თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი თავისუფალი მეცნიერების სამსახურში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სამი წელია, რაც საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქართული მეცნიერების განვითარებას ემსახურება. მის დაარსებას საფუძვლად დაედო იმის გაცნობიერება, რომ თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ჯერ კიდევ ხშირია ისეთი სისტემური ჩარჩოები, რომლებიც მეცნიერის არჩევანს ზღუდავს.
ქართველოლოგიის ინსტიტუტს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა სანაძე ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელია, 2004-2014 წლებში იკავებდა ამავე უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას, 2015 წლიდან კი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტია. მისი სამეცნიერო საქმიანობა 70-ზე მეტ ნაშრომს (მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ატლასებს) ითვლის. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, მანანა სანაძე საბავშვო ლიტერატურის ავტორიც არის – მისი მოთხრობები ორ წიგნად გამოვიდა, სათაურით "ბებოს ზღაპრები".
სისტემური ჩარჩოების გადალახვის სურვილმა მანანა სანაძე მიიყვანა იმ იდეამდე, რომ საჭირო იყო ისეთი სამეცნიერო სივრცის შექმნა, რომელშიც მკვლევრებს ექნებოდათ შესაძლებლობა, თავისუფლად ემუშავათ ქართველოლოგიისათვის აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც, მათი საკვანძო მნიშვნელობის მიუხედავად, ხშირად საგრანტო პოლიტიკის მიღმა რჩება.
"ეროვნული და საერთაშორისო საგრანტო სისტემები ხშირად მორგებულია კონკრეტულ პრიორიტეტებს, რაც ავტომატურად განსაზღვრავს კვლევების ღერძს და დარგის ინტერესს უკანა პლანზე სწევს. პრობლემა სისტემურია, რადგან საგრანტო კომისიების პრიორიტეტები ყოველთვის ვერ იქნება ობიექტური. შედეგად, მრავალი ღირებული პროექტი, რომლებიც შესაძლოა მეცნიერებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყოს, დაფინანსების გარეშე რჩება. სწორედ ამიტომ დაარსდა ინსტიტუტი, რომელშიც კვლევის თემატიკას, მიზნებსა და ამოცანებს დარგის განვითარების საჭიროება განსაზღვრავს და არა საბიუჯეტო ჩარჩოს მოთხოვნა".
დღეს ინსტიტუტში მოქმედებს ოთხი სამეცნიერო დეპარტამენტი: ისტორიის, ენისა და ლიტერატურის, კულტუროლოგიისა და მატერიალური კულტურის კვლევების. თითოეულ მათგანს საკუთარი კვლევითი მიმართულება აქვს და დამოუკიდებლად ახორციელებს როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან სამეცნიერო პროექტებს.
ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტში უკვე განხორციელდა ერთი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სამეცნიერო პროექტი, "ეკლესიასტეს თარგმანებათა გელათური ვერსია", რომელიც მონოგრაფიად გამოიცა და რომლის ავტორი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნანა მრევლიშვილია. ამჟამად მიმდინარეობს ორიგინალური და ნათარგმნი ჰაგიოგრაფიული ძეგლების კომპლექსური კვლევა და გამოცემა. უკვე გამოიცა მნიშვნელოვანი პუბლიკაცია – "შუშანიკის წამება". გამოცემა მოიცავს არა მარტო ტექსტის უძველეს რედაქციას, არამედ მეტაფრასულ და სვინაქსარულ რედაქციებსაც (მეტაფრასული რედაქცია ლიტერატურულად ხელახლა გადამუშავებული ტექსტია, ხოლო სვინაქსარი – წმინდანის ცხოვრების შემოკლებული, მსახურებისათვის განკუთვნილი ვერსია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე და არა ლიტერატურულ სტილზე), გამოცემას ახლავს ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევა, ლექსიკონი, ინდექსები და ვრცელი ბიბლიოგრაფია. გამოცემას დართული აქვს მნიშვნელოვანი ხელნაწერების ფოტოასლები.
"დეპარტამენტი გეგმავს როგორც ორიგინალური ჰაგიოგრაფიული ტექსტების, ისე ნათარგმნი ჰაგიოგრაფიის სამეცნიერო-კრიტიკული გამოცემების მომზადებას. ეს მძიმე, რთული, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია, რომელიც საქმის სიყვარულზეა დაფუძნებული", – ამბობს ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნანა მრევლიშვილი.
