Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ დაახლოებით 10 წელიწადში მძღოლებს რობოტაქსები ჩაანაცვლებენ: "ეს ნამდვილ პრობლემად იქცევა"
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Creative Fabrica-ს კვლევის თანახმად, გასულ წელს ყველაზე ხშირად მოძიებული დამატებითი სამუშაო ტაქსის აპლიკაციის მეშვეობით მგზავრების გადაყვანა იყო, რამაც Google-ში ყოველთვიურად თითქმის 31 000 ძიების მაჩვენებელი დააგროვა. ყოველთვიურად შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი Uber-ის მეშვეობით მუშაობდა მძღოლად ან საკურიერო სფეროში.
თუმცა, შესაძლოა, ამ საქმით ფულის გამომუშავებისთვის მხოლოდ ათწლეული იყოს დარჩენილი.
ამ თვის დასაწყისში, All-In პოდკასტ ღონისძიებაზე Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ, აღიარა, რომ ამჟამად ზრდა კვლავ შეინიშნება, თუმცა რობოტაქსისა და ავტონომიური მანქანების გამო შესაძლოა მალე შეწყდეს ამ სფეროს ზრდა.
"მომდევნო ხუთიდან შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ გვეყოლება მეტი ადამიანი მძღოლი და კურიერი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან სწრაფად ვვითარდებით. მაგრამ, ვფიქრობ, რომ 10-15 წლის შემდეგ ეს რეალურ პრობლემად იქცევა", – განაცხადა ხოსროვშაჰიმ Business Insider-ის ცნობით.
"ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებისთვის, რომელთანაც ბრძოლა მოგვიწევს და ასევე, სხვებსაც გაუჭირდებათ", – დასძინა ხოსროვშაჰიმ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხოსროვშაჰიმ მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა. იანვარში ჩაწერილ ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ Uber-ში მუშაობა მხოლოდ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში იქნება უსაფრთხო სამუშაო.

"თუ 15-20 წლით წინ გავიხედავთ, ვფიქრობ, რომ ავტონომიური მძღოლი უკეთესი მძღოლი იქნება, ვიდრე ადამიანი-მძღოლი. ისინი მომზადდებიან ისეთი გამოცდილებით, როგორსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ შეიძენს; მათ არ გაეფანტებათ ყურადღება", – განუცხადა ხოსროვშაჰიმ Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ჯოანა სტერნს.
"ვფიქრობ, ადამიანების ჩანაცვლება ამ შემთხვევაში – მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვალ არ მოხდება – საბოლოოდ მაინც გარდაუვალია. ეს ის საკითხია, რომელზეც როგორც ჩვენ, ისე მთლიანად საზოგადოება უნდა დაფიქრდეს", – განაცხადა მან იანვარში.
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, რომლებმაც შეაჯამეს 2 100 ავტონომიური ავტომობილის მონაწილეობით მომხდარი და 35 000 ადამიანი-მძღოლის მონაწილეობით მომხდარი ავარიების მონაცემები, ავტონომიური ავტომობილები, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტად უსაფრთხოები არიან, ვიდრე ადამიანის მიერ მართული ავტომობილები. თუმცა თვითმართვადი ავტომობილები გამთენიისას და შებინდებისას ავარიაში მოხვედრის ხუთჯერ მეტი რისკის ქვეშ არიან ადამიანის მიერ მართულ ავტომობილებთან შედარებით.
ხოსროვშაჰიმ აღიარა ავტონომიური მანქანების დღევანდელი ნაკლოვანებები და განაცხადა, რომ მათ ამჟამად შეზღუდული აქვთ საწყისი, დანიშნულების და საერთო მოქმედების არეალი. წინასწარი ხარჯები, მათ შორის მარშრუტების რუკების შედგენის ღირებულება, ძვირია და აპარატურა ისეთი მოწინავე არ არის, როგორიც საჭიროა ფართოდ გავრცელებისთვის.
მისი თქმით, ავტონომიური ტრანსპორტი ერთბაშად არ ჩაანაცვლებს ადამიანებს – მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ისინი ეტაპობრივად გააძლიერებენ ადამიანურ შესაძლებლობებს. თავდაპირველად კი ისეთი მარშრუტების შესრულებას დაიწყებენ, რომლებიც შედარებით მარტივია.
"ვფიქრობ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში ადამიანებისა და მანქანების ჰიბრიდული ქსელები გექნებათ", – თქვა ხოსროვშაჰიმ.
"ჩვენ ვდებთ ინვესტიციებს, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზები შევქმნათ", – განაცხადა ხოსროვშაჰიმ და აღნიშნა, რომ თავადაც არ არის დარწმუნებული, რა მოხდება უფრო სწრაფად – ახალი შესაძლებლობების გაფართოება Uber-ის მხრიდან თუ სამუშაო ადგილების ჩანაცვლება ავტონომიური ტრანსპორტის მიერ.
თარგმანი: მარიამ ქობალია