Mike Cerber – ამერიკაში მცხოვრები ქართველი კინემატოგრაფისტი, მისი უახლესი პროექტი და გამოცდილება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მიხეილ ზიბზიბაძე, სასცენო სახელით Mike Cerber კინემატოგრაფისტი, რეჟისორი და ოპერატორია, რომელსაც ამ საქმიანობაში 12-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ხშირად არის ჩართული კინემატოგრაფიაში. მისი თქმით, ბოლო 5 წელი ყველაზე რთული და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან შეერთებულ შტატებში ცხოვრებით დიდი ცოდნა შეიძინა, ამჟამად კი მეტი გამოცდილების შეძენისა და სწავლის მოლოდინშია.
ამ ეტაპზე კინემატოგრაფისტი ახალ პროექტზე მუშაობს – მოამზადა სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, რომლის მთავარი თემაც ემიგრაცია და მასთან დაკავშირებული სირთულეებია.
ინტერესის გაჩენა კინოს მიმართ და პირველი ნაბიჯები
მიხეილ ზიბზიბაძე ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა რაიმეს შექმნის მიმართ მიდრეკილება.
"მაგალითად, ზოგს ბავშვობიდანვე ჰქონდა პრაქტიკული უნარი მშობლებს დახმარებოდა და მარტივადაც გამოსდიოდა მანქანის დაშლა იქნებოდა თუ აწყობა. სხვები გაფუჭებულ ნივთებს ერთი ხელის მოსმით აკეთებდნენ. მე კი მსგავს საქმეებში დიდად ვერ გამოვირჩეოდი. ვერ ვიტყვი, რომ არაფერი გამომდიოდა, მაგრამ უფრო რაღაცის შექმნა და დაწერა მიყვარდა, როგორიც არის რამე მელოდია, ლექსი, ფილმის სცენის ტექსტი ან ეპიკური სცენა, განსაკუთრებით კი აღმაფრთოვანებდა სცენების მოფიქრება, სადაც დრო ნელდება და ყოველი წამი თითქოს უსასრულობაში იშლება. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა პირველად ვნახე ფილმი "მატრიცა", თითქოს ჩემი შინაგანი ფანტაზია ეკრანზე გაცოცხლდა", – ამბობს ის.
კინემატოგრაფისტი აღნიშნავს, რომ როგორც 90-იანი წლების თბილისში გაზრდილი ყველა ბავშვი, ისიც იმ ფილმებსა და მულტფილმებს უყურებდა, რომლებიც ტელევიზორში გადიოდა ან ხელმისაწვდომი იყო ვიდეოკასეტის სახით.
"მამაჩემს უფრო უცხოური ფილმები უყვარდა, ამიტომ სახლში "Scarface", "Heat", "The Lion Heart", "Predator", "The Sixth Sense", "Операция "Ы" и другие приключения Шурика", "Hot Shots!". ამას დამატებული Pink Floyd-ის Live კონცერტები და ფილმები სულ გვქონდა. შთაგონებული მულტფილებისა და ფილმების სხვადასხვა ემოციებით, ვიგონებდი ჩემს ვერსიას, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, ვხატავდი, ვმღეროდი, სანამ კარგად არ დავხვეწდი.
მახსოვს, ბავშვობაში, 13-14 წლის ასაკში, სტუმრად ვიყავი, როდესაც სუფრაზე ვიღაცამ ამოიღო ახალგამოსული კამერიანი "ნოკია" და დაიწყო გადაღება. მას ვთხოვე, ეთხოვებინა ტელეფონი, რაზეც უარი არ უთქვამს, რის შემდეგაც დავიწყე რაღაც კადრების გადაღება – ჭიქიდან კამერა ამოდიოდა და შემდეგ გადადიოდა ხალხზე ან ჭერიდან იწყებოდა კადრი და გადადიოდა თეფშზე და ასე ვთამაშობდი, სანამ პატრონმა არ დაიბრუნა. მაგრამ ის რამდენიმე წუთი საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ მსგავსი საქმის კეთება ძალიან მომწონდა. ნელ-ნელა, წლებთან ერთად მივხვდი, რომ მიზიდავდა ხელოვნება, განსაკუთრებით იქ, სადაც მე შემეძლო პროცესის მართვა", – იხსენებს მიხეილ ზიბზიბაძე.