სამი წლის განმავლობაში ინსტიტუტში კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს გერმანიაში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში (Goethe Universität Frankfurt am Main) ქართველოლოგიური ცენტრის შენარჩუნება. როდესაც ცენტრს დახურვის საფრთხე დაემუქრა, მანანა სანაძის ხელმძღვანელობით შემუშავდა ინიციატივა, რომლის შედეგადაც ცენტრი მუშაობას საქართველოს უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით აგრძელებს.
კიდევ ერთი გამორჩეული სამეცნიერო პროექტია ნატკორაში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები. საქართველოში არაბთა ბატონობის დროს წამებული წმინდანების, დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის ტექსტის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ დადგენილი ქრონოლოგია და გეოგრაფიული არეალის მითითებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ტექსტში ნახსენები იყო მურვან ყრუ, რაც მერვე საუკუნეზე მიანიშნებდა, თუმცა მოვლენების ანალიზის ლოგიკა სხვა ეპოქაზე მიუთითებდა.
კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ტექსტი, სავარაუდოდ, მეექვსე საუკუნეს, სპარსეთ-ბიზანტიის ომების პერიოდს ეკუთვნის. მკვლევართა ჯგუფმა ეჭვქვეშ დააყენა ტრადიციული თვალსაზრისით დადგენილი ლოკაცია და თიანეთის ნაცვლად თელავის ნატკორაში დაიწყო არქეოლოგიური კვლევა, სადაც მართლაც აღმოაჩინეს ორფენიანი ტაძარი. მეფის საფლავი, თავმოკვეთილი სხეულის ნაშთებით, იატაკის ქვეშ აღმოჩნდა. დასაბუთდა, რომ იგი ეკუთვნოდა მეფე არჩილს, ვახტანგ გორგასლის ვაჟს. აღმოჩენილი მასალა გაიგზავნა ამერიკაში, არიზონის უნივერსიტეტის რადიოკარბონულ ლაბორატორიაში C14 მეთოდით დასათარიღებლად, მიღებულმა შედეგებმა კი საბოლოოდ დაადასტურა კვლევის ჰიპოთეზა – საფლავი მეექვსე საუკუნეს მიეკუთვნება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება მატერიალური კულტურის კვლევების დეპარტამენტში, არის შიდა ქართლის ეპიგრაფიკული კვლევები. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გაგოშიძე აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე შიდა ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსის შესახებ, რომელიც ამ რეგიონის ტერიტორიაზე გაბნეულ ისტორიულ წარწერებს გააერთიანებს. ინსტიტუტის ინიციატივით უკვე ჩატარდა ათამდე საველე ექსპედიცია, რომელთა მიზანიც არსებული ძეგლების დოკუმენტირება და მათი სამეცნიერო დამუშავებაა.
ეპიგრაფიკული კვლევა განსაკუთრებით ფასეულია იმ მხრივ, რომ იგი არა მხოლოდ ინდივიდუალური წარწერების შესწავლას, არამედ რეგიონული ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციასაც ემსახურება. მათი სისტემური დამუშავება კი სწორედ ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.
"ჩვენ ძეგლებს ვუყურებთ, როგორც ისტორიულ წყაროებს და მათი საშუალებით აღვადგენთ წარსულს", – ამბობს გიორგი გაგოშიძე და ხაზს უსვამს, რომ ეს კვლევები დიდ სამეცნიერო და კულტურულ მნიშვნელობას ატარებს.
თინათინ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით კულტუროლოგიის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს მრავალმხრივ და კომპლექსურ კვლევით თემებზე, რომლებიც უმთავრესად არამატერიალურ მემკვიდრეობას ეხება. როგორც თინათინ ღუდუშაური განმარტავს, დეპარტამენტის მიზანია იმ კულტურული შრეების შესწავლა, რომლებიც არქეოლოგიური მასალის მიღმა რჩება და მოიცავს არქიტექტურულ, ეთნოლოგიურ და საზოგადოებრივ კონტექსტში ჩამოყალიბებულ მეხსიერებას.
ამჟამად ჯგუფი მუშაობს გიორგი (გოგი) ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობის შესწავლაზე და პარალელურად თურქი მკვლევრის ჩართულობით ახორციელებს კვლევას, რომლის ფარგლებშიც ქართულ და თურქულენოვან მოსახლეობაში არსებული ტრადიციების შეპირისპირებითი ანალიზი იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტები ჯერ არ დასრულებულა, უკვე აშკარაა მათი მნიშვნელობა როგორც ქართული არქიტექტურული სკოლის კვლევის, ისე თანამედროვე ეთნოკულტურული პროცესების გააზრების კუთხით.
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას რუსული ოკუპაციის საკითხებს უთმობს. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო ჭუმბურიძე, აღნიშნავს, რომ უკვე დასრულებულია და საბოლოო რედაქტირებას გადის ფუნდამენტური ნაშრომი – "რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში", რომელიც ვიზუალურ და ტექსტურ მასალაზე დაყრდნობით წარმოაჩენს რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის უწყვეტობას 1801 წლიდან დღემდე. წიგნი მკაფიოდ აჩვენებს, რომ ოკუპაცია ერთჯერადი ფაქტი კი არა, გრძელვადიანი, სისტემური პროცესია.
"რუსული ოკუპაციის ისტორია საქართველოში არის ასევე უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო. ეს არის წიგნი, რომელიც ვიზუალური თუ ვერბალური მასალით თვალნათლივ აჩვენებს 1801 წლიდან დღემდე საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის პოლიტიკას", – ამბობს დოდო ჭუმბურიძე.
პარალელურად, დეპარტამენტი მუშაობს ქართული ისტორიოგრაფიული აზრის განვითარების კვლევაზე, ოსმალური ბერათფირმანებისა და ბერათების შესწავლასა და საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე ოკუპაციის კონტექსტში.
ინსტიტუტის ფარგლებში ხორციელდება როგორც კვლევითი, ისე საგანმანათლებლო ინიციატივები. ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ქართველოლოგიური კონფერენცია "საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო და მომავალი". იბეჭდება კონფერენციის მასალებიც. მიმდინარე წლის 8-9 ნოემბერს კონფერენცია მეოთხედ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელის ინიციატივით, შეიქმნა ქართველოლოგიის ფონდი, რომელიც აფინანსებს კვლევით პროექტებს და ყოველწლიურად აჯილდოებს გამორჩეულ მეცნიერებს ქართველოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ქართველოლოგიის ფონდის მედლითა და პრემიით უკვე დაჯილდოვდნენ მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი, იულონ გაგოშიძე და ცისანა აბულაძე.
ქართველოლოგიის ინსტიტუტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა. ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში. მანანა სანაძე მიიჩნევს, რომ სწორედ სტუდენტების ჩართულობა მიმდინარე და დაგეგმილ კვლევებში უზრუნველყოფს ქართველოლოგიის უწყვეტ განვითარებას და ამ დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
სამომავლოდ ინსტიტუტი მიზნად ისახავს კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის კიდევ უფრო ინტენსიურ და მასშტაბურ განვითარებას. ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე "ქართული მეცნიერება", რომელიც წარმოადგენს მრავალფუნქციურ ციფრულ არქივს. პლატფორმა გააერთიანებს ინფორმაციას ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგის ისტორიის, მეცნიერთა ბიოგრაფიებისა და მათი სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, ხელმისაწვდომი იქნება გამოქვეყნებული პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიებიც. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის სისტემატიზაციას და საერთაშორისო მასშტაბით მის პოპულარიზაციას.
საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი მანანა სანაძე დარწმუნებულია, რომ ეს მიღწევები მხოლოდ დასაწყისია. მისი მიზანია ქართველოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრების გახსნა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, მათ შორის რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტში. ასევე, "ქართველოლოგიის ფონდის" საერთაშორისო დონეზე გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მეცნიერების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო სარბიელზე.
"სამი წელი მცირე დროა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შეზღუდული რესურსებით ხორციელდება, მაგრამ გვჯერა, რომ ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებას აქვს დიდი პოტენციალი, ღირსეულად წარდგეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში და ჩვენ ვაპირებთ, ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ", – ამბობს მანანა სანაძე.