YouDoll-ის თოჯინები ადამიანურ ემოციებს ერთმანეთთან აკავშირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"YouDoll-ის ისტორია ერთი თოჯინათი დაიწყო. რამდენიმე წლის წინ აზიური პოპკულტურით ვიყავი დაინტერესებული. ჩემი ყურადღება ფანების სიყვარულმა და კუმირებისადმი მიძღვნილმა ემოციებმა მიიპყრო.

ფანები თავიანთ საყვარელ ვარსკვლავებს ხშირად ჩუქნიდნენ მათი სტილის მიხედვით შთაგონებულ თოჯინებს. ეს პრაქტიკა ემოციურ კავშირს განსაკუთრებულად აძლიერებს და უნიკალურ გამოცდილებას ქმნის", – ანანო რობაქიძე, YouDoll-ის დამფუძნებელი.

ანანო გვიყვება, რომ სწორედ ამ აღმოჩენამ შთააგონა იგი, ცნობილი ქართველი ადამიანების სტილისა და იმიჯის მიხედვით თოჯინები შეექმნა, რაც თაყვანისმცემლებისთვის ემოციური და კულტურული ღირებულების მქონე იქნებოდა.

"თავდაპირველად იუთუბერების მსგავსი თოჯინების შექმნა გადავწყვიტე. ვიფიქრე, რა მაგარი იქნებოდა, იუთუბისთვის ჩემი საყვარელი იუთუბერის მსგავს თოჯინასთან ერთად რომ მეყურებინა.

იმ პერიოდში ერთ-ერთი პირველი ქართველი იუთუბერი, რომელსაც ვუყურებდი, იყო ჰიტა. ამიტომ გადავწყვიტე, მისი თოჯინა შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გარემოებამ თავიდან იდეის განხორციელება შეაფერხა, ერთი წლის შემდეგ მოვხვდი ღონისძიებაზე, სადაც თავად ჰიტასთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა და თოჯინა გადავეცი.

ძალიან ვნერვიულობდი, მოეწონებოდა თუ არა, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მას იმდენად მოეწონა, რომ თავის ვიდეოშიც ახსენა. ამ გამოცდილებამ თავდაჯერება ამიმაღლა და შთამაგონა, უფრო სერიოზულად მემუშავა მსგავსი სტილის თოჯინებზე. სწორედ ამ ზაფხულს გადავდგი პირველი ნაბიჯები ჩემი სტარტაპისთვის".

ანანო ამბობს, რომ მისი მიზანი ქართულ ბაზარზე ახალი სეგმენტის შექმნა და სერვისის განვითარებაა.

"ფანთოჯინა ფანებისთვის არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ემოციური კავშირის დამყარების საშუალებაა. ეს ინოვაციური მიდგომა ქმნის დამატებით ღირებულებას როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ცნობილი ადამიანებისთვის. ბრენდის იმიჯს აძლიერებს და ბაზარზე უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას ქმნის".

ანანო იხსენებს, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა რთული იყო. ფიქრობდა, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. თუმცა მეგობრების მხარდაჭერა და საკუთარი თავის რწმენა შიშის დაძლევაში დაეხმარა.

"პირველ ეტაპზე თოჯინასთვის ახალი და უნიკალური დიზაინის შექმნა, რომელიც თან სახასიათოც იქნებოდა და თან საყვარელიც, საკმაოდ რთული იყო. ასევე რთული იყო საჭირო მასალების მოძიებაც, მაგრამ პროცესის წინსვლასთან ერთად ამ პრობლემების ნელ-ნელა გადაჭრა და სწავლა შევძელი.

ყოველი ახალი თოჯინა წარმოადგენს ახალ გამოწვევას და გამოცდილებას, რომელიც აღმაფრთოვანებს, გულს მიჩქარებს და შთამაგონებს, შემდეგი ნამუშევარი შევქმნა. შექმნის პროცესში ზოგჯერ ვიღლები და ვფიქრობ, ღირს თუ არა გაგრძელება, მაგრამ საბოლოო შედეგი და იმ ადამიანების ემოციები, ვისთანაც თოჯინები ხვდება, იმდენად დასამახსოვრებელია, რომ სირთულის გადალახვასა და მოძრაობის გაგრძელებაში მეხმარება".

ანანოს მიზანია, YouDoll-ის საქმიანობის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი თოჯინა ჰყავდეს. ამას გარდა, წარმოების პროცესების განვითარებასა და გაფართოებას გეგმავს.

"დავამზადებთ არა მხოლოდ იუთუბერების, არამედ სხვა ცნობილი ადამიანების თოჯინებსაც. გავზრდით ხელმისაწვდომობას, რათა პროდუქტი უფრო ფართო ბაზარზე გავიდეს".