კინემატოგრაფისტმა ვერცერთ სახელოვნებო სასწავლებელში ვერ გარისკა ჩაბარება, რადგან 2000-იანი წლების საქართველოში ამ სფეროში პერსპექტივა არ ჩანდა – ზოგადად ხელოვნება და ხელოვანი ხალხი არ ფასდებოდა და, მისი თქმით, არც ახლა ფასდება სათანადოდ. სწორედ ამიტომ განსხვავებული მიმართულებით განაგრძო სწავლა, თუმცა ხელოვნება არასდროს მიუტოვებია. ყველაფრის შესწავლა დამოიკიდებლად დაიწყო – საათებსა და დღეებს ატარებდა, თუ რამის სწავლა სურდა, ყოველთვის არ გამოსდიოდა, მაგრამ თვითონ სწავლის პროცესი უკვე გამოცდილება იყო.
"მიუხედავად ამისა, შესაბამისი დაფასება არასდროს მიგრძვნია. მაქვს რამდენიმე ნამუშევარი, მომზადებული საქართველოში და ძალიან მინდოდა დიდი პროექტის გაკეთების შანსი მქონოდა. ბევრს მივმართე დაფინანსებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, უმრავლესობა არასერიოზულად აღიქვამდა ამ საქმეს და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ უარის სათქმელად მიზეზი გამოენახათ. როგორც ვიცი, ახლაც იგივე ხდება. რაც შტატებში ჩამოვედი, ეს ყველაფერი შეიცვალა, აქ მიდგომა სხვანაირია. რა თქმა უნდა, აქაც ბევრი სირთულეა, ზოგჯერ უფრო რთულად გადასალახიც, ვიდრე საქართველოში, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ შენი გამოცდილება სჭირდებათ და გრძნობ, ტყუილად არ გიწვალია და სწორ ადგილას და სწორ ხალხში ხარ", – ამბობს კინემატოგრაფი.
ამჟამინდელი საქმიანობა
Mike Cerber ამჟამად ნიუ-იორკის ბიზნესისა და ინგლისური ენის ინსტიტუტში (NYIEB) სწავლობს და ამასთან, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს – ერთდროულად იზიარებს და აზიარებს გამოცდილებას.
"ვფიქრობ, ჩემი სტილი არის არა უბრალო ვიდეოს გადაღება, რისი გაკეთებაც მიწევდა ხშირად საქართველოში, არამედ კინემატოგრაფიულად, ემოციებით სავსე ისტორიის შექმნა. იმისთვის, რომ გადაიღო საინტერესო და ხარისხიანი ვიდეო, გჭირდება რამდენიმე ადამიანი, რომ ყველამ მხოლოდ თავისი საქმე აკეთოს. მაშინ საბოლოოდ პროდუქტიც ხარისხიანი გამოვა. ამერიკაში ერთ-ერთი ჩემი პირადი პროექტია Beyond The Desks (მერხებს მიღმა). სასწავლებელში, სადაც ვსწავლობ, გადავიღე დოკუმენტურ-მოკლემეტრაჟიანი ინტერვიუ, რომელშიც მონაწილეობდა 16 ადამიანი, ადმინისტრაცია, პროფესორები და სტუდენტები. ვიდეოში ნათლად ჩანს ყველა ადამიანის ნამდვილი ემოცია, თუ რას გადიან ნიუ-იორკში ცხოვრებისას და სწავლისას", – ამბობს კინემატოგრაფისტი.
ფილმის ფერები და მონტაჟი გაკეთებულია მისი და მისი გუნდის მიერ. გარდა ამისა, მათვე მოამზადეს მუსიკალური გაფორმებაც, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს თამაშობს სწორი ემოციის გადმოცემაში. ამ ვიდეოსთვის დაწერეს 4 მუსიკალური კომპოზიცია, რომლის ხასიათისა და მელოდიის შერჩევაში საკმაოდ დიდი წვლილი თავად მიხეილ ზიბზიბაძეს მიუძღვის.
"გარდა ამისა, გადავიღეთ მუსიკალური კლიპი Na Greenpoincie, რომელშიც შემსრულებელი არის აქ დაბადებული ამერიკელ-პოლონელი მომღერალი. შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და არ ვიცი, რით მოიხიბლა, მაგრამ გადაწყვიტა, ამ კლიპის რეჟისორი მე ვყოფილიყავი. მას ჰქონდა მხოლოდ სცენარი და ძალიან ცოტა დრო. მე და ჩემმა გუნდმა შევძელით ყველაფერი რეალობაში გადმოგვეტანა. გამოვიყენეთ მაღალი დონის კინოკამერა RED, რომელსაც ხშირად იყენებენ ჰოლივუდსა და Netflix-ში, DZO-ს კინოლინზები, ძლიერი სტაბილიზატორი, განათებები და ა.შ. რაც არ გვქონდა, ვიქირავეთ. გეგმის მიხედვით 10 დღე უნდა გვქონოდა გადაღებისთვის, თუმცა პირობები შეიცვალა და მხოლოდ 3 დღე დაგვრჩა.
