ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ კოსმოსში "მილიონობით" ადამიანი იცხოვრებს – ეს კი გაცილებით ადრე მოხდება, ვიდრე თქვენ ფიქრობთ
By Sherin Shibu
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ მალე "მილიონობით" ადამიანი კოსმოსში ცხოვრებას აირჩევს – და ეს მათივე არჩევანი იქნება.
"მჯერა, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კოსმოსში მილიონობით ადამიანი იცხოვრებს. სწორედ ასე სწრაფად დაჩქარდება ეს პროცესი. ეს საინტერესოა, რადგან ისინი ძირითადად იქ იმიტომ იცხოვრებენ, რომ ამის სურვილი აქვთ", – თქვა ბეზოსმა მილიარდერსა და Exor-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ ელკანთან, იტალიური ტექნოლოგიების კვირეულზე საუბრისას.
გასულ კვირას იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ ღონისძიებაზე ბეზოსმა განაცხადა, რომ რობოტიკაში მიღწეული პროგრესი გაგრძელდება იმით, რომ რობოტებს კოსმოსში მშენებლობის წარმართვა თავდაპირველ პერიოდში ადამიანების გარეშე შეეძლებათ.
მისი თქმით, ადამიანებს "კოსმოსში ცხოვრება არ დასჭირდებათ", პირიქით – მათ ამის სურვილი ექნებათ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ და სად იცხოვრებენ ისინი იქ, ბეზოსის თქმით, ჩვენ "ამ სამუშაოს შესასრულებლად რობოტებს" გავგზავნით.
ბეზოსმა განაცხადა, რომ კოსმოსური მოგზაურობა მომდევნო წლებში "დაჩქარდება", რისი კულმინაციაც ადამიანების კოსმოსში ცხოვრება იქნება. აქამდე NASA-ს ასტრონავტს კოსმოსში ყველაზე დიდხანს ერთ წელზე მეტი დრო (371 დღე) აქვს გატარებული.
ბეზოსმა თავისი კოსმოსური სტარტაპი, Blue Origin, 2000 წელს დააარსა. სტატიის დაწერის მომენტისთვის აეროკოსმოსურ კომპანიას 30-ზე მეტი მისია აქვს შესრულებული, მათ შორის ერთ-ერთი განხორციელდა აპრილში, რომლის მთელი ეკიპაჟიც ქალებით იყო დაკომპლექტებული.
ბეზოსმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ კომპანიები "მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში" კოსმოსში მონაცემთა ცენტრების აშენებას აირჩევენ, რადგან კოსმოსი 24/7 მზის ენერგიას გვთავაზობს, რასაც ღრუბლები ან წვიმა ენერგიის დაგროვებაში ხელს არ შეუშლის. ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Google, Amazon და OpenAI, ამჟამად ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს დებენ დედამიწაზე არსებულ მონაცემთა ცენტრებში, რადგან ისინი ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოთვლითი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ.
"კოსმოსი საბოლოოდ ერთ-ერთი ისეთი ადგილი გახდება, რომელიც დედამიწას უკეთესობისკენ შეცვლის", – თქვა ბეზოსმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბეზოსი კოსმოსში ცხოვრების საკითხზე საუბრობს. ბეზოსმა 2023 წელს ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ ის მუშაობს მომავალზე, სადაც "ტრილიონი" ადამიანი იცხოვრებს მთელ მზის სისტემაში, სხვადასხვა პლანეტაზე არსებულ დიდ კოსმოსურ სადგურებში.
ბეზოსი Blue Origin-ზე დიდ იმედებს ამყარებს. მილიარდერმა 2024 წლის დეკემბერში New York Times DealBook Summit-ზე განაცხადა, რომ მისი აზრით, კომპანია ერთ დღეს Amazon-ზე დიდი გახდება, რომლის საბაზრო ღირებულება სტატიის წერის მომენტისთვის 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა. Blue Origin-ს საკუთარი საბაზრო ღირებულების შეფასება არასდროს გამოუქვეყნებია.
"ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო ბიზნესი, რომელშიც კი ოდესმე მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება", – განაცხადა მან სამიტზე.
ამასობაში, ბეზოსის მეტოქეს ამ სფეროში, SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, კოსმოსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვს. მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის მიზანია მომდევნო ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში მარსზე ერთი მილიონი ადამიანისგან შემდგარი თვითკმარი ადამიანური კოლონიის შექმნა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებაც სტატიის წერის მომენტისთვის 448 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ბეზოსი მეხუთე ადგილზეა 243 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.
თარგმანი: მარიამ ქობალია