შენი კუთვნილი ადგილი ტექნოლოგიების სამყაროში - Technovation Girls 2026 პროგრამაზე მიღება დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Technovation Girls-ის ისტორიები იწყება მომენტიდან, როცა სკეპტიციზმი თავდაჯერებულობად იცვლება, გოგონები პირველად ხვდებიან, რომ ტექნოლოგიები მხოლოდ სხვებისთვის კი არა - მათთვისაცაა. საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო პროექტის Technovation Girls 2026-ის მასპინძელი გახდა: რას ნიშნავს სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები?!
Technovation Girls 2026-ის რეგისტრაცია ოფიციალურად დაიწყო და მასთან ერთად იწყება შესაძლებლობა უამრავი გოგონასთვის, რომ საკუთარი იდეები რეალურ ტექნოლოგიურ გამოცდილებად აქციონ. 5 დეკემბრამდე ნებისმიერ 13-18 წლის გოგონას შეუძლია შეუერთდეს პროგრამას, რომელმაც უკვე მსოფლიოს 80 ქვეყანაში ათიათასობით ახალგაზრდას პროფესიული ვექტორი შეცვალა.
საქართველოში Technovation Girls წელს განსაკუთრებული მასშტაბით ბრუნდება. პროგრამის ოფიციალური მასპინძელი საქართველოს უნივერსიტეტია (UG) - ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას სტრატეგიულად ავითარებს. პროგრამის მიზანია გოგონებმა მიიღონ ხარისხიანი STEM ცოდნა, მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მომავალ ტექნოლოგიურ ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია.
Technovation Girls უკვე 16 წელია აძლევს გოგონებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართონ მთელი ინოვაციური ციკლი - პრობლემის აღმოჩენიდან ტექნოლოგიური გადაწყვეტის შექმნამდე. საქართველოში პროგრამა მეექვსედ ტარდება და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება: 2023 წელს საქართველოს გუნდებმა ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეიყვანეს წარდგენილი პროექტების რაოდენობით, ხოლო ფარისა და ცაგერის სკოლების გუნდმა Junior კატეგორიაში ევროპული გამარჯვებაც მოიპოვა.
გარდა ამისა, Technovation Girls გახდა Grace Hopper Award-ის გამარჯვებული, როგორც ქალების ტექნოლოგიური გაძლიერების საუკეთესო პროგრამა.
Technovation Girls 2026 წლის შეჯიბრისთვის მონაწილე გოგონების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 5 დეკემბრამდე. პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვს 13-დან 18 წლამდე გოგონებს, რომლებიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში (Junior: 13-15 წელი და Senior: 16-18 წელი) იასპარეზებენ.
საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა პროგრამას აძლევს შესაძლებლობას, გოგონებისთვის რესურსების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გააფართოვოს. პირველად, სკოლებს ეძლევათ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი Technovation Girls კლუბები. ყოველ ასეთ კლუბში მინიმუმ 15 გოგონა და ერთი ხელმძღვანელი უნდა იყოს და საუკეთესო კლუბებს უნივერსიტეტი და პარტნიორი ორგანიზაციები სპეციალური პრიზებით დააჯილდოებენ. "სკოლებში კლუბების შექმნა ხელს შეუწყობს ტექ მიმართულებით მაღალი ხარისხის კურიკულუმის დანერგვას და სხვებშიც გააჩენს ინტერესს. ასევე გააძლიერებს პროგრამის მდგრადობას და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის კულტურას," - განმარტავენ საქართველოს უნივერსიტეტში.
პროგრამის მხარდასაჭერად საქართველოს უნივერსიტეტი მობილიზებას უკეთებს საკუთარ აკადემიურ და ბიზნეს რესურსებს: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები ჩაერთვებიან როგორც ტექ ექსპერტები, ხოლო UG Startup Factory-ის გუნდი კონკურსანტებს დაეხმარება არა მხოლოდ აპის პროტოტიპის შექმნაში, არამედ ინოვაციური იდეების გენერირებასა და ბიზნესგეგმების პროფესიონალურ ჩამოყალიბებაში.
2026 წლის სეზონის შინაარსობრივი სიახლეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი კურიკულუმში AI-ის გაძლიერებაა. ახლა გოგონები არა მხოლოდ მობილური აპლიკაციების პროტოტიპირებას ისწავლიან, არამედ ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებსაც, რაც მათ კონკურენტუნარიანობას მომავალი პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვნად გაზრდის.
