მამათა და შვილთა ბრძოლა?! რა შეიძლება ისწავლონ ერთმანეთისგან თაობებმა, რომელთა შორის მხოლოდ ასაკობრივი სხვაობა არაა?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სათაურმა არ დაგაბნიოთ. ეს სტატია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში მაშინდელი ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების უფროს და უმცროს თაობებს შორის არსებულ ლიტერატურულ და მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაზე არაა.
ეს სტატია ჩვენი თანამედროვე უფროსი ასაკის მეწარმეებსა და ახალი თაობის ანტრეპრენერებს შორის არსებულ ღირებულებით სხვაობებზე, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზეა.
რა შეიძლება ისწავლონ ერთმანეთისგან თაობებმა, რომელთა შორის მხოლოდ ასაკობრივი სხვაობა არაა?
მათ შორის არსებული განსხვავებები კონფლიქტს წარმოშობს თუ ერთმანეთისგან სწავლით მეტ შესაძლებლობებს აჩენს?
მთავარი ისაა, რომ მიუხედავად ასაკისა და თაობებს შორის დაპირისპირებისა, ბიზნესში ადგილი ყველასთვის მოიძებნება.
თუ თაობა X (1965-1980 წლებში დაბადებულები) და თაობა Y (1981-1995 წლებში დაბადებულები) სტაბილურობასთან, გამოცდილებასა და პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, თაობა Z (1996-2012 წლებში დაბადებულები) სრულიად ახალ ენერგიას ასხივებს, რაც ტექნოლოგიურ განვითარებასთან, ინოვაციებთან, სისწრაფესა და გაბედულებასთან არის კავშირში, ხოლო თაობა ალფა კი, რომელიც 21-ე საუკუნეშია დაბადებული, არნახულ ტექნოლოგიურ გარდაქმნას გვპირდება.
კონკურენტულ უპირატესობას იმ შემთხვევაში მოვიპოვებთ, თუ ყველა თაობის უნარსა და ხედვას სწორად გავაერთიანებთ. ამ შემთხვევაში საქართველო შეძლებს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებას, არამედ გლობალური ბიზნესის სრულფასოვან მოთამაშედ ქცევას.
Z და ალფა თაობები იმ სამყაროში დაიბადნენ, სადაც ინტერნეტი და ხელოვნური ინტელექტი ისეთივე ბუნებრივია, როგორიც წიგნი და რვეული. ბავშვობა ონლაინ გაატარეს და ეს მათ განსაკუთრებულობას მატებს. ისინი სხვანაირად ხედავენ ბიზნესს. მათთვის ტექნოლოგია, სოციალური ქსელები, აპლიკაციები და ონლაინმარკეტინგი ყოველდღიური ინსტრუმენტია, ადგილობრივზე მეტად გლობალური ბაზარი აინტერესებთ და ფიქრობენ, როგორ მოახდინონ საკუთარი ბიზნესის მასშტაბირება.
Z თაობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმდიდრე, არამედ საკაცობრიო ღირებულებები, მათთვის ეკოლოგიაზე, თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე ზრუნვა ფულზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და მათი ბიზნესის სულისკვეთების ბუნებრივი ნაწილია.
ამ თაობას მოთმინების ნაკლებობა ახასიათებს, მაგრამ სწორედ მათი მოუთმენლობა ხდის ბიზნესს უფრო მოქნილსა და სწრაფად მოძრავს.
ალფა თაობა ჯერ კიდევ იზრდება, მაგრამ უკვე ჩანს მათი ხასიათი, რაც ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, მეტავერსი მათთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორიც ტელევიზორი წინა თაობებისთვის. ისინი თამაშით, ვიდეოებითა და ონლაინკურსებით ბევრად სწრაფად სწავლობენ. საზღვრები მათთვის თითქმის არ არსებობს და გლობალურ მოქალაქეებად მიიჩნევენ თავს.
როგორ უნდა შევძლოთ თაობებს შორის ამ განსხვავებების ერთი საერთო მიზნისკენ მიმართვა, თაობათა შორის დაპირისპირებიდან დიალოგსა და თანამშრომლობაზე გადასვლა?
როგორც ბიზნესის ისტორია გვაჩვენებს, ყველაზე ძლიერი შედეგი იქმნება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ინოვაცია და მომავლის ხედვა ერთიანდება.
Z და ალფა თაობები ცვლიან თამაშის წესებს. Z თაობას მოაქვს ენერგია, ინოვაცია და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა, ალფას კი მომავლის ტექნოლოგიური ხედვა.
მათ აქვთ სისუსტეებიც. ზოგჯერ მოუთმენლები არიან, ზოგჯერ ვირტუალურ რეალობაზე ზედმეტად დამოკიდებულნი, მაგრამ სწორედ ეს გაბედულება და ციფრულ სამყაროში ცხოვრება შეიძლება იქცეს საქართველოს ახალი ეკონომიკური ეპოქის საფუძვლად.
დღეს საქართველოში იბადება ახალი თაობის ბიზნესი, რომელსაც Z და ალფა თაობები ქმნიან. ისინი არ ელიან, თვითონ იწყებენ, თვითონ ქმნიან და თვითონ ცვლიან წესებს.
ახალ თაობას აღარ აკმაყოფილებს "სტაბილური სამსახურის" იდეა. მათთვის თავისუფლება გაცილებით ძვირფასია, ვიდრე კომფორტული ოფისი. Z და ალფა თაობები საქმეს იწყებენ იქ, სადაც შესაძლებლობას ხედავენ.
მათთვის ბიზნესი ნიშნავს არა მხოლოდ ფულს, არამედ თავისუფლებას, თვითრეალიზაციას და გარე სამყაროზე გავლენის მოხდენას.
ეს თაობა სხვანაირად ფიქრობს – მათთვის ბიზნესი დამატებითი ღირებულებების შექმნაა და არა მხოლოდ მოგების მიღება.
ახალი თაობის ანტრეპრენერები არ ელოდებიან მომავალს – ისინი თავად ქმნიან მას. ისინი გვიჩვენებენ, რომ ბიზნესი შეიძლება იყოს თავისუფლების გზა, საკუთარი იდეების რეალიზაცია და ღირებულების შექმნა.
რა შეიძლება ისწავლოს ძველმა თაობამ ახალგაზრდებისგან და პირიქით, ახალმა თაობამ მშობლების თაობისგან?
მოქნილობა, სისწრაფე, ინოვაციურობა, გლობალურობა, ადაპტაცია – ეს ახალი თაობის ძლიერი მხარეებია, რაც არანაკლები წარმატებით შეუძლიათ შეითვისონ ძველებმა და პირიქით – თუ თაობა Z და ალფა საკუთარ ინოვაციურობას ძველების გამოცდილებას, მოქნილობას სტაბილურობას, სისწრაფეს კი პრაქტიკულობას დაუმატებს, ასეთ შემთხვევაში ყველაზე ძლიერ კომბინაციას მივიღებთ, რაც ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაგვეხმარება!
ასე რომ, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ.
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge