საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც Mitsubishi-ს ცნობილი მოდელის – L200-ის თემატური შოურუმი გაიხსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველომ კიდევ ერთხელ გაიმყარა პოზიციები საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიაში. სწორედ თბილისში გაიხსნა Mitsubishi L200-ის ისტორიაში პირველი შოურუმი, რომელიც მთლიანად ერთ მოდელს ეძღვნება. ეს ნაბიჯი მხოლოდ ახალი, უნიკალური სივრცის გახსნა არ არის – ეს არის ბრენდის მხრიდან აღიარება, რომ საქართველოს ბაზარი L200-ის გაყიდვებისათვის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ სივრცედ ჩამოყალიბდა. მრავალი წლის განმავლობაში Mitsubishi Motors Georgia-ს მიერ დაგროვილ ნდობას, გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს და მომხმარებლის ერთგულებას Mitsubishi-სთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს, მოდელზე ორიენტირებული შოურუმი კი ამ ურთიერთობის ყველაზე მკაფიო დადასტურებაა.
ახალი შოურუმის კონცეფცია კლასიკური ავტოსალონებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აქ L200 უბრალოდ წარმოდგენილი არ არის – აქ ყველა დეტალი ამ მოდელის მახასიათებლებს ყვება, რაც საინტერესო გამოცდილებად იქცევა. მომხმარებელზე მორგებული თანამედროვე ლაუნჯ-კონცეფციის სივრცე აერთიანებს ბუნების სიმშვიდესა და ქალაქის ურბანულ ენერგიას, რაც L200-ის ორმაგ ხასიათს უსვამს ხაზს. შოურუმის მიზანია, მომხმარებელს აჩვენოს, რომ მოდელი L200 იდეალური არჩევანია როგორც ქალაქში, ისე რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად. სწორედ ეს ორმაგი ბუნება აისახა შოურუმის დიზაინსა და ატმოსფეროში.
L200-ის პოპულარობა საქართველოში შემთხვევითი არ არის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოდელი სეგმენტის უპირობო ლიდერია. ბაზარზე თითქმის 3000 ერთეულია გაყიდული, ხოლო გლობალურად – 5.6 მილიონზე მეტი. Mitsubishi-ს ეს პიკაპი მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მოდელი კომპანიამ პირველად 1978 წელს წარადგინა, 2023 წელს კი მე-6 თაობის L200 გამოვიდა. 47-წლიანი ევოლუციის განმავლობაში ავტომობილმა 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოც მიიღო. L200 მრავალი ქვეყნისთვის ბესტსელერად იქცა, მათ შორის საქართველოსთვის, სადაც მისი სიმტკიცე, გამძლეობა და საიმედოობა ადგილობრივ პირობებს იდეალურად ერგება.
სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Mitsubishi Motors Georgia-მ, რომ ამ მოდელისთვის სპეციალური სივრცე შეექმნა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ამაშუკელი განმარტავს, მოდელისადმი მიძღვნილი თემატური შოურუმის იდეა 2024 წლის ბოლოს, შიდა სამუშაო პროცესის დროს დაიბადა.
"ეს იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც 2025 წლის ბიზნეს გეგმაგმაზე და კომპანიის სტრატეგიაზე ვმუშაობდით. შეიქმნა კონცეფცია და სწრაფადვე მოხდა აღსრულება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის და კომპანიის დამფუძნებლებს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი არის გარკვეული სავიზიტო ბარათი არამარტო "კავკასუს მოტორსისთვის", არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სწორედ საქართველოა ის ადგილი, სადაც პირველად დაიბადა და განხორციელდა ეს კონცეფცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატებული პრაქტიკა სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება," – ამბობს გიორგი ამაშუკელი.
ამაშუკელი აღნიშნავს, რომ შოურუმი პირდაპირ უკავშირდება L200-ის მიმართ ქართულ მომხმარებელთა ნდობას. მეხუთე თაობის მოდელმა ფასისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსით დაიმკვიდრა თავი, მეექვსე თაობამ კი სრულიად ახალი სტანდარტი დააწესა. მასში პიკაპის პრაქტიკულობა, ყველგანმავალი ავტომობილის ტექნოლოგიური კომფორტი და თანამედროვე დიზაინი ერთიანდება. სწორედ ამიტომ შეიქმნა სპეციალური სივრცეც, სადაც ამ უპირატესობების კარგად გაცნობაა შესაძლებელი. შოურუმის სტუმრობისთანავე თვალში გვხვდება Mitsubishi L200-ის გამძლეობა და მძლავრი ვიზუალური ხასიათი. L200-ის ახალი მოდელი უზრუნველყოფს მაღალ წარმადობასა და უსაფრთხოების ძლიერ შეგრძნებას ნებისმიერ გზაზე – იქნება ეს ხრეში, ტალახი, თოვლი, ქვიშა თუ კლდოვანი რელიეფი. მძლავრი მოჭიდების რეჟიმები და მრავალფუნქციური სატვირთო სივრცე L200-ს აქცევს იდეალურ პარტნიორად როგორც სამუშაო პროცესში, ისე თავგადასავლებისა და ყოველდღიური გადაადგილებისას.
შოურუმში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, L200-ის სხვადასხვა კომპლექტაციები ახლოდან ნახონ, ავტომობილი სასურველი აქსესუარებით პერსონალიზებული სახით შეარჩიონ და მისი შესაძლებლობები დაგეგმილ ტესტ-დრაივზე გამოსცადონ.
თბილისში გახსნილი შოურუმი Mitsubishi-ს გლობალურ ქსელში უკვე იქცა სიახლის და ორიგინალური ხედვის თვალსაჩინო მაგალითად – ეს გლობალური ავტოინდუსტრიის ცნობილი კომპანიისათვის არის ინოვაცია, რომელიც სწორედ საქართველოდან დაიწყო.