მუსია ქებურიას ნამუშევარი Sensorium Worlds-ზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდიდან და რატომ დაინტერესდით, მუსია ხელოვნების იმ მიმართულებით, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული?
ზღვისპირა ქალაქში, ფოთში, პირველად აღმოვაჩინე ხელოვნების ენა - მაგრამ ეს არ მომხდარა ტრადიციული გაკვეთილებით, არამედ ინსტინქტების დახმარებით. 3 წლის ასაკიდან ნახატებით ვავსებდი ყველა თავისუფალ სივრცეს. მამაჩემი ხშირად მეუბნებოდა, "ჯღაბნის" ნაცვლად წიგნი წამეკითხა. თუმცა, ჩემთვის ხატვა არასდროს ყოფილა ყურადღების გაფანტვა, არამედ იყო სამყაროსთან კავშირის და თვითგამოხატვის ჩემეული საშუალება.
16 წლის ასაკში თბილისში ჩამოვედი, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში - გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, თუმცა ჩემი შემდგომი მთავარი საქმიანობა სხვა მიმართულებით განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დიპლომიც გამაჩნია, საკუთარ თავს თვითნასწავლად მივიჩნევ, რომელიც ინტუიციებითა და ექსპერიმენტებით გამოხატავს სათქმელს. 2008 წელს, პირველად ავიღე სპრეი ხელში და რედბულის საუნივერსიტეტო გრაფიტის შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა. ამ დროისთვის საქართველოში თითქმის არ არსებობდა ქუჩის ხელოვნება (street art)- როგორც კულტურა. ეს გამოწვევაც იყო და შესაძლებლობაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, რომელსაც თავის დროზე ვერც კი ვაცნობიერებდი - ნელ ნელა კედლები არა მხოლოდ ცარიელი სივრცე, არამედ დიალოგებისა და ისტორიების საზოგადოებისთვის მოყოლის შესაძლებლობად იქცა. ნელ-ნელა ეს ჰობი, ჩემს პროფესიად იქცა, რომელიც დღეს უკვე აერთიანებს ტრადიციულ მიდგომებსა და მოდერნულობას, რომელიც საწყისად თვითგამოხატვის და პროტესტის ფორმით დაიწყო. დროთა განმავლობაში ჩემსა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის წერტილები გადაიკვეთა, მაგრამ ჩემი მისია უცვლელი დარჩა ამ თანამშრომლობების ფარგლებშიც - ბარიერების დამსხვრევა, სხვადასხვა სივრცეების ტრანსფორმაცია და ხელოვნების გაცოცხლება, რომელიც საუბრობს, კითხვებს სვამს და კავშირებს ამყარებს საზოგადოებაში.
თქვენ ახსენეთ კომპანიებთან თანამშრომლობა. ბიზნესისა და დიზაინის თანამშრომლობა დღეს რა გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან არის დაკავშირებული?
დღევნდელ რეალობაში ბიზნესი ცდილობს თავისი იდენტობით გამოირჩეოდეს სხვებისგან, ამდენად დიზაინზე მოთხოვნა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მომხმარებელთან კომუნიკაციისა თუ ბრენდის იდენტობის განსაზღვრისთვის დიზაინი არის კომპანიებისთვის ძირითადი გამოხატვის საშუალება და საკომუნიკაციო ენა, როგორც პრობლემის გადაჭრის და პასუხის გაცემის. კონკრეტულ საკითხზე, ხელოვნება და შემოქმედება თავად აჩენს კითხვებს მაყურებელში და ამასთან ერთად ემოციას. როდესაც კომპანია მომხმარებელთან ხელოვნების სახით ცდილობს დაკავშირებას, ხშირად სწორედ აქ ჩნდება კედლის მხატვრობის იდეაც, რომელიც დიზაინის ფარგლებს ცდება და ქმნის იმაზე მეტს, ვიდრე სტანდარტული მიზანია. როდესაც ბიზნესის სათქმელს მეტი შინაარსი და დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ პროდუქტის რეალიზაცია - აქ ჩვენსა და ბიზნესის თანამშრომლობა ფართოვდება.
კომპანიებთან თანამშრომლობისას მნიშვნელოვანია მათი ხედვებისა და სულისკვეთების შესწავლა, მათი ისტორიული ტრანსფორმაციისა და ხედვის გამოხატვა. მეორეს მხრივ, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ამ ამოცანისა და გამოწვევის საკუთარ თავზე აღება, რომ იპოვო შესაბამისი შემოქმედებითი ენა საზოგადოების წინაშე გამოხატო კომპანიის მემკვიდრეობა, აწმყოში გაცხადებული ინოვაციური მიდგომები თუ სამომავლო ტრანსფორმაციის ამბიცია.
