როგორ დაიცვა ჯანმრთელობა და გადაურჩე გამოფიტვას ბიზნესის შექმნის პროცესში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დილა თითქოს ნორმალურად იწყება: ყავა, სწრაფი გასაუბრებები გუნდურ ჩატში და იმედის მომცემი გეგმა კიდევ ერთი წარმატებული დღისათვის. შუადღისთვის გეგმები უკვე იცვლება: ერთი ზარი მოულოდნელად შემოდის, მეორე ზარს მესამე მოყვება და საღამოს ხვდებით, რომ სულ სხვა საქმეზე დახარჯეთ ძალა და ენერგია. სახლში გვიან ბრუნდებით და გაქვთ შეგრძნება, რომ მალე თავის ტკივილს ვეღარ გაუძლებთ. ცდილობთ დაიძინოთ, მაგრამ ძილი არა და არ მოდის, საწოლშიც წრიალებთ, ხანაც იქვე დადებულ ტელეფონს ამოწმებთ და გრძნობთ, რომ გონებას ვერ ასვენებთ: ფინანსური პროგნოზი, მომხმარებლის უკუკავშირი, ახალი გამოწვევები.
ასე იწყება ყოველდღიურობა, რომელსაც ბიზნესში ხშირად "განვითარებას" ეძახიან, ხოლო მედიცინაში - "გამოფიტვას" ან გადაღლას.
ეს სტატია იმაზეა, თუ როგორ მივიღოთ კარგი ან უკეთესი შედეგები ისე, რომ წარმატება არ დაგვიჯდეს ჯანმრთელობის ფასად. როგორ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიურობა ისე, რომ მიზნებს მივაღწიოთ და სანაცვლოდ მენტალური ან ფიზიკური ჯანმრთელობა არ დაირღვეს.
ფიზიკური ნიშნები - როცა სხეული ჩუმად გვატყობინებს
პირველი ნიშნები არასდროსაა მკვეთრად გამოხატული. ისინი შეიძლება ბევრნაირად გამოვლინდეს: დილაობით სიმძიმის შეგრძნება გვაქვს, თვალების გახელა ჭირს და პირველ ყავას მეორე მიჰყვება, რადგან ერთი ჭიქა არაა საკმარისი გამოსაფხიზლებლად. ღამე თითქოს გძინავს, მაგრამ დილით სხეული მაინც არ არის დასვენებული. ხშირად სწორედ აქ ვუშვებთ შეცდომას და ვამბობთ, რომ ეს დიდი არაფერია. შემდეგ კი კალენდარში ვამატებთ კიდევ ერთ დამღლელ და ემოციურ საქმიან შეხვედრას, კიდევ ერთ ზარს, კიდევ ერთ ღამით შესასრულებელ სამუშაოს.
სინამდვილეში კი სხეული დასვენებას გვთხოვს და ცდილობს, შეგვახსენოს, რომ ენერგიაც ამოწურვადი რესურსია. თუ უძილობა გრძელდება, წნევა ხშირად "თამაშობს", თავის ტკივილი ან გულზე ე.წ. ჩხვლეტები იმატებს - ეს ყველაფერი მცირე ნიშნებია იმისა, რომ ყოველდღიურობა ორგანიზმისთვის ზედმეტად მძიმე გახდა. და თუ ახლა არ დაიწყებ დროისა და ენერგიის სწორად მართვას, შედეგები, შეიძლება, ბევრად მძიმე იყოს.
მენტალური ჯანმრთელობა - ე.წ. გადაწვის კიდევ ერთი ნიშანი
"გადაწვისა" და ფიზიკური გადაღლის კიდევ ერთი ნიშანი უფრო საყურადღებოა, რადგან საქმე ამ დროს მენტალურ ჯანმრთელობას ეხება. გონებრივი გადაღლა არ არის მხოლოდ მეტაფორა: როცა დღეების მანძილზე ათობით არჩევანს აკეთებთ, გონება თითქოს იღლება, კონცენტრირება რთულდება, ნელ-ნელა საკუთარი გადაწყვეტილებების მიმართ ეჭვი იზრდება და აქამდე ჩვეული გამბედაობით ვეღარ მუშაობთ.
ამას თან ერთვის შფოთვა - მომავალი, გუნდი, ხარჯები, რისკები - ყველაფერი ერთად სტრესის მიზეზი ხდება და მოულოდნელად იწყება მოტივაციის დაკარგვაც. თითქოს საქმე კარგადაც მიდის, მაგრამ შინაგანი ხმა აღარ არის კმაყოფილი შედეგებით.
ამ დროს მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ, რომ ეს არა სისუსტის, არამედ ენერგიისგან დაცლის ნიშანია. დიდხანს მაღალ სიჩქარეზე ჩართული სარბენი ბილიკიც კი ითხოვს გაჩერებას - ცხადია, ადამიანსაც სჭირდება დროდადრო ამოსუნთქვა და შესვენება.
პრევენციის გზები და პატარა ჩვევები დიდი შედეგებისთვის
ცვლილება ყოველთვის გრანდიოზული ტრანსფორმაციით არ იწყება - ხანდახან საწყისი მცირე, მაგრამ გონვრული გადაწყვეტილებებია, რომლებიც ნელნელა ჩვევებად ყალიბდება.
მიანიჭეთ პრიორიტეტი ენერგიის შევსებაც ჯერ კიდევ დილიდან - გაიღვიძეთ ადრე, გამოფხიზლდით ხუთიდან ოც წუთამდე ნელი მოძრაობით, გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, მიიღეთ წყალი და ერიდეთ ტექნიკასთან კონტაქტს.
ახლიდან დაგეგმეთ თქვენი დღეებიც. მაგალითად, შემაცირეთ შეხვედრები და ენერგია დახარჯეთ მხოლოდ იმაზე, რაც სხვანაირად ვერ მოგვარდება. ცნობილი ფრაზისა არ იყოს - რაც შეიძლება, ერთი იმეილით მოგვარდეს, არ აქციოთ ნახევარსაათიან შეხვედრად. ასეთი დელეგირება არ ამცირებს თქვენს, როგორც ანტრეპრენერისა და ლიდერის მნიშვნელობას გუნდისთვის, მაგრამ ნერგავს ჯანსაღ პროცესებს. თანაც, როცა გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, თქვენ უფრო მეტად ფოკუსირდებით ხედვასა და კომპანიის განვითარებაზე - ეს კი ყველასთვის მომგებიანია.
უმნიშვნელოვანესი ასპექტია ძილი. თითქოს მარტივია სათქმელად, თუმცა, თანამედროვე ადამიანისთვის ძილის მოწესრიგება ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. იმისათვის, რომ ძილი მოიწესრიგოთ, დაწოლამდე ერთი საათით ადრე დაიცავით მარტივი წესი - არ აკეთოთ საქმე ლურჯი ეკრანის წინ, იქნება ეს ლეპტოპი, თუ ტელეფონი. არც ტელევიზორის ყურებაა უკეთესი გამოსავალი - ეს ჩაძინებაში გვიშლის ხელს.

თუკი ჩაძინება მაინც პრობლემურია, მიიღეთ დანამატები, მაგალითად მელატონინი. საღამოს, ძილის წინ ნახევარი ან ერთი საათით ადრე, მიიღეთ ერთი ტაბლეტი წყალთან ერთად. როგორც წესი, პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია მელატონინის 3 მგ-იანი ტაბლეტების მიღება, თუმცა, უმჯობესია ამ საკითხზე სპეციალისტის რჩევაც მიიღოთ.
როგორ მუშაობს მელატონინი? - ეს არის ჰორმონი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ისედაც გამომუშავდება და ჩაძინებას, ორგანიზმის დასვენებას უწყობს ხელს. თანამედროვე ცხოვრების წესი ხშირად არღვევს ჩვენს ბიოლოგიურ საათს, ამიტომაც, მელატონინის გამომუშავებაც ფერხდება და საბოლოოდ ამას ხშირად მივყავართ ენერგიის ნაკლებობამდე, მუდმივ სისუსტემდე და სხვა პრობლემებამდეც. მელატონინის ტაბლეტები, 3მგ-იანი იქნება ეს თუ უფრო დიდი ან პატარა დოზა, სწორედ ამ დანაკლისს ავსებს და ეხმარება ჩვენს ორგანიზმს, უფრო მარტივად ჩაგვეძინოს, ღამით კარგად დავისვენოთ და დილით ენერგიით სავსენი ვიყოთ.
გრძელვადიანი შედეგები - რატომ არის სწრაფი რეაგირება ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება
ხშირად გვგონია, რომ ჯანმრთელობის ხარჯზე "დაზოგილი" საათები გამართლებულია და მიზნის მიღწევის შემდეგ ყველაფერს მივხედავთ. სინამდვილეში კი ქრონიკული უძილობა და მუდმივი სტრესი ჩვენსავე გზაზე გვეღობება. დროთა განმავლობაში იმუნიტეტი სუსტდება, გუნება-განწყობა ქვეითდება, გვიჭირს სორი გადაწყვეტილებების მიღება, კრეატიული აზროვნება თითქოს ქრება და ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ ყველაზე ძვირად ღირებული რესურსი, საკუთარი ჯანმრთელობა, სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენეთ.
ადრეული რეაგირება სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი: ის იცავს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ პრაგმატულად - ბიზნესსაც. როცა ორგანიზმი ისვენებს, გონება უკეთ მუშაობს, გადაწყვეტილებებიც უფრო სტრატეგიული ხდება, რასაც საბოლოოდ, მივყავართ წარმატებამდე.
ამ ჯაჭვში თითოეული რგოლი - ჯანსაღი ჩვევებით დაწყებული დილა, ნაკლები ხმაური, პასუხისმგებლობის გადანაწილება, ფიზიკური აქტივობა , მშვიდი საღამო და საჭიროებისას საკვები დანამატები - პროგრესს ისევე ემსახურება, როგორც ახალი კონტრაქტი ან ძლიერი კამპანია.
თქვენს ენერგიასაც სჭირდება ბიზნეს-გეგმა
ბიზნესი გეგმას ეფუძნება: მიზნები, KPI-ები, რესურსები, ვადები. ჯანმრთელობასაც უნდა ჰქონდეს მსგავსი გეგმა - ზრუნვის სტრატეგია. მაგალითად, შეადგინეთ თქვენი ენერგიის გადანაწილების გეგმა ისე, როგორც ადგენთ კომპანიის რესურსების განაწილების გეგმას და დაფიქრდით, რა არის ყოველდღიურობაში ის ჩვევები, რაზეც უარი უნდა თქვათ, ან რა უნდა გაითვალისწინოთ დამატებით.
თქვენს ბიზნესს არ სჭირდება თქვენი ენერგიის 100% და გამოფიტვა - სჭირდება თქვენი სიფხიზლე და გამჭრიახი გონება, რაც მხოლოდ დასვენებით მოდის. თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტული უპირატესობაა არა მხოლოდ იდეა და კავშირები, არამედ ის, რომ ყოველ დილას ხვდებით ენერგიით სავსე, მკაფიო ხედვითა და მშვიდი გონებით.