წარმოიდგინეთ, უამრავი სცენა, 7 ლოკაცია, მსახიობები, სცენების გაწყობა, განათება, უამრავი დუბლი, ნაადრევი სიბნელე, ნებართვები, დაზღვევები. ბევრ პრობლემას გადავაწყდით, მაგრამ ყველამ გავართვით თავი", – აღნიშნავს მიხეილ ზიბზიბაძე.
კინომატოგრაფისტი ამბობს, რომ არსებობს YouTube არხი MikeCerberCinema, სადაც აზიარებენ მათ გამოცდილებას, მათ შორის მის ვიდეოებსაც, როგორ აწყობს სხვადასხვა დანიშნულების მქონე კამერებს, პატარა ოთხკუთხედი კამერიდან დიდ მოწყობილობამდე, სადაც ნათლად ჩანს, რომ თითოეულ დეტალს აქვს მნიშვნელობა, რომ არ დაირღვეს ბალანსი და შესაბამის მომენტში თავისი დანიშნულება შეასრულოს. მისი თქმით, არხი ჯერჯერობით არ არის დიდად აქტიური, თუმცა ახლო მომავალში მეტი კონტენტის შექმნა იგეგმება. ის ასევე ფიქრობს კიდევ ერთი YouTube არხის შექმნას მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის.
სამომავლო გეგმები
ამჟამად მიხეილ ზიბზიბაძე სწავლობს და ცდილობს ყოველმხრივ განვითარდეს, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიაში. მას სურს, რომ დამდგმელი რეჟისორის ამპლუაში განსაკუთრებით ძლიერი იყოს და სწორედ ამიტომ მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში. მისი თქმით, უკვე ბევრ ადამიანს სჯერა ამ სფეროში მისი მიდგომების, აფასებს ფაქტს, რომ აშშ-ში პუნქტუალურობას და სიტყვის შესრულებას დიდი ფასი აქვს.
"ბევრი სცენარი მაქვს ყველა ჟანრში, თუმცა ჩემი სტილი უფრო ეპოსი და დრამაა და, რაც მთავარია, სწორი ემოციის გადმოცემა. კომედიასაც ვცდიდი, მაგრამ ეს ჯერ შორეული მომავალია. ამ ეტაპზე მზად მაქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ემიგრაციაზე, სადაც მთავარ როლში 50 წელს გადაცილებული ქართველი ქალბატონია, რომელიც გადის ყველა იმ სირთულეს ნიუ-იორკში, რაც სამშობლოდან არ ჩანს – როგორ წვალობს, როგორ ცდილობს არ დაეცეს და ვერავინ ხვდება ამას, არც აფასებენ. განსაკუთრებით მტკივნეული კი ეს გრძნობა საკუთარი ოჯახისგანაა, გადის ბევრ ღალატს, ტკივილს. გადმოცემული იქნება მთავარი პერსონაჟის მიერ დანახული სამყარო, თუმცა სხვა პერსონაჟებიც იქნებიან. ვფიქრობ, ღრმა პერსონაჟი წარმატებული ფილმის ერთ-ერთი საწინდარია", – ამბობს კინემატოგრაფი.
მისი თქმით, შთაგონების მთავარი წყარო ამ ფილმისთვის ის რეალობაა, რომელიც მის გარშემო ხდება. ფილმისთვის ბევრი რამ უკვე მზად არის – ნაწილობრივ ტექნიკაც აქვთ და მუსიკალური გაფორმებისთვის ლიცენზიებიც შეძენილია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია საჭირო.
"ამერიკაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაც ძვირი ჯდება – გჭირდება ტექნიკა, განათება, ხმის სპეციალისტი, ლოკაციების ქირაობა, დაზღვევის გაკეთება, ნებართვის შეძენა, მონტაჟი, კადრების გაფერადება (გრეიდინგი) და კიდევ უამრავი რამ. სპონსორი ძალიან შეგვიწყობდა ამ კუთხით ხელს. ამ ფილმში პირადად მე მაქვს სურვილი, აქ მცხოვრები ქართველი ხელოვანი ხალხიც ჩავრთო.
სამომავლოდ ბევრად უფრო რთული პროექტის შესრულებას ვაპირებ, რომლის სცენარიც ახლა თვალწინ მაქვს. ეს სცენარი განსაკუთრებულია და შესაძლოა ითქვას, ჩემი ოცნებაც კი, თუმცა მანამდე სხვა პროექტებია გასაკეთებელი და კიდევ ბევრი სირთულეა გასავლელი", – ამბობს ქართველი კინემატოგრაფისტი Mike Cerber.