Lunar Consulting – კომპანიების სანდო პარტნიორი სწორი ტალანტების მოზიდვაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე ბიზნესგარემო დიდი გამოწვევებით არის სავსე, ხოლო ერთ-ერთი ასეთი სირთულე არა მხოლოდ სწორი ტალანტების მოძიება, არამედ განსაკუთრებული პროფესიონალების შერჩევაა, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამებიან კომპანიის კულტურასა და სტრატეგიულ მიზნებს.
კომპანია Lunar Consulting კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კომპანიის დამფუძნებლისა და მმართველი დირექტორის, თეა ხოშტარიას გამოცდილება ბიზნესსექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18 წელს ითვლის. ბოლო პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ბევრ სტრატეგიულ მიმართულებას სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის საერთაშორისო რეკრუტმენტისა და ბაზრის კვლევის პროექტებს. მანამდე 15 წელი გაატარა "საქართველოს ბანკში", სადაც კარიერა აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციით დაიწყო. შემდგომ იყო მმართველი ბორდის ადმინისტრაციული ოფისის ხელმძღვანელი, საბოლოოდ კი გადაინაცვლა საშუალო და მცირე ბიზნესის (SME) პროექტების მართვაში. თეას დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესტრენერის რანგშიც, ჩაუტარებია ტრენინგები არაერთ წამყვან კომპანიაში. იგი დღემდე არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმის "გაკვეთილო" პარტნიორი და მენტორია.
Lunar Consulting-ის მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია მის მრავალწლიან გამოცდილებაზეა დაფუძნებული და არასდროს არის გვიან ცხოვრების ახლიდან დაწყება, პროფესიის შეცვლა და ოცნებების ასრულება. თეა ხოშტარია ამბობს, რომ თავისი მოწოდება და ახალი შესაძლებლობები სწორედ ასე, 40 წლის ასაკში იპოვა.
რა მიზანს ემსახურება Lunar Consulting და რა სერვისებს სთავაზობს საზოგადოებას?
ჩვენი კომპანია ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – დავეხმაროთ კომპანიებს სწორი ტალანტების აღმოჩენასა და მოზიდვაში.
სერვისები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, წარმოადგენს რეკრუტმენტსა და HR აუთსორსინგს. რეკრუტმენტი მოიცავს აღმასრულებელ დონეს (Executive Search), ტექნიკური და იშვიათი პროფილების მოძიებას, დამსაქმებლის ბრენდინგსა (Employer Branding) და RPO-ს (Recruitment Process Outsourcing). HR აუთსორსინგში შედის სრული ადმინისტრირება, რეგულაციებისა და დოკუმენტბრუნვის მართვა და HR პოლიტიკების შემუშავება.
როგორ გაჩნდა კომპანიის დაფუძნების იდეა?
კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წყარო ჩემი პირადი გამოცდილება იყო. საბანკო სფეროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ, ცხოვრების ახლებური ხედვით გადაწყობა გადავწყვიტე. უეცრად შეიცვალა ჩემი ცხოვრება – თავდაპირველად დაკარგული ვიყავი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა მომავალში და სწორედ ამ ძიების პროცესში დავუსვი ჩემს თავს კითხვა – რა მიმართულებით მსურდა ჩემი კარიერის გაგრძელება?
თავიდან საგანმანათლებლო პროცესებით დავიწყე HR სფეროსთან მეგობრობა. ჩავუდექი სათავეში კომპანია Behavency-ს კავკასიის ფილიალს და კომპანიებში გუნდების განვითარების პროგრამებს ვხელმძღვანელობდი, რასაც ახლაც სიამოვნებით ვაკეთებ, მაგრამ კომპანიის ზრდის გამო უკვე ნაკლებად ვარ ჩართული.
რეკრუტინგში საკუთარი თავის გამოცდის გადაწყვეტილება თავისით მოვიდა. ბევრი გასაუბრება ჩამიტარებია ჩემი კარიერის განმავლობაში როგორც დამსაქმებელს, თუმცა რაც უფრო დავუახლოვდი HR სფეროს, მივხვდი, რომ ტალანტების მოძიება ჩემი მოწოდება იყო. გადავწყვიტე ცოდნის გაღრმავება და დღემდე, პრაქტიკასთან ერთად, ყოველდღიურად ვმუშაობ საკუთარ თავსა და განვითარებაზე. მივხვდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ამ მიმართულებით ძალიან მსიამოვნებდა და ამ დროს დამებადა იდეა, დამეფუძნებინა ისეთი კომპანია, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებსა და ბიზნესებს დროულად ეპოვათ ერთმანეთი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს უნდა მომხდარიყო ან ახლა, ან არასოდეს.
ამ იდეის გარშემო გავაერთიანე მოქმედი პროფესიონალები, რომლებიც ერთვებიან მათთვის საინტერესო პროექტებში. ასე გაჩნდა იდეა Boutique-Style Recruitment & HR consulting agency-ის დაფუძნების, რომელიც უპირატესობას შესრულების ხარისხს ანიჭებს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გამოცდილება, სადაც კომპანიები იპოვიან სწორ ტალანტებს, ხოლო ადამიანები სწორ ადგილს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის.
