Whyte Magazine: თავისუფალი ხედვა თანამედროვე კულტურაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცოტა ხნის წინ ქართულ მედიასივრცეში ახალი პლატფორმა Whyte Magazine გამოჩნდა. Whyte Magazine არის კრეატიული სივრცე, რომელიც ქართულ კულტურას, მუსიკას, კინოსა და სოციალურ თემებს განსხვავებული, თანამედროვე პერსპექტივით აშუქებს. პლატფორმის მთავარი მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ადამიანები გააზიარებენ საკუთარ იდეებს, ინსპირაციასა და გამოცდილებებს. პლატფორმაზე საუბრისას, მისი დამფუძნებელი, ლაშა კვარაცხელია ამბობს, რომ "Whyte Magazine მხოლოდ მედია არ არის – ეს არის ადგილი, სადაც იდეები ერთმანეთს ხვდებიან, ინსპირაცია ჩნდება და დიალოგი იბადება".

Whyte Magazine-ის შექმნის იდეა 2024 წლის ზაფხულში გაჩნდა და ქართულ მედია თუ კრეატიულ სივრცეში კონკრეტული ნიშის დაკავებას ისახავდა მიზნად.

"დავინახე, რომ საქართველოს აკლდა პლატფორმა, რომელიც გახდებოდა თავისუფალი სივრცე ყველასათვის. ჟურნალში ვაშუქებთ მრავალფეროვან თემებს, რაც თავის მხრივ ქმნის ადგილს, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან. ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე ვწერთ – მიზანია, ჩვენი ქვეყნის საინტერესო ადამიანები, ისტორიები და მოვლენები მსოფლიომ გაიცნოს".

პლატფორმის კონცეფცია წარმატებულად აღმოჩნდა, რადგან, როგორც ლაშა კვარაცხელია ამბობს, სულ 3 თვეში Whyte Magazine-ზე გამოქვეყნებული მასალა 1 800 000-მა ადამიანმა ნახა.

როდესაც საქმე მედიაპლატფორმას ეხება, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ყალიბდება მისი სარედაქციო ხედვა. სწორედ ეს განსაზღვრავს ტონს, კონტენტს და იმ კავშირს, რომელსაც გამოცემა აუდიტორიასთან აყალიბებს. Whyte Magazine-სთვის ეს კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"Whyte Magazine-ის სარედაქციო პოლიტიკა ერთ მარტივ პრინციპზეა აგებული – თავისუფლება პრიორიტეტია, მაგრამ ხარისხს არასდროს ვთმობთ. ეს ნიშნავს, რომ თემებზე შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა ყველა მასალა აუცილებლად უნდა იყოს ღირებული და მკითხველის ინტერესებთან თანხვედრაში. ხშირად პლატფორმები კარგავენ კავშირს აუდიტორიასთან, რის გამოც განვითარება ფერხდება. ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს კავშირია".

Whyte Magazine-ის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მის დამფუძნებელთან, რომლის პროფესიული გამოცდილება და ინტერესები პლატფორმის არსს და განვითარების მიმართულებას განსაზღვრავს.

"ბავშვობიდან ჩემი მთავარი გამოწვევა იყო საკუთარი თავის პოვნა – მინდოდა, მალე გამეგო, ვინ ვიყავი და რა მინდოდა მეკეთებინა ცხოვრებაში. თითქმის ყოველ წელს ახალ საქმეს ვიწყებდი, ტანსაცმლის ბრენდიც კი მქონდა, მაგრამ ყველგან მაკლდა ის კავშირი და სიღრმე, რასაც ვეძებდი. ბოლოს ფოტოგრაფიას დავუბრუნდი – სფეროს, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. ფოტოგრაფიამ მიმიყვანა ისეთ პლატფორმებამდე, როგორებიცაა Dazed, Paper Magazine და Vogue. სწორედ ასე გავიგე, რომ საკუთარი პლატფორმის შექმნა მინდოდა. Whyte Magazine რეალურად მე ვარ და ჩემი აუდიტორიაც ის ადამიანები არიან, ვისაც ჩემს ინტერესებს ვუზიარებ. ვწერთ ყველაფერზე, რაც საინტერესო და მნიშვნელოვნად გვგგონია და ამით ვქმნით სივრცეს, სადაც თავისუფლად დიალოგია შესაძლებელი. ჩემთვის ეს პროექტი ჯერ კიდევ სწავლის პროცესია – ყოველი პოსტი მასწავლის, როგორ ვესაუბრო აუდიტორიას. შეიძლება ექსპერიმენტულია, მაგრამ ახლა დარწმუნებით ვგრძნობ, რომ ვიპოვე ადგილი, სადაც ნამდვილად მსიამოვნებს ყოფნა".

Whyte Magazine-ის ნახვისას პირველი, რაც თვალში გვხვდება, გემოვნებაა – შინაარსი და ვიზუალური ესთეტიკა ერთ მთლიან იდენტობას ქმნის, რომლითაც Whyte Magazine გამოჩენის პირველივე წუთებიდან გამორჩეულ პლატფორმად იქცა. ლაშა კვარაცხელია პროფესიით მარკეტოლოგია, თუმცა მოგვიანებით ციფრული პროდუქტების დიზაინი და ფოტოგრაფიაც შეისწავლა. ამ მრავალმხრივმა ცოდნამ მას საშუალება მისცა, Whyte Magazine-ის კონტენტი დამოუკიდებლად შეექმნა. მიუხედავად ამისა, როგორც თავად ამბობს, მის გვერდით ყოველთვის დგანან მეგობრები, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც საკუთარი უნარებით, რჩევებითა და რესურსებით პლატფორმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

Whyte Magazine-მა მოკლე დროში ლოიალური აუდიტორია მოიპოვა.

