიყენოთ შანსების გამოსაყენებლად ან გამოწვევების დასაძლევად. "კასრი ნახევრად სავსეა" მიდგომა გვაგრძნობინებს, რომ უკვე ვფლობთ რესურსებს მოქმედებისათვის. მადლიერება პროდუქტიულობის ინსტრუმენტია, რომელიც გადაგიყვანს "გადარჩენის რეჟიმიდან" "შექმნის რეჟიმზე".

8. აკონტროლე ის, რაც შენს კონტროლს ექვემდებარება

2023 წელს Oracle-ის კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესლიდერების 85%-ს გადაწყვეტილებებისას აქვს სტრესი და უმრავლესობამ თქვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად გადაწყვეტილებების მიღების საჭიროების რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. ასეთი დატვირთვა არა მხოლოდ პროგრესს აფერხებს, არამედ გონებრივად გადაწვას იწვევს.

მენტალური გამძლეობა ნიშნავს ფოკუსის საზღვრების შემცირებას. შენ არ აკონტროლებ ეკონომიკას ან კონკურენტების ქმედებებს. მაგრამ აკონტროლებ შენს კომუნიკაციას, შემდეგ ნაბიჯს და პრიორიტეტებს. სწორედ აქეთ უნდა მიმართო ენერგია.

უკვე კარგად ნაცნობი წესია: ლიდერის ყველაზე დიდი ძალა არა მხოლოდ "კი"-ს თქმაა, არამედ "არა"-ს თქმა, რათა ფოკუსი და შედეგები დააზღვიოს. ლიდერობა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როცა ცდილობ აკონტროლო ყველაფერი, რაც შენი კონტროლის მიღმაა.

9. აქციე დისციპლინა შენს ნორმად

დისციპლინა და მიზანდასახულობა შემთხვევითი არ არის – ის რიტუალებზეა დაფუძნებული. ამიტომ ბევრ წამყვან ლიდერს აქვს არაკომპრომისული ჩვევები: დილით ფეხით სიარული, კალენდარი, მრჩევლებისთვის გამოყოფილი დრო, ძილის რეჟიმი და ასე შემდეგ. არა იმიტომ, რომ ტრენდია, არამედ იმიტომ, რომ ეს მათ მყარ ფოკუსს უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბიზნესი სტაბილური არ არის. კრიზისის დროს სწორედ ეს ჩვევები გამოგადგებათ.

ეს დაადასტურა SHRM-ის კვლევამაც. 620 წამყვან ლიდერზე დაკვირვებით კვლევამ აჩვენა, რომ იმ კომპანიების მიღმა – რომლებიც კრიზისის დროს ვითარდებოდნენ, უკეთესად ინარჩუნებდნენ თანამშრომლების კეთილდღეობას და აღწევდნენ წარმატებულ შედეგებს – იდგნენ ლიდერები დისციპლინით და რიტუალების კულტურის ერთგულებით.

სპორტსმენებს ეს კარგად ესმით: შენი ჩვევები განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს.

10. როცა შედეგები არაპროგნოზირებადია, დაეყრდენი საკუთარ იდენტობას

ინდუსტრია და ეკონომიკა იცვლება, მაგრამ როგორი ლიდერი ხარ, ამას შენ აკონტროლებ. მენტალური გამძლეობა მხოლოდ მუდმივად გამარჯვებას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს, ერთნაირად გეჭიროს თავი, როცა იგებ 10 ქულით ან 20-ით მარცხდები. დაეყრდენი შენს ლიდერულ იდენტობას და არ ფოკუსირდე მხოლოდ უახლოეს შედეგზე. მორალური სტანდარტების დაცვა, შეუპოვრობა და ადაპტირება – ეს არის თვისებები, რომლებსაც ყოველთვის შეგიძლია დაეყრდნო.

ეს გავლენას ახდენს ორგანიზაციაზე – შენი სიმშვიდე ქმნის გამამხნევებელ ენერგიას. ლიდერის ყველაზე დიდი აქტივი რეპუტაციაა – სწორედ ეს აჩვენებს, ვინ ხარ და რას უნდა მოელოდნენ შენთან თანამშრომლობისას.

და რა არის შესაძლებლობები შტორმის დროს? ჩემი საყვარელი პრინციპია: არასდროს გაფლანგო შესაძლებლობები კრიზისის დროს. ისწავლე, როგორ გამოიყენო კონსტრუქციული კონფლიქტი. დაძაბულობა აჩვენებს, რა უნდა გამოასწორო. ეს გამოცდის შენს ღირებულებებს და გამოწრთობს შენს აზროვნებას. ეს განაპირობებს მეტ თამამ ინოვაციას, ჭკვიან სისტემებს და გულწრფელ საუბრებს. სწორედ ეს არის ზრდისა და პროგრესის წინაპირობა.

მენტალური გამძლეობა საშუალებას გაძლევს, დაინახო შესაძლებლობა მაშინ, როცა სხვები მხოლოდ რისკს ხედავენ. ეს თავისით არ მოდის – ეს სწავლის პროცესია.

ასე რომ, ივარჯიშეთ, მოემზადეთ, ააშენეთ და როცა შტორმი დადგება, უბრალოდ, არ გადარჩეთ – განავითარეთ ორგანიზაცია.

თარგმანი: ნინო იმერლიშვილი