როგორ იცვლება ამ ყველაფრით გოგონების ხედვა? ამაზე Entrepreneur-თან საუბარში საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ Technovation Girls მიზანმიმართულად უპირისპირდება იმ ბარიერებს, რომლებიც გოგონებს ტექნოლოგიებში ჩართვას უძნელებს.
"ყველაზე დიდი გამოწვევაა სტერეოტიპები - რომ ტექნოლოგიები თითქოს "უფრო ბიჭების სფეროა". ასევე არსებობს რესურსებზე შეზღუდული წვდომა, განსაკუთრებით რეგიონებში: კომპიუტერული კლუბები სკოლებში, ტექნოლოგიური კურსები, მენტორები, გარემო, სადაც გოგოები გამოცდიან საკუთარ თავს ტექნოლოგიებში.
Technovation Girls სწორედ ამ ოთხ პრობლემას პასუხობს:
● გოგონებს უყალიბებათ რწმენა, რომ შეუძლიათ საკუთარი თემის პრობლემების გადაწყვეტა ტექნოლოგიების გამოყენებით;
● ისინი იღებენ ხელმისაწვდომ, სტრუქტურირებულ კურიკულუმს, რომელიც მორგებულია დამოუკიდებლად შესწავლაზე;
● ვაკავშირებთ მენტორებთან, როლურ მოდელებთან, წარმატებულ ქალ ლიდერებთან;
● ვუქმნით უსაფრთხო სივრცეს, სადაც მათ შეუძლიათ ექსპერიმენტირება და ლიდერული უნარების განვითარება.
მისი თქმით, პროგრამის მთავარი ძალა პრაქტიკული გამოცდილებაა: "ისინი არამხოლოდ სწავლობენ, არამედ ქმნიან რეალურ ტექნოლოგიურ პროდუქტს სოციალური პრობლემის გადასაჭრელად. ეს არ არის სტანდარტული კურსი - ეს არის იდეიდან საერთაშორისო კონკურსამდე მიმავალი სრული ციკლი, მხარდაჭერის მიდგომით, რომელიც დამოუკიდებელი სწავლების უნარსაც ავითარებს."
პროექტში ასევე მნიშვნელოვანია მენტორების ჩართულობა, მოხალისე მენტორი შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან და მას აქვს შესაძლებლობა იყოს როგორც გუნდის მენტორი, ასევე ტექნოლოგიური ან ბიზნეს მენტორი.
რა ტიპის ცოდნასა და უნარებს განივითარებენ მონაწილეები პროგრამის დასრულების შემდეგ? რა გამოარჩევს Technovation Girls-ს სხვა სასწავლო ან საგანმანათლებლო პროექტებისგან?
პროგრამის ბოლოს გოგონები იძენენ მნიშვნელოვან ტექნიკურ და ბიზნეს უნარებს, როგორიცაა:
● პროგრამირების საფუძვლები;
● მობილური აპების/AI პროტოტიპების შექმნა;
● UX/UI დიზაინის საწყისი ცოდნა;
● პროექტის მართვა, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა;
● კვლევის ჩატარებისა და პრეზენტაციის უნარები.
პროგრამა დეკემბერში დაიწყება გუნდების ფორმირებით და გაცნობითი შეხვედრებით. შემდგომ ოთხ თვეში მონაწილეები შექმნიან ტექნოლოგიური გადაწყვეტის პროტოტიპს, ისწავლიან პროექტის მართვას, გაივლიან სხვადასხვა ვორქშოფს და იმუშავებენ იმ გამოწვევაზე, რომელიც საკუთარ თემში აღმოაჩინეს.
მაისში საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება რეგიონალური კონფერენცია, სადაც გუნდები წარადგენენ თავის პროექტებს. საუკეთესო გუნდები გახდებიან საქართველოს გამარჯვებულები და მსოფლიო შეჯიბრების ნახევარფინალისტები. გამარჯვებული გუნდები საქართველოს უნივერსიტეტისა და პარტნიორი კომპანიებისგან მიიღებენ სპეციალურ პრიზებს, ხოლო საუკეთესო 20 გუნდი მენტორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც აგვისტოში ჩატარდება. ბანაკი მოიცავს მრავალფეროვან ტექ ვორქშოფებს, შეჯიბრებებს და იდეათონებს.