ბიზნესთან თანამშრომლობა ხელოვანისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობაც შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობით Milan Design Week-ზე ვიმყოფებოდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ნიჭიერი და შთამბეჭდავი ხელოვანების შეხვედრის ადგილია. აქ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი გამორჩეული პროფესიონალის - Seletti-ს და სხვა ინტერაქციულ ნამუშევრებს, რომელიც მაყურებელს არა მხოლოდ დამთვალიერებლად, არამედ ხელოვნების თანამონაწილედ აქცევს. საერთაშორისო ღონისძიებებზე ინოვაციური და შთამბეჭდავი არტისტების აღმოჩენა ამ ღონისძიებას გამორჩეულს და განსაკუთრებულს ხდის.

თანამედროვე ხელოვნების სამყაროში დიზაინი როგორ ახდენს დღევანდელობის ასახვას - დიზაინი, როგორც სასაუბრო ენა ადამიანის ცხოვრების აღსაწერად, ჩვევის ჩამოსაყალიბებლად თუ იდენტობის განსაზღვრისთვის - რა არის თქვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით?
დიზაინი საერთაშორისო ენაა, მისი მეშვეობით შეგიძლია მოუყვე ადამიანებს ისტორიები კულტურაზე, ემოციებზე, ქცევასა და ცხოვრების სტილზე. აქ საერთაშორისო გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ბევრ რამეს გმატებს პროფესიულ გზაზე, რადგან იქ ყველაზე მკაფიოდ ჩანს, როგორ სწრაფად ვითარდება კრეატიული ინდუსტრია და დიზაინის სფერო. დიზაინის მრავალფეროვანი სახე და ფორმები დღეს განსაკუთრებულად გამოკვეთს მის უნარს. ეს არის ის საერთაშორისო ენა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია მიაწვდინო სათქმელი ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც არ გესმოდეს მისი სიტყვები.
დიზაინი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, უნიკალური ხელწერის მქონე დიზაინი ადვილად სცდება ლოკალურ ჩარჩოებს და შეიძლება გლობალური პროდუქტიც კი გახდეს. ის არა მხოლოდ ესთეტიკაა, დიზაინს შეუძლია შთაგვაგონოს, იმოქმედოს და შეცვალოს გარემო.
თქვენ ახსენეთ Seletti. როგორ დაიწყო Seletti-ისა და თქვენი თანამშრომლობა? რა გამოცდილების გაზიარება შეგიძლიათ ამ თანამშრომლობიდან?
საერთაშორისო გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ხელოვანს. თანამედროვე სამყაროში პროცესები სწრაფად ვითარდება, მათ შორის დიზაინიც. ფილიპ მორის საქართველოსთან თანამშრომლობამ მომცა შანსი მემუშავა Seletti-სთან - ბრენდთან, რომელიც ცნობილია თანამედროვე ხელოვნების არატრადიციული ხედვით.
სანამ ეს თანამშრომლობა დაიწყებოდა, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან მხოლოდ 20 არტისტი შეირჩა, წინასწარ გაზიარებული პორტფოლიოების საფუძველზე. გამარჯვებულებს შორის ყოფნის შედეგად მონაწილეობა მივიღე პარმაში გამართულ ვორქშოფზე, სადაც 20-ზე მეტი საერთაშორისო ხელოვანი იყო წარმოდგენილი. იმ მრავალფეროვნებაში, რომელსაც ვორქშოპები გვთავაზობდა საკუთარი იდენტობისა და შთაგონების პოვნა შთამბეჭდავი გამოცდილება იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოძრავებს.
ეს გამოცდილება კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემი დიდი ხნის ოცნებისკენ, რომელიც საკუთარი შოურუმის ქონას ემსახურება, ახლა ეს მიზანი გაცილებით ნათლად და რეალურად მეჩვენება.
თქვენი ნამუშევარი, რომელიც Sensorium Worlds-ზე საზოგადოებას გააცანით, რა იყო მისი ინსპირაციის წყარო და რისი თქმა გსურდათ დამთვალიერებლისთვის?
ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ნამუშევრებმა ადამიანებში აღძრას ემოცია. ხშირად ჩემი ნამუშევრების შექმნის დროს ჩემი ინსპირაცია მოდის პირადი გამოცდილებებიდან, ემოციებიდან და ენერგიიდან, რომელიც ჩვენ ყველას განგვასხვავებს. ჩემი შემოქმედებაც ვფიქრობ გარკვეულწილად თითქოს ჩემებური შინაგანი ანარეკლია გარედან შემოსული ინფორმაციის. ღონისძიება Sensorium Worlds-მა, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, სწორედ ამის შესაძლებლობა მოგვცა. დღეს ვიტყოდი, რომ ჩემი შემოქმედება პერფექციონიზმსა და იმპროვიზაციას შორის ბალანსია. ხელოვნება ჩემთვის არ არის მხოლოდ რამის შექმნა, არამედ უწყვეტი ძიებაცაა. ცნობისმოყვარეობა გვიხსნის გზას ახალი ხედვებისა და აღმოჩენებისკენ, რაც ხელოვნებას დინამიურ და გარდამტეხ პროცესად აქცევს.