"ყოველდღე ვიღებ შეტყობინებებს, სადაც მკითხველები გვიყვებიან, როგორ მოსწონთ Whyte Magazine და რამდენად უხარიათ, რომ ასეთი პლატფორმა არსებობს. ჩემი აზრით, აუდიტორია სწორედ იმიტომ გვყავს, რომ ისინი აფასებენ ჩვენს მუშაობას და ხედავენ, როგორი ხარისხით ვაკეთებთ ყველაფერს. სწორედ ეს ორმხრივი კავშირია მთავარი – რომ არა ეს, დღეს Whyte არ იარსებებდა".

Whyte Magazine-ის განვითარებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაგროვდა, რომლებმაც პლატფორმას განსაკუთრებული მიმართულება მისცა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილება პარიზის მოდის კვირეულს უკავშირდება.

"ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როცა გადავწყვიტე პარიზის მოდის კვირეულზე მარტო წავსულიყავი. საქართველოში ძალიან ბევრს უყვარს მოდა და ვიცოდი, რომ ჩვენი აუდიტორია დაინტერესდებოდა Whyte-ის კონტენტით კვირეულიდან. გადავიღე ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის კიმ კარდაშიანი, Lorde, ნაომი კემპბელი, ნიკოლ კიდმანი და შევხვდი დემნასაც. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ჩემი პლატფორმის საერთაშორისო აუდიტორია და არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი Whyte-ს ისტორიაში".

ყველა ახალ ინიციატივას ახლავს სირთულეები, მაგრამ სწორედ მათ დაძლევაში ჩანს პროექტის სიმტკიცე და განვითარების პერსპექტივა. Whyte Magazine-ის დამფუძნებელსაც არაერთი გამოწვევა შეხვდა, სანამ პლატფორმა დღევანდელ სახეს მიიღებდა.

"რამდენადაც მარტივად მეგონა ყველაფერი, იმდენად რთული აღმოჩნდა. დასაწყისი ყოველთვის რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ დანებდე. თუნდაც ხუთი ადამიანი აფასებდეს შენს სტატიას, გააგრძელე საქმე მათთვის. დღეს ამას ისევ ვუმეორებ ჩემს თავს: როცა Whyte-ის უკუკავშირი მაბედნიერებს, ვიმახსოვრებ ამ მომენტებს, რომ ჩავარდნების დროს გავიხსენო, რა არის ჩემი მიზანი".

ქართული ხელოვნება ხშირად უცხოელი აუდიტორიისთვის აღმოჩენად იქცევა. სწორედ ამიტომ Whyte Magazine ცდილობს, თავისი ისტორიებითა და ადამიანებით მსოფლიო აუდიტორიას ახალი კუთხით გააცნოს საქართველო.

ლაშა კვარაცხელია ამბობს, რომ რაც ქართულ ხელოვნებას საინტერესოს ხდის უცხოელი აუდიტორიისთვის, არის მისი უნიკალურობა, ორიგინალური ემოციური მხარე და ისტორია. "მაგალითისთვის, ბევრმა არ იცის გენიალური მხატვრის შესახებ, რომელიც სკეტჩებს ქმნიდა ჯონ გალიანოსთვის – ასეთი ისტორიები აჩვენებს, რომ საქართველო სავსეა ნიჭიერი ადამიანებით და ამბებით, რომელთა შესახებ მსოფლიომ უფრო კარგად უნდა იცოდეს".

პროექტის წარმატებაზე საუბრისას, Whyte Magazine-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ონლაინმედიაპლატფორმის წარმატება მკითხველთან მუდმივ კავშირზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ზუსტად გაიგო, რა მოსწონს აუდიტორიას და როგორ მიაწოდო ინფორმაცია ისე, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეფექტური იყოს.

"დღეს უმეტესობას ბევრი დრო არ აქვს, რომ სტატია ბოლომდე წაიკითხოს, ამიტომ საჭიროა, დეტალურ ინფორმაციასთან ერთად აუდიტორიას საკვანძო მომენტებიც გაუზიარო. ინსტაგრამზე ძირითადად მარტივად საკითხავი ფორმატით ვავრცელებ ინფორმაციას, ხოლო ვებგვერდზე – დეტალურად".

Whyte Magazine-ის ბიზნესგეგმა ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: ბრენდირებული კონტენტის შექმნა და კოლაბორაციები ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე საყოველთაო სარეკლამო კამპანიები, რომლებიც არ არღვევს სარედაქციო პოლიტიკას.

ახლა პლატფორმა ორი დიდი ქართული ფესტივალის – წინანდლისა და Ad Black Sea-ს მედიაპარტნიორი იყო. Whyte Magazine-ს წინ დიდი გეგმები აქვს, რაც ასევე მოიცავს პარიზის მოდის კვირეულის სრულ გაშუქებას და ახალი პროექტების დაწყებას, მათ შორის Whyte Records-ს, რომლის მეშვეობით ელექტრონული მუსიკის ქართველ არტისტებს საზოგადოება უკეთ გაიცნობს. უახლოეს მომავალში, პლატფორმის ციფრული განვითარების გარდა, ბეჭდური გამოცემის გამოშვებაც იგეგმება.