როგორია პროექტის გავლენა რეგიონებზე, სადაც ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობები, როგორც წესი, უფრო შეზღუდულია?
პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია რეგიონებში, სადაც ტექნოლოგიურ რესურსებზე წვდომა შეზღუდულია. 2024 წლის 700 მონაწილედან მხოლოდ ნახევარი იყო თბილისიდან - რაც ნიშნავს, რომ Technovation Girls იქცა ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ STEM პლატფორმად ქვეყნის მასშტაბით.
კონკრეტულად რა როლი აკისრია საქართველოს უნივერსიტეტს პროექტში და როგორ უწყობს ხელს მოზარდ გოგონებში განათლების ხელშეწყობას?
საქართველოს უნივერსიტეტი არის პროგრამის ოფიციალური მასპინძელი საქართველოში. ჩვენი როლია:
● უზრუნველვყოთ ორგანიზაციული მხარდაჭერა;
● გავაძლიეროთ სკოლები და კლუბები;
● მოვიზიდოთ საუკეთესო მენტორები და ექსპერტები;
● დავაწესოთ ხარისხის სტანდარტი;
● გავხადოთ ტექნოლოგიური განათლება ხელმისაწვდომი გოგოებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
UG ამ პროგრამას უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება - ეს არის ინვესტიცია მომავალი თაობის განვითარებაში.
როგორ აფასებთ საქართველოს უნივერსიტეტის ჩართულობას, როგორც მოტივაციასა და რესურსულ მხარდაჭერას კლუბების წარმატებისთვის?
უნივერსიტეტების ჩართულობა მსგავს პროექტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა საერთაშორისო დაფინანსება ფაქტობრივად გამქრალია. ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტი ძალიან აქტიურია მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით, იქნება ეს კონფერენციების ორგანიზება, საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდების გაგზავნა თუ სკოლების დახმარება ტექ კლუბების განვითარებაში.
თანამშრომლობთ თუ არა აქტიურად ადგილობრივ კომპანიებთან? სამომავლოდ რამდენად იქნება შესაძლებლობა, თქვენი პარტნიორი კომპანიები ბენეფიციარებს კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარონ?
Technovation მუდმივად ცდილობს, ახალი მხარდამჭერები იპოვოს სხვადასხვა კომპანიებში და ორგანიზაციებში. ზოგჯერ ამ კომპანიების თანამშრომლები ერთვებიან მენტორებად ან ტექ ექსპერტებად. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს როგორც პროგრამის განვითარებას, ისე ამ კომპანიების ჩართულობას განათლებისა და საზოგადოების განვითარებას უაღრესად საჭირო საქმეში. ამჟამად ჩვენი მხარდამჭერები არიან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ლაბორატორია და კომპანია "იდეა დიზაინ ჯგუფი".
როგორ ხედავთ Technovation Girls-ის გავლენას მომავალი 5-10 წლის განმავლობაში საქართველოში?
მჯერა, რომ 5–10 წელიწადში Technovation Girls გამოიწვევს ცვლილებას ორ დონეზე:
● პირადად გოგონებისთვის: უფრო მეტი ქალი ტექნოლოგიებში, AI-ში, ინჟინერიაში, კიბერუსაფრთხოებაში.
● ქვეყნის დონეზე: STEM სექტორის ზრდა, ქალთა ლიდერობის გაძლიერება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მეტი ინოვაციური სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია.
ეს პროგრამა უკვე გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა საქართველოში გოგონების ტექნოლოგიურ განათლებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილეთა რიცხვი მუდმივად იზრდება - დაიწყო 50 მონაწილით, წინა წელს კი 700 მონაწილე გვყავდა. იმედი გვაქვს, ამ პროგრამის მასშტაბი ისე გაიზრდება საქართველოში, რომ ყველა სკოლაში შეიქმნება კლუბი და გახდება სკოლების, უნივერსიტეტებისა და კომპანიების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.
Technovation Girls 2026 კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ახლა დგამს ტექნოლოგიებში პირველ ნაბიჯებსაც და იმათთვისაც, ვინც უკვე გამოცდილია და მზადაა ახალი გამოწვევისთვის. დროა გოგონებმა თავიანთი კუთვნილი ადგილი დაიკავონ ტექნოლოგიებში.