"ნიკორა" ახალ ეტაპზე: რეგიონში უნიკალური საწარმო 45 მლ ლარის ინვესტიციით გაიხსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უკვე 27 წელია, "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, დღეს კი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის: 25 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა "ნიკორას" ახალი, თანამედროვე და მასშტაბური საწარმო, რომლის ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ინფრასტრუქტურა უნიკალურია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.
ახალი საწარმოს უნიკალურობას მისი ინოვაციური ტექნოლოგიური რესურსი განაპირობებს. ქარხნის მახასიათებლებზე, ინვესტიციის მასშტაბსა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Entrepreneur შპს "ნიკორას" დირექტორს, გიორგი წერეთელს ესაუბრა და სცადა გაერკვია, რა უპირატესობებს იძლევა ახალი შესაძლებლობები ადგილობრივ ბაზარზე.
რა გარემოებებმა განაპირობა ახალი საწარმოს აშენების საჭიროება?
განვითარება მუდმივი პროცესია, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ "ნიკორა" ყოველთვის ლიდერი იყო მასშტაბით, ასორტიმენტითა და ხარისხით. ბაზარი სწრაფად იცვლება, ჩნდება ახალი მოთხოვნები და ეს კომპანიებს წინსვლისკენ უბიძგებს. წარმოებაზე ორიენტირებული ბრენდებისთვის საწარმოო ბაზის 20-25 წელიწადში ერთხელ განახლება ბუნებრივი პროცესია, რადგან ამ პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლება ტექნოლოგიები, დანადგარები, ინფრასტრუქტურა და თავად ბაზარიც. სწორედ ამ გარემოებებმა გვიბიძგა, აგვეშენებინა ახალი ქარხანა, რომელიც არა მხოლოდ შეაჯამებდა "ნიკორას" განვლილ 27 წელიწადს, არამედ გაუსწრებდა დროს და მომდევნო ათწლეულებისთვის წარმატების მყარ საფუძველს შექმნიდა.
როგორც ვიცით, ახალი ქარხნის ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამორჩეულია. რატომ ითვლება ის რეგიონში უნიკალურად?
ახალ საწარმოს უნიკალურად აქცევს თანამედროვე დანადგარები და პროცესების ორგანიზება, მიუხედავად იმისა, რომ ხორცპროდუქტების წარმოების ფუნდამენტურ ტექნოლოგიებში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა. პირველ რიგში, აღსანიშნავია წარმადობა: საწარმო გათვლილია დღეში, დაახლოებით, 45 ტონა პროდუქციის წარმოებაზე და სამომავლოდ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდა იგეგმება. მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ტექნოლოგიური მართვის სისტემა, რომელიც წარმოების მთელ ციკლს ფარავს. ქარხანაში დანერგილია RFID ტექნოლოგია, რომელიც რადიოტალღების მეშვეობით აკონტროლებს თითოეული ნედლეულის მოძრაობას, მის გარდაქმნასა და საბოლოო პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპს. შედეგად, პროცესების უმეტესობა ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე იმართება, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, გამჭვირვალობასა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. მსგავსი პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ფაქტობრივად, არ არსებობს. ასეთ სისტემებს მხოლოდ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული კომპანიები იყენებენ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში ამ მიმართულებით პიონერები ვართ.
ახსენეთ პროცესების ავტომატიზაცია. რამდენად მოახდენს ეს გავლენას ადამიანურ რესურსზე?
მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში დანერგილია ინოვაციური ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და წარმოების პროცესების დიდი ნაწილი ავტომატიზებულია, თანამშრომელთა რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, გაიზარდა. ვფიქრობ, ტექნოლოგიური პროგრესი მაშინ არის ეფექტიანი, როცა ის სამუშაო პროცესს ამარტივებს და ადამიანს ეხმარება. სწორედ ამიტომ თანამშრომლებმა სპეციფიკური პროფესიული უნარების დასაუფლებლად მრავალეტაპიანი ტრენინგები გაიარეს. შედეგად, გუნდი სრულად მზად არის ახალ ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობისთვის და ადაპტირებულია თანამედროვე საწარმოსთვის დამახასიათებელ სტანდარტებთან. მითუმეტეს, რომ დანერგილი ტექნოლოგიები პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანური შეცდომების რისკს.

საინტერესოა ისიც, როგორ უზრუნველყოფს მაღალტექნოლოგიური საწარმო სურსათისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმების დაცვას?
ცხადია, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ჩვენს წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს. საწარმოში მოქმედებს მკაცრი რეგულაციები, რის შედეგადაც გარე დაბინძურების შიდა სივრცეში მოხვედრის ალბათობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავისა და სტერილიზაციის ნორმებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ უსაფრთხოების სავალდებულო შემოწმების ყველა ეტაპზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ. ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო კომისია, რომელმაც ქარხნის გახსნამდე უსაფრთხოების ნორმები შეამოწმა, ერთხმად აღიარებს, რომ მსგავსი სტანდარტების საწარმო იშვიათი და რეგიონში უპრეცედენტოა.
როგორ პასუხობს ახალი საწარმო ბაზრის ცვლილებებს და მომხმარებლის ახალ მოთხოვნებს?
საწარმოს შექმნას წინ უძღოდა ბაზრის ფუნდამენტური კვლევა, რომელმაც მკაფიოდ აჩვენა, როგორ ვითარდება საქართველოში ხორცპროდუქტების ბაზარი. მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები დროთა განმავლობაში იცვლება: მას აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ კლასიკური პროდუქტები და ბაზარზე სიახლე სჭირდება. ახალი საწარმოს ამოქმედებასთან ერთად შევქმენით ხორცპროდუქტების ახალი ბრენდი "მეტაბლე". ბრენდის ქვეშ გაერთიანდა პრემიუმ ხარისხის პროდუქტები, რომლებიც მანამდე "კაიზერის" ხაზით იყო ცნობილი. "მეტაბლე" მოიცავს ნედლად შებოლილი ძეხვეულის, სოსისებისა და შაშხების მრავალფეროვან ასორტიმენტს. შესაბამისად, ბრენდი საქართველოში იმპორტირებული პრემიუმ ანალოგების პირდაპირ კონკურენტად პოზიციონირდება.
საინტერესოა ისიც, რამდენად ექნება გავლენა ახალ საწარმოს არა მხოლოდ ახალი პროდუქტების, არამედ უკვე არსებული პროდუქციის ხარისხზე?
"ნიკორა" იმ კომპანიების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც საკუთარ სათქმელს საქმით ამტკიცებენ. ახალ საწარმოში წარმოებული პროდუქტები უკვე წარმოდგენილია ბაზარზე და, როგორც ყოველთვის, "ნიკორას" შესახებ ყველაზე კარგად ამჯერადაც თავად პროდუქტი ისაუბრებს. ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობდით უმაღლეს ხარისხს, ამიტომ უმართენულო იქნება იმის თქმა, რომ ახალი საწარმო ამ მხრივ რამეს შეცვლის. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ საწარმოს საშუალებით "ნიკორა" უზრუნველყოფს მეტ არჩევანს, უფრო მრავალფეროვან ასორტიმენტს და ხარისხის სტაბილურობის ისეთ გარანტიას, რომელიც მანამდე ბაზარზე არ არსებობდა.
დაბოლოს, რას ნიშნავს 45 მლ ლარის ბიზნესინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკისთვის?
ხორცპროდუქტების ბაზარი "რითეილში" მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი, ხოლო "რითეილი" ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. ახალი საწარმოს პროექტში დაახლოებით 45 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ასეთი მასშტაბის ინვესტიციები ქმნის ერთგვარ გრავიტაციულ ცენტრს, რომელიც კონკურენტებსაც უბიძგებს საპასუხო ნაბიჯების გადადგმისკენ. ეს პროცესი ინდუსტრიისა და ბაზრის განვითარების კატალიზატორია და საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს იძლევა როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ხარისხი, მასშტაბი და ტექნოლოგიური ინოვაცია – სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული "ნიკორას" განვითარების ახალი ეტაპი. ახალგახსნილი საწარმო არა მხოლოდ წარმოების გაფართოებას, არამედ ბრენდის ფილოსოფიის კიდევ უფრო გამოკვეთას ემსახურება: ბაზარს შესთავაზოს სტაბილურად მაღალი ხარისხი, ფართო ასორტიმენტი და პროცესების სრულ კონტროლზე დაფუძნებული წარმოება.