ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია იპოვო და არსად გაუშვა - ლაშა გურულის გზას ოლიმპიური მედლიდან პროფესიულ რინგამდე საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სპორტში ყველაზე მთავარი არ გაჩერება, თვითდისციპლინა და შეუპოვრობაა. ყოველ შემთხვევაში, ლაშა გურულის წარმატების ფორმულა სწორედ ამას ამტკიცებს, რადგან მისი ჟინი 7 წლის ასაკიდან უწყვეტ მოძრაობაშია.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი პროფესიონალი მოკრივის გზა დიდ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. ზოგჯერ არც სათანადო პირობები ჰქონდა, არც საჭირო რესურსი, მაგრამ მთავარი არასდროს დაუკლია: სურვილი, შრომა და ჟინი. ჟინი იმისა, რომ პროფესიულ კრივში მის სათქმელს აუცილებლად იტყოდა.
გზის სირთულეები
"7 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ჩემი გზა ოლიმპიური კრივით უნდა დაწყებულიყო. გზა მარტივი არ ყოფილა. 2016 და 2020 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი. მაგრამ არ გავჩერდი. ვცდილობდი ყველა დამარცხებიდან რაღაც მესწავლა," - ამბობს ლაშა გურული.
ამ ყველაფრის ფონზე ბევრს არ სჯეროდა, რომ ლაშა წარმატებას მიაღწევდა. მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას გაჩერებას ან სხვა გზით სვლას ურჩევდნენ. თუმცა მოპოვებული გამარჯვებები აძლევდა მას ძალას, თავდაუზოგავი ვარჯიშით ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება იყო.
გარდატეხა - "2024, პარიზი"
2024 წელს დაუოკებელმა ჟინმა მაინც მიაღწია დასახულ მიზანს. ქართველმა სპორტსმენმა, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს დამაჯერებლად სძლია და ნახევარფინალისკენ გზაზე ყაზახი მოკრივე, უულუ მუჰამედსაბირიც დაამარცხა, თუმცა შემდეგ კუბელ ბორხესთან ბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მოპოვებული გამარჯვება, ქართველი გულშემატკივრებისთვის ოქროს მედლის ტოლფასიც კი იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ თუ რა გზა გაიარა მოკრივემ დიდ გამარჯვებამდე.
"2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამის შემდეგ კი შედგა დებიუტი პროფესიულ კრივში. ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ჟინი ყველაშია, მთავარი მიაგნო და მერე აღარასდროს გაუშვა."
პროფესიული რინგი
ოლიმპიური წარმატების შემდეგ, ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში გადაინაცვლა. მისი დებიუტი კი რუსთავში შედგა - "რადგან სიმბოლურად მინდოდა, ჩემი პროფესიონალური დებიუტი ჩემს მშობლიურ ქალაქში შემდგარიყო". მისი პირველი ბრძოლა მარტში, რუსთავის სპორტის სასახლეში შედგა, სადაც მანამდე დაუმარცხებელ მოკრივეს, ბერნარდ აბეის სძლია.
პროფესიულ კრივში მან მეორე ბრძოლა ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გამართა. აღსანიშნავია, რომ უემბლის რინგი განსაკუთრებულია თავისი ზომით, ისტორიული მატჩებითა და მაყურებლის სიმრავლით. აქ გამოსულან ისეთი ცნობილი მოკრივეები როგორებიცაა: ენტონი ჯოშუა, ვლადიმირ კლიჩკო, ტაისონ ფიური და დილიან უაითი. შესაბამისად, მათ გვერდით ქართველი მებრძოლის სახელი გაცილებით ბევრს ნიშნავს.
19 ივლისს, კრივის სამყაროს ყურადღება ლონდონისკენ იყო მიმართული, სადაც ერთმანეთს ოლექსანდრ უსიკი და დანიელ დუბუა დაუპირისპირდნენ. ბრძოლის დღე ლაშა გურულმა გახსნა: ქართველმა მოკრივემ თავისი მე-2 პროფესიონალური ბრძოლა ბრიტანელ ჯეიმს ფრენსისთან ჩაატარა და მეტოქე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
პროფესიული რინგი სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავს. რადგან ამ დროს სპორტსმენი ბრძოლის გარდა მზად არის ახალი კონტრაქტებისთვის, უზარმაზარი აუდიტორიისთვის, შოუს დადგმისთვის, მედიის და გულშემატკივრების ყურადღებისთვის. და, რაც მთავარია, მიმართულია იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.
ლაშა გურული არ აპირებს გაჩერებას. არაერთ გამარჯვებასა და მედლებთან ერთად, მას უკვე აქვს ოლიმპიური ბრინჯაო, დებიუტი პროფესიულ კრივში და ნოკაუტი უემბლიზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად აღნიშნავს:
წინ, მესამე პროფესიონალური ბრძოლაა. ვერაფერი გამაჩერებს, სანამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარი არგაჩერების ჟინია.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია