ტრამპი აცხადებს, რომ TikTok-ის გარიგება "დამტკიცებულია", თუმცა ჯერ საბოლოოდ არ გაფორმებულა

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პარასკევს Truth Social-ზე განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან "ძალიან პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა TikTok-ის გარიგების დამტკიცების მიმართულებით.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNBC-ს განუცხადა, რომ საუბარი დილის 8 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის, ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიდერები ნოემბერში, სამხრეთ კორეაში, APEC-ის სამიტზე კვლავ შეხვდებიან.

"ჩემს კოლეგა სი ძინპინთან ძალიან პროდუქტიული საუბარი მქონდა. წინსვლა მოვახერხეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხში: ვაჭრობის, ფენტანილის პრობლემის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საჭიროებისა და TikTok-ის გარიგების დამტკიცების მიმართულებით... საუბარი ძალიან კარგი იყო. მალე ისევ დავუკავშირდებით ერთმანეთს, ვაფასებ TikTok-ის დამტკიცებას და ორივე ველით შეხვედრას APEC-ის სამიტზე!" – დაწერა ტრამპმა.

ამ კვირის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ჩინეთთან TikTok-ის გარიგების "ჩარჩო" უკვე შეთანხმებულია.

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებით TikTok-ის გარიგების ვადა კიდევ 90 დღით, 16 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ეს უკვე მეოთხე გადავადებაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს – TikTok-ის მშობელ კომპანიას, ავალდებულებს გაყიდოს აპლიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური ქსელი აშშ-ში აიკრძალება.

CNBC-ის ჟურნალისტმა, დევიდ ფეიბერმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკელ მფლობელებში როგორც ახალი, ასევე არსებული ინვესტორები შევლენ. წყაროების თქმით, Oracle, რომელიც 2022 წლიდან TikTok-ის ქლაუდსერვისებს უზრუნველყოფს, თანამშრომლობას გააგრძელებს.

CBS კი იტყობინება, რომ პროცესში ჩართულია საინვესტიციო კომპანია Silver Lake. ანგარიშებში ასევე აღნიშნულია, რომ ByteDance-ს გარკვეული წილის შენარჩუნება სურს.

TikTok-ის შესაძენად წინადადებები რამდენიმე ცნობილმა ბიზნესმენმა და კომპანიამ უკვე წარადგინა. მათ შორისაა The People's Bid-ის გუნდი, რომელიც შედგება კევინ ო'ლირისგან, ყოფილი "Dodgers"-ის მფლობელის – ფრენკ მაკკორტისა და Reddit-ის თანადამფუძნებლის – ალექსის ოჰანიანისგან. ცალკეული განაცხადები შეიტანეს Perplexity-მ, ასევე Amazon-მა და Applovin-მა.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

Erin Davis

Entrepreneur Staff

Trending News Writer