ტექ ოლიმპიადების ჰაბი BTU-ში თიბისის გენერალური მხარდაჭერით შეიქმნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაარსებულ ტექ ოლიმპიადების ჰაბში მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

ჰაბის მიზანია მსოფლიოს წამყვანი ტექ ოლიმპიადებისთვის ეროვნული ნაკრებების ფორმირება, ტექნოლოგიურ სფეროში ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა, ნაკრების წევრთა მომზადება და მხარდაჭერა, საუკეთესო საოლიმპიადო შედეგების მისაღწევად.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას და მომზადებას შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე:

  • ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI);
  • ევროპის გოგონათა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EGOI);
  • ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI);
  • საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადა ინფორმატიკაში (OLYINFO).

აგრეთვე, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის (IOI) ჰაბი უზრუნველყოფს მოსამზადებელი ბანაკების ორგანიზებას და ჩართული იქნება ეროვნული ნაკრების ოლიმპიადაზე ასპარეზობამდე საჭირო პროცესში.

"ეს გახლავთ ისტორიული მომენტი საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემისთვის. საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ასპარეზობიდან ფაქტობრივად ყოველ წელს ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლით ბრუნდებოდა. ამირიდან ჩვენი მიზანია, რომ გავზარდოთ მათი შესაძლებლობები და ასევე იმ ოლიმპიელების რაოდენობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ. უფრო დიდი შედეგებით დაბრუნებულს კი საქართველოში დავახვედროთ შესაძლებლობები, რომელსაც ტექნოლოგიების სფერო საერთაშორისო ბაზარზე იძლევა," - აცხადებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია "თიბისი", რომელიც მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში.

"ტექ ოლიმპიადების ჰაბი "თიბისის" საგანმანათლებლო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ახალი თაობისთვის თანამედროვე პროფესიების შესწავლაში მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ყველაფერი ზრდის მათ წვდომას თანამედროვე განათლებაზე და საბოლოოდ პოტენციურად სამუშაო ადგილებზე როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ახალგაზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ თავს მსოფლიოს ნაწილად გრძნობდეს," - აღნიშნავს TBC-ის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი ალექსანდრე მაყაშვილი.

პროექტის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ICT ასოციაცია საქართველოში, დეველოპერული კომპანია ბლოქსი, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია LINEATE და გლობალურ ტექნოლოგიური კომპანია EPAM.

ჰაბის ფარგლებში მხარდაჭერილ ოლიმპიადებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.