"ყველაზე დიდი გამბედაობა იყო ის, რომ ბავშვმა საჯაროდ ვთქვი: მე ავიაციის განვითარებას დავიწყებ!" – გაიცანით 15 წლის თაზო კაბულაშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur-ში ხშირად მოგითხრობთ გამოცდილ ანტრეპრენერებზე, რომლებმაც წარმატების გზაზე არაერთი გამოწვევა გადალახეს. თუმცა ამჯერად გვსურს, გამორჩეული ისტორია გიამბოთ 15 წლის თაზო კაბულაშვილზე, რომელმაც მეგობრებთან ერთად – მარიამ მამუჩიშვილი, ნინო თევზაძე, სანდრო ნადირაშვილი, ოთარ კალანდია, ირაკლი ბაბუცაშვილი და ანდრია მალაყმაძე – დააარსა Young Wings – ორგანიზაცია, რომლის მიზანიც საქართველოში ავიაციის შესახებ დაბალი ცნობიერების პრობლემის მოგვარებაა. ორგანიზაცია წარმოადგენს ერთგვარ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც მოსწავლეები უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას, გადიან ვორქშოპებს, ესწრებიან ლექციებს და მონაწილეობენ პრაქტიკულ აქტივობებში. Young Wings-ის მიზანია, ავიაცია წარმოაჩინოს არა მხოლოდ როგორც ტექნიკური დისციპლინა, არამედ როგორც სახალისო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი სფერო. ამ ახალი მიდგომით ორგანიზაცია ცდილობს, მოსწავლეებში გააღვივოს ინტერესი და დაეხმაროს მათ, დაინახონ საკუთარი მომავალი ავიაციის ინდუსტრიაში.

თაზო კაბულაშვილისთვის მთავარი ინსპირაციის წყარო თავად ფრენაა. როგორც ის Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს, პირველივე ფრენისას, როდესაც პატარა თვითმფრინავის კაბინიდან ჰორიზონტი დაინახა, მიხვდა, რომ ავიაცია მისი ცხოვრების გზა იქნებოდა. "უდიდეს მუხტს მაძლევენ ქართველი ავიატორების ისტორიები, რომლებიც სირთულეების მიუხედავად დიდ საქმეს ქმნიდნენ. ასევე,, ჩემი თანატოლები, რომლებიც Young Wings-ში არიან, ყოველდღე მაძლევენ ძალას, რომ უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქრო", – განმარტავს თაზო კაბულაშვილი.

Young Wings-ის ფარგლებში, ორგანიზატორები სტუდენტებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. ეს მოიცავს ავიაციასთან დაკავშირებულ ლექციებსა და სემინარებს, რომელსაც სფეროს ექსპერტები უძღვებიან. ეს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ინფორმაცია მიიღონ პირველწყაროდან და გაიღრმაონ ცოდნა ავიაციის მიმართულებით. გარდა ამისა, დაინტერესებული პირებისთვის ტარდება ვორქშოპები და სიმულაციები, რაც პრაქტიკული აქტივობებით ეხმარება მათ, უკეთ გაიგონ ავიაციის პრინციპები და შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ორგანიზაცია ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა მოსწავლეებს მიეცეთ შანსი, მონაწილეობა მიიღონ გასვლით ტურებში, სადაც ისინი პირადად სტუმრობენ აეროპორტებს, საავიაციო ბაზებსა და სხვა ობიექტებს.

თაზო კაბულაშვილის აღნიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის სასწავლო პროგრამისა და პროექტის მართვის ერთმანეთთან შეთავსება უდიდეს რესურსსა და პასუხისმგებლობას მოითხოვდა, ეს სირთულეები მისთვის მხოლოდ მოტივაციის წყარო გახდა. "მე მხოლოდ 15 წლის ვარ და, ბუნებრივია, სირთულეები დიდი იყო – სკოლის სასწავლო პროგრამა, დროის მენეჯმენტი და პროექტის მართვა ერთდროულად. თუმცა ამას მივუდექი როგორც ნამდვილ პასუხისმგებლობას და ყველანაირი სირთულის მიუხედავად, შრომამ შედეგი გამოიღო. იყო დღეები, როცა პარალელურად ვმზადებოდი გაკვეთილებისთვის და საღამოს ვამზადებდი პრეზენტაციებს, ვწერდი წერილებს ან ვგეგმავდი ღონისძიებებს. მაგრამ ეს ყველაფერი იმაზე მეტი მოტივაცია აღმოჩნდა, ვიდრე ტვირთი".

Young Wings ოქტომბერში მასშტაბურ ღონისძიებას, "Callsign: 1919"-ს გეგმავს. ეს იქნება პირველი საავიაციო ფორუმი საქართველოში, რომელიც ავიაციის სფეროსთან დაკავშირებულ ყველა ქართულ კომპანიას გააერთიანებს, მათ შორის ლოჯისტიკური ტერმინალების მმართველ კომპანიებს, ავიაკომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს. "ასევე, ვმუშაობთ ეროვნულ პროექტზე – "ქართული ავიაციის დღე", რომელიც მომავალში შეიძლება იქცეს ისეთივე დიდ დღესასწაულად, როგორიც 26 მაისია, ოღონდ ავიაციის თემატიკით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი Young Wings მინდა გადაიზარდოს რეგიონულ ჰაბად, სადაც მთელი კავკასიის ბავშვები შეისწავლიან ავიაციასა და ინოვაციებს. ჩემი ყველაზე დიდი მიზანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ბევრი ავიატორი, ინჟინერი და მფრინავი, რომლებსაც საერთაშორისო მასშტაბზე საკუთარი სახელი ექნებათ", – აღნიშნავს თაზო კაბულაშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.