ცნობისმოყვარეობა მნიშვნელოვანი რამაა არა მხოლოდ ხელოვანისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განვითარება. მრავალფეროვან გარემოში მუშაობა შთააგონებს ახალ იდეებსა და ხედვებს. სწორედ ამ განწყობით ვიმუშვეთ ამ პროექტზეც და იმედი მაქვს, მაყურებელიც იგრძნობს იმავე ენერგიას, რაც ამ პროცესს ახლდა.
თქვენს ნამუშევარში ქართული ელემენტებიც იყო წარმოდგენილი. რა მნიშვნელობის მატარებელია საერთაშორისო პროექტში ქართული მახასიათებლების დემონსტრირება?
Sensorium Worlds-ზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდა, რაც მაყურებლისთვის საინტერესო გამოცდილება გახდა. ჩემს ნამუშევარში გამოვიყენე ქართული ასოები და ორნამენტები, თანამედროვე ფორმებთან და ელემენტებთან სინთეზში — სიმბოლოები, რომლებიც ჩემთვის ავთენტურობის, ხელწერის და იდენტობის მატარებელია. ეს ასოები ერთიანდებოდა სიტყვაში "ცნობისმოყვარე" — რაც ჩემთვის პიროვნული განვითარების, შემოქმედებითი ძიების და საზოგადოების პროგრესის ვფიქრობ, მთავარი საწყისია.
ჩემი აზრით, ხელოვნება მხოლოდ ვიზუალური გამოსახულება არ არის, ის ცოცხალი ენერგიაა, რომელიც გრძნობის, ფერისა და ფორმის მეშვეობით უკავშირდება ადამიანს. როცა ეს კავშირი იქმნება, ხელოვნება სცდება კედელს და ხდება ნაწილი ადამიანის შინაგანი სამყაროსი, სწორედ ესაა ჩემი მიზანი, რომ ჩემი ნამუშევრები მხოლოდ საგნებად კი არა, გამოცდილებად დარჩეს ადამიანების გულებში.
ცნობისმოყვარეობის ფაქტორი რა როლს თამაშობს თქვენთვის, როგორც ხელოვანის პროფესიულ განვითარებაში?
ცნობისმოყვარეობა არის მუდმივი განვითარებისთვის და იდეების ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი ელემენტი, რომელიც Seletti-სთან კოლაბორაციას ლაიტმოტივად გასდევდა. ეს კოლაბორაცია იყო თამამი ექსპერიმენტი, არასდროს იცი 20 სხვადასხვა გემოვნებისა და ხედვის ადამიანთან მუშაობის შედეგად რა გამოვა. პროექტმა შექმნა ისეთი გარემო, რომლის მიზანიც status quo-ს ცვლილებაა, რაც ჩემს პირად მიზნებთან თანხვედრაში იყო.
ჩემი მიზანი საერთაშორისო პლატფორმებზე თუ ლოკალურად რჩება იგივე: ისეთი ხელოვნების ნამუშევრების შექმნა, რომელსაც სათქმელი აქვს და მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის. ჩემს შემოქმედებაში მივყვები საკუთარ შინაგან ხმას და მიუხედავად დაბრკოლებებისა ჩემი შინაგანი ხმა მიბიძგებს კულტურული თუ საზოგადოებრივი სტერეოტიპების საპასუხოდ გამოვხატო ჩემი სათქმელი. ამ მისწრაფებამ მიმიყვანა დღეს იმ წერტილამდე, სადაც დღეს ვარ.
დღეს ჩემი მოტივაციაა, შევქმნა ისეთი ნამუშევრები და ხელოვნება, რომელსაც ექნება გავლენა. ის მხოლოდ ესთეტიკა კი არა, შთაგონების, მოტივაციის და შინაგანი ძრავის წყაროდ შეიძლება იქცეს ადამიანებისთვის.
მინდა ჩემი ნამუშევრებით კითხვები გავაჩინო, დიალოგები წამოვიწყო და დავანახო ადამიანებს, რომ შემოქმედებითობა და თვითგამოხატვა ცვლილების ძლიერი იარაღი შეიძლება გახდეს.
ვცდილობ ეს მესიჯი ყველა ფორმით გადმოვცე, იქნება ეს ქუჩის კედელზე, ციფრულ სივრცეში თუ პირად საუბრებში. გზავნილი კი ყოველთვის ერთი რჩება: როცა საკუთარ იდენტობას გამოხატავ და ინდივიდუალურ თავისუფლებას აძლევ ფორმას, შენს ირგვლივ ცვლილებები გარდაუვალია და შეგიძლია შექმნა სამყარო შენი წესებით.