ბაზარზე ხშირია "მასობრივი" რეკრუტინგის მიდგომა, სადაც რაოდენობა უფრო ფასობს, ვიდრე ხარისხი. ჩვენ გვინდოდა განსხვავებული გამოცდილების შემოტანა, ბუტიკური – ექსკლუზიური სტილის მომსახურება, სადაც თითოეულ პროექტს, თითოეულ ტალანტს განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით.
თქვენი აზრით, მოითხოვდა თუ არა თქვენი მხრიდან გაბედულებას კონკრეტულ დროსა და ვითარებაში კომპანიის დაფუძნება?
ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესის დაწყება იმ დროს ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებასა და სიმამაცეს. მას შემდეგ, რაც 20 წელი სტაბილურ გარემოში ვიმუშავე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ იყო მარტივი – ეს იყო კომფორტის ზონის დატოვება და სრულიად ახალი გზის გაკვალვა. იყო შემოთავაზებები და არჩევანის წინაშე დავდექი. ასეთ სიტუაციაში შემეძლო რისკზე უარის თქმა, თუმცა გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან გვჯეროდა, რომ ბაზარს სჭირდებოდა ახალი მიდგომა – ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხზე დაფუძნებული მომსახურება. სწორედ ეს რწმენა და სურვილი, შეგვეცვალა არსებული პრაქტიკა უკეთესობისკენ, გახდა ჩვენი გაბედულებისა და მოტივაციის მთავარი წყარო.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც პროცესში წააწყდით?
ყველაზე დიდი გამოწვევა საწყის ეტაპზე ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და ჩვენი განსხვავებული მიდგომის მიმართ დამკვეთების ნდობის მოპოვება იყო. ხშირად გვესმოდა კითხვა: რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ? ეს კი რეალურად სერიოზული ბარიერი გახლდათ. თუმცა სწორედ აქ დაგვეხმარა ჩვენი რწმენა, ენთუზიაზმი, შესრულების მანერა, ადამიანური მიდგომა და სერვისის პერსონალიზაცია. ნაბიჯ-ნაბიჯ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია არა უბრალოდ კანდიდატების მოძიება, არამედ სწორი ტალანტის აღმოჩენა, რომელიც კომპანიას რეალურ წარმატებას მოუტანს.
ამჟამად გვყავს რამდენიმე ძლიერი საერთაშორისო დონის პარნტნიორი, რომელთანაც ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. აგრეთვე, აქტიურად ვმუშაობთ რელოკაციის შესაძლებლობებზეც.
რა არის თქვენი საქმიანობისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო?
ყველაზე დიდ ინსპირაციას მაძლევენ ადამიანები, მათი განვითარება, შესაძლებლობების აღმოჩენა და წარმატება. თითოეულ ადამიანში ვხედავ უნიკალურ პოტენციალს და ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, როცა ამ პოტენციალს სწორ ადგილას ვამჩნევ და ვეხმარები რეალიზებაში. ასევე მაძლევს ენერგიას ის ფაქტი, რომ ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ კომპანიების შედეგებზე აისახება, არამედ ცვლის ადამიანების ცხოვრებას, მათ კარიერას, თვითრწმენასა და მომავალს.
თითოეული ადამიანისგან მიღებული გულწრფელი უკუკავშირი მაბედნიერებს და საოცარ ძალას მმატებს. ხშირად ვფიქრობ, რომ ყველა სირთულისა და გამოწვევის გადალახვა სწორედ ამისთვის ღირდა.
როგორია თქვენი სამომავლო ხედვა კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით?
გვსურს, რომ Lunar Consulting განვავითაროთ როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ხარისხიანი HR & Recruitment პარტნიორი. გვინდა, რომ კომპანიებმა ჩვენში დაინახონ არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც რეალურად ეხმარება მათ ადამიანური კაპიტალის მართვაში.
უახლოესი 1 წლის გეგმა მოიცავს სერვისების გაძლიერებას – რეკრუტმენტთან ერთად HR აუთსორსინგის მიმართულების გაფართოებას, რომ კომპანიებს შევთავაზოთ სრული სპექტრი. ვაპირებთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობას – პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ახალი პროექტების დაწყებას საერთაშორისო დონეზე. იგეგმება ტალანტების ბაზის ზრდაც, რაც მოიცავს თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უნიკალური პროფილების მოძიებას. გავზრდით ბრენდის ცნობადობას აქტიური მონაწილეობით HR ღონისძიებებსა და პროფესიულ სივრცეებში. ვაპირებთ გუნდის გაძლიერებასაც, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ მუდმივი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. გეგმაში ასევე არის ბიჰეივენსის და ლუნარის სინერგია, რომ კომპანიებს სერვისის სრული ერთობლიობა შევთავაზოთ: შერჩევა, განვითარება და შენარჩუნება.
ჩვენი მიზანია, რომ ერთ წელიწადში Lunar Consulting აღიარებულ ბრენდად იქცეს, რომელიც ხარისხით, ადამიანური მიდგომითა და შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა.