თახვიდუ – როგორ გაჩნდა We Do-ს მასკოტის იდეა და რა როლი აქვს მას ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამშენებლო სფეროში, სადაც საუბარი ხშირად ციფრებს, გრაფიკებსა და ტექნიკურ სტანდარტებს ეხება, We Do-მ კომუნიკაციაში ახალი ემოციური არხი გახსნა – მასკოტი, სახელად თახვიდუ. გუნდმა სამი თვის წინ გადაწყვიტა, რომ მათ აუცილებლად სჭირდებოდათ პერსონაჟი, რომელიც სერიოზულ პროფესიონალიზმს ადამიანურ სითბოსა და იუმორს დაუმატებდა. ასე დაიბადა იდეა და დაიწყო გზა – კონცეფტ-სკეტჩებიდან ბლენდერის რთულ სცენებამდე, სადაც თახვის პროპორციები, ბეწვის ფაქტურა და პლასტიკა ცოცხალ ხასიათად იქცა.

თახვიდუ უბრალოდ გამართული მოდელი არაა; ის "პრარაბის" არქეტიპის შინაგან ენერგიას ატარებს – დაკვირვებული, უშუალო, პასუხისმგებლიანი. სწორედ ამ ბალანსზე დგას მისი ხიბლი: სერიოზულობას არ აკლებს დისციპლინას, მაგრამ კომუნიკაციას ამსუბუქებს, რთულ თემებს: უსაფრთხოებას, მასალების არჩევას, სამუშაო პროცესის სტანდარტებს – გასაგებ, ადამიანურ ენაზე გვიყვება. ამიტომაც იქცა მასკოტი არა დეკორატიულ დანამატად, არამედ კომუნიკაციის აქტიურ აგენტად.

სექტემბერში, სოციალურ ქსელებში ოფიციალური "ჩაშვების" შემდეგ, თახვიდუმ დიდი გამოხმაურება მოიპოვა, მათ შორის სკეპტიკური კითხვებით: ხომ არ არის ეს ყველაფერი AI? We Do-მ პასუხად გამჭვირვალობის რეჟიმი აამოქმედა, რომ პერსონაჟის "ხელით შექმნილი" ბუნება ყველასთვის ცხადი გამხდარიყო.

დღეს თახვიდუ უკვე ბრენდის თანამშრომელია – პერსონა, რომელიც აუდიტორიასთან ახალი ტიპის კავშირს აგებს და მალე მერჩის ხაზშიც გამოჩნდება. რა იყო იდეის დაბადების მომენტი, როგორ გაიშალა არქეტიპი ვიზუალურად, რა გზა გაიარა პერსონაჟმა "კარიკატურიდან" ნამდვილ პროფილამდე და როგორ იცვლის მასკოტი We Do-ს ტონალობას? – ამაზე WeDo-ს გენერალური დირექტორი, თეკო ფიფია გვესაუბრა.

რატომ აირჩიეთ მასკოტად სწორედ თახვი? რა ასოციაციებს უკავშირებთ მას და როგორ ერგება ეს We Do- პოზიციონირებას?

მასკოტის შერჩევის პროცესში თავიდანვე ერთხმად შევჩერდით თახვზე. თახვი ბუნებით მშენებელია – ის აგებს კაშხლებს, ქმნის რთულ წყლის სისტემებს და იქმნის საკუთარ გარემოს სიზუსტითა და შრომისმოყვარეობით. სწორედ ეს თვისებები ყველაზე კარგად ასახავს We Do-ს ფილოსოფიას.

ჩვენთვის თახვი არა მხოლოდ სიმბოლოა ტექნიკური უნარებისა და გამძლეობის, არამედ ასოციირდება ეგრეთ წოდებულ პრარაბთან – ადამიანთან, რომელიც მუდამ პროცესის შუაგულშია, აკონტროლებს, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს და შედეგიც საიმედო გამოვიდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი თახვი იქცა ისეთ პერსონაჟად, რომელიც ვიზუალურადაც და შინაარსობრივადაც პირდაპირ უკავშირდება We Do-ს პოზიციონირებას: პროფესიონალიზმს, სანდოობას და მშენებლობის კულტურას.

რა მიზნები ჰქონდა პროექტს: რა ამოცანები უნდა გადაეჭრა ბრენდის კომუნიკაციაში?

პროექტის მთავარი ამოცანა იყო ბრენდის კომუნიკაციისთვის ახალი "სახის" მოძებნა – ისეთი პერსონაჟის შექმნა, რომელიც ჩვენს არსებულ კორპორაციულ და სერიოზულ B2B სტილს ცოტა მეტი უშუალობითა და მეგობრული ენერგიით გაანათებდა. ჩვენი სურვილი იყო, მშენებლობა წარმოგვეჩინა არა მხოლოდ როგორც რთული, ტექნიკური და მკაცრი სფერო, არამედ მისში დაგვენახა მსუბუქი, ლირიკული მხარეც. სწორედ ამიტომ შევქმენით თახვი – მასკოტი, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმსა და მხიარულობას, ტექნიკურ სიზუსტესა და ადამიანურ სიახლოვეს. ამ გზით ბრენდმა მიიღო შესაძლებლობა, ერთდროულად დარჩენილიყო სანდო პარტნიორი მშენებლობის სფეროში და, ამავდროულად, უფრო ახლოს მისულიყო აუდიტორიასთან – ენით, რომელიც არა მხოლოდ საქმიანი, არამედ გულწრფელად ადამიანურიც არის.

ვინ ან რა არის თახვიდუს პროტოტიპი რეალური ადამიანი, ბრენდი თუ პროფესიული არქეტიპი? რომელი ხასიათები იყო აუცილებელი მის პერსონაში (ტონი, იუმორი, სამუშაო ეთიკა)?

თახვიდუს პროტოტიპი არ არის ერთი კონკრეტული ადამიანი, ის უფრო პროფესიული არქეტიპის განსახიერებაა. ჩვენ ვცდილობდით შეგვექმნა პერსონაჟი, რომელიც ერთდროულად ასახავდა როგორც ბრენდის მთავარ ფასეულობებს, ასევე იმ ტიპის ადამიანურ თვისებებსაც, რომლებიც მშენებლობის პროცესში აუცილებელია: პროფესიონალიზმი, თვითმენეჯმენტი, იუმორი და მოლაპარაკებების ხელოვნება.

ამიტომ თახვიდუს ხასიათის ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რამდენიმე კრიტერიუმს:

  • ტონი – მას უნდა ჰქონოდა პირდაპირი და უშუალო ტონი, თითქოს "პრარაბი" იყოს, რომელიც ნებისმიერ დეტალს ყურადღებით აკვირდება.
  • იუმორი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პერსონაჟი ზედმეტად არ ყოფილიყო სერიოზული; იუმორი მის ხასიათში ამსუბუქებს კომუნიკაციას და მას აუდიტორიასთან უფრო ახლოს მიიყვანს.
  • სამუშაო ეთიკა – თახვიდუს განუყოფელი ნაწილი გახდა შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა, რადგან ეს ბრენდის მთავარი ფასეულობებია.

საბოლოოდ, თახვიდუ არის პროფესიონალი, რომელიც საქმეს გულით ეკიდება, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია ყველაფერი უფრო მარტივად და ადამიანურად გაგვაცნოს. სწორედ ეს ბალანსი – სერიოზულობასა და იუმორს შორის – ხდის მას ბრენდისთვის უნიკალურ სახედ.

როგორი იყო დიზაინერის როლი პროექტის განხორციელებაში?

პროექტზე მუშაობის დაწყებისას ზუსტად ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა პროფესიონალი 3D არტისტი, რომელიც ზუსტად გამოგვყვებოდა ჩვენს შეხედულებებში და მიხვდებოდა, რა გვჭირდებოდა. გვქონდა საკმაოდ ბევრ დიზაინერთან კომუნიკაცია, მცდელობები, მაგრამ თახვიდუს გაცოცხლება საბოლოოდ მარია ბაღდასაროვმა შეძლო, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე და საბოლოოდ ჩვენი მასკოტი თახვიდუც შექმნა.

სამუშაო პროცესის ქრონოლოგია როგორ გამოიყურებოდა ერთთვიან პერიოდში, რომელი ხელსაწყოები გამოიყენეთ და რა იყო ყველაზე რთული ეტაპი?

იმის შემდეგ, რაც ჩვენი მასკოტი შევარჩიეთ, ყველაზე რთული ეტაპი თვითონ თახვიდუს შექმნის პროცესი იყო. გაგვიჭირდა შესაბამისი არტისტის შერჩევა, რომელიც მას შექმნიდა. თახვიდუს შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი გახდა Blender – პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა 3D მოდელირება და ანიმაცია უმაღლეს ხარისხში შესრულდეს. საბოლოოდ, მრავალი დახვეწის შემდეგ, მივიღეთ ისეთი შედეგი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად ეფექტურია, არამედ ზუსტად პასუხობს იმ ხასიათს, რასაც ბრენდისთვის ვეძებდით.

რამდენი ვერსია გაიარა პერსონაჟმა საბოლოო სახემდე და რა კრიტერიუმებით იქნა არჩეული "ფინალური" თახვიდუ?

თახვიდუს გზა საბოლოო სახემდე საკმაოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა – საწყის ეტაპზე არაერთი ვერსია შეიქმნა. თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი ჰქონდა: ზოგი უფრო მხიარული იყო, ზოგი მეტად კარიკატურული, ზოგი კი ტექნიკურად რთული და სერიოზული. გვინდოდა ისეთი ვიზუალი, რომელიც ყველასთვის მარტივი აღსაქმელი იქნებოდა და, ამავდროულად, გაიმეორებდა თახვის რეალურ ფორმებს, ბეწვის ფაქტურას, ვიზუალს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დამსგავსებოდა AI პერსონაჟს.

მნიშვნელოვანი იყო, რომ პერსონაჟი რეალისტურად ყოფილიყო აღქმული – არა მხოლოდ "კარგად დახატული", არამედ ისეთი, ვისაც შეეძლო ერთდროულად რამდენიმე თვისება გაეერთიანებინა: სერიოზულობა, საქმიანობა, ცოტაოდენი ცინიზმი და, ამავდროულად, ყოფილიყო ვიზუალურად საინტერესო. სწორედ ეს მრავალფუნქციური ხასიათი უნდა გადმოეტანა ჩვენი ბრენდისთვის.

საბოლოოდ არჩეული დიზაინი სწორედ ამიტომ გახდა "ფინალური": ის სრულად პასუხობდა ჩვენს მოლოდინებს და უკვე აღარ იყო უბრალოდ ნახატი, არამედ ცოცხალი პერსონაჟი. იმ ეტაპიდან თახვიდუზე მუშაობა აღარ იყო მხოლოდ სამუშაო პროცესი – ის გადაიქცა შემოქმედებით სიამოვნებად, სადაც ყოველი ახალი დეტალი მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

როგორია თახვიდუს სამომავლო გეგმები კომპანიასთან ერთად?

თახვიდუ უკვე კომპანიის თანამშრომელი, განუყოფელი ნაწილი და ბრენდის სახეა, ვგეგმავთ, რომ ის აქტიურად მიაწვდის მნიშვნელოვან სამშენებლო რჩევებს ჩვენს და არამარტო ჩვენს მომხმარებლებს. დარწმუნებული ვართ, თახვიდუ შექმნის სამშენებლო ამინდს. გარდა ამისა, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ თახვიდუს მერჩზე სამშენებლო გამოფენისთვის. ვფიქრობთ, წინ ამ სფეროში აქტიურად ჩართულ ადამიანებს სასიამოვნო და მხიარული სიახლეები ელით.