"ინოვაციებისადმი ინტერესი და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე" - გიორგი გაბოშვილი, საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის ქოუჩი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბანკი არის ადგილი, სადაც ტექნოლოგია არა მხოლოდ მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებს, არამედ განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია", - გიორგი გაბოშვილი, საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის ქოუჩი.
საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები ის მთავარი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის ქნის გამორჩეულ, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი უშუალოდ თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას, სამუშაო პროცესები უფრო მეტად ეფექტურად წარმართონ.
რას გულისხმობს აღნიშნული პროცესი და როგორ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ მუშაობას - ამის შესახებ უფრო ვრცლად თავად გიორგი გაბოშვილი გვესაუბრება.
ინტერესიდან პროფესიამდე
პირველად IT სფეროთი სკოლის ასაკში დავინტერესდი, როცა ტექნოლოგიები ჩემთვის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. დავიწყე კომპიუტერული სისტემების სიღრმისეულად შესწავლა ჯერ საკუთარი ძალებით, შემდეგ კი აკადემიური მიმართულებით. საწყის ეტაპზე ყველაფერი ჰობიდან დაიწყო — მაინტერესებდა, როგორ მუშაობდა პროგრამული უზრუნველყოფა, როგორ იყო აწყობილი სისტემური არქიტექტურა და როგორ შეიძლებოდა კონკრეტული პრობლემების ტექნიკურად მოგვარება. დროთა განმავლობაში, ეს ინტერესი პროფესიულადაც გაღრმავდა. მივხვდი, რომ IT არა მხოლოდ ტექნიკური სფეროა, არამედ ადგილი, სადაც ყოველდღიურად შეგიძლია რეალური შედეგის მიღწევა სისტემის გაუმჯობესებითა და პრობლემის დროული გადაწყვეტით.
დასაქმების მთავარი მოტივაცია ჩემთვის ყოველთვის იყო გამოწვევები, განვითარების შესაძლებლობა და რეალური ღირებულების შექმნა. IT ამ მხრივ იდეალური სივრცეა — ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება, გაძლევს ახალ შესაძლებლობებს და გიბიძგებს მუდმივად შენი თავის უკეთესი ვერსია გახდე.
კარიერული შესაძლებლობები საქართველოს ბანკში
თავდაპირველად, საქართველოს ბანკის სხვა ვაკანსიით ვიყავი დაინტერესებული, რომელიც ახლოს იყო ჩემს გამოცდილებასთან. შერჩევის პროცესში კი ბანკის მხრიდან მივიღე შემოთავაზება IT DESKTOP SUPPORT გუნდში გადასვლაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემი უნარები და პროფესიული გამოცდილება ამ მიმართულებისთვის უფრო ეფექტურად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.
ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან ადგილი ვიპოვე ისეთ გუნდში, რომელშიც ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რაც ნამდვილად მაინტერესებს და დიდ გავლენას ახდენს საერთო შედეგზე. დღეს, როცა განვლილ გზას ვაფასებ, მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობის, რომელიც შემთხვევით გაჩნდა, თუმცა მთლიანად შეესაბამება ჩემს პროფესიულ გზას.
საქართველოს ბანკი ჩემთვის არის ადგილი, სადაც ტექნოლოგია არა მხოლოდ მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებს, არამედ განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია. ბანკში მუშაობა გულისხმობს ისეთ მასშტაბურ და დატვირთულ სისტემებში ჩართულობას, სადაც თითოეულ ტექნიკურ გადაწყვეტილებას რეალური გავლენა აქვს როგორც თანამშრომლის ყოველდღიურობაზე, ისე მომხმარებლის გამოცდილებაზე. ეს ნიშნავს პასუხისმგებლობას, განვითარებასა და დიდი გუნდური ძალისხმევის ნაწილად ყოფნას, რაც ჩემთვის მოტივაციის ყველაზე ძლიერი წყაროა.
გამოწვევები და ინოვაციები
ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა მაღალი ტექნიკური სტანდარტების შენარჩუნება ისეთ გარემოში, რომელშიც სისტემების გამართულად მუშაობა ბანკის ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია. IT მხარდაჭერის გუნდი კომპიუტერული სისტემების, სამუშაო მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ნებისმიერი შეფერხება შეიძლება აისახოს როგორც თანამშრომლების ეფექტურობაზე, ისე მომხმარებლის გამოცდილებაზე.
ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი გუნდი წარმატებით მართავს ტექნიკურ სირთულეებს რამდენიმე ფაქტორის წყალობით:
- პროფესიონალიზმი და როლების ეფექტური გადანაწილება — თითოეულ წევრს ზუსტად აქვს განსაზღვრული ფუნქცია და გააჩნია მაღალი პასუხისმგებლობა, რაც ოპერატიულობასა და ხარისხს განაპირობებს;
- მუდმივი კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება — გუნდის შიგნით კარგად არის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის კულტურა, რაც გვეხმარება სტრესული ან გადაუდებელი სიტუაციების ეფექტურად მართვაში;
- ადამიანებზე ორიენტირებულობა — ჩემი შეფასებით, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება ადამიანებზე ზრუნვაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური პრობლემის მიღმა დავინახოთ ადამიანი, რომელიც ჩვენგან დახმარებას ითხოვს.
სწორედ ამ მიდგომით ვქმნით თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ გარემოს, სადაც თითოეულს ესმის საკუთარი როლი და გრძნობს საერთო მიზნის მიმართ მხარდაჭერასა და პასუხისმგებლობას. ეს კომბინაცია — პროფესიონალიზმი და ადამიანურობა —გვეხმარება არა მხოლოდ ტექნიკური ამოცანების გადაჭრაში, არამედ გუნდის შიგნით პოზიტიური, მეგობრული და პროდუქტიული ურთიერთობების შენარჩუნებაში.
სერვისის გაუმჯობესებისა და სისტემური მხარდაჭერის პროცესში მთავარი ყურადღება ექცევა თანამშრომლების გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებას. ჩვენ გვესმის, რომ ტექნიკური სისწრაფე და სტაბილურობა მხოლოდ ერთი მხარეა. ნამდვილი ღირებულება კი იქ იქმნება, სადაც სისტემა რეალურად ამარტივებს თანამშრომლების ყოველდღიურობას. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, კოორდინირებული გუნდური მუშაობა და არა მხოლოდ არსებული პრობლემების მოგვარება, არამედ მათი პრევენციული მართვაც. დამკვიდრებული გვაქვს პროცესები, რომლებიც მოიცავს რეგულარულ შემოწმებას, ანალიზს და ა.შ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: შევქმნათ და შევინარჩუნოთ სერვისი, რომელიც მარტივი, სტაბილური და თანამშრომლებზე მაქსიმალურად მორგებულია.
განვითარება, მოტივაცია და მხარდაჭერის კულტურა საქართველოს ბანკში
ჩემთვის მოტივაციას წარმოადგენს განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და სურვილი, რომ ჩემი შესაძლებლობები რეალურ გარემოში მაქსიმალურად გამოვიყენო. IT სფერო მუდმივად იცვლება და ტექნოლოგიებიც ვითარდება, ეს კი სტიმულს მაძლევს, რომ მეც მუდმივად განვვითარდე და ახალი ცოდნა მივიღო. ასევე, მჭირდება სირთულეების გადალახვის შეგრძნება და იმ მომენტების აღიარება, როცა ჩემი ზრუნვა და მუშაობა რეალურად ეხმარება გუნდს, საბოლოო ჯამში კი — ბანკის ოპერაციულ პროცესებს. სწორედ ეს პასუხისმგებლობა მაძლევს ენთუზიაზმს, რომ არ გავჩერდე. ჩემთვის ასევე დიდი მოტივატორია გუნდური ურთიერთობები და იმ კოლეგების მხარდაჭერა, რომელთაც ყოველდღიურად ვეხმარები და ვხედავ, თუ როგორ ვითარდებიან თავად ისინი.
სამი ძირითადი უნარი, რომელიც საქართველოში ბანკში მუშაობისას განვივითარე და გავიღრმავე, შემდეგია:
- პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაჭრის უნარი — საბანკო სისტემაში ნებისმიერი შეცდომა ან შეფერხება სწრაფ რეაგირებას მოითხოვს. ამ ყოველივემ მასწავლა პრიორიტეტებზე ფოკუსირება და სტრესულ სიტუაციებში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
- ჯგუფური მუშაობის და კომუნიკაციის უნარი — ბანკის მრავალფუნქციური გუნდის წევრობისას სხვადასხვა დეპარტამენტთან სწორი კომუნიკაცია და თანამშრომლობა ვისწავლე. ეს კი საშუალებას მაძლევს, კარგად გავიგო ტექნიკური და ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებები და მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემები სწრაფად მოვაგვარო.
- პროექტის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები — მრავალმხრივი IT პროექტების მხარდაჭერისას შევისწავლე სამუშაო პროცესების დაგეგმვა, რესურსების მართვა და დროის ეფექტური გამოყენება, რაც ზრდის როგორც პიროვნულ, ისე გუნდურ პროდუქტიულობას.
რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს როგორც ტექნიკური მხარდაჭერის დამწყებ სპეციალისტებს, ისე პროფესიონალებს, რომ მუდმივად განვითარდნენ. ახალბედა სპეციალისტებს მენტორები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, რაც მათ დასახულ მიზნებთან მიახლოებაში ეხმარება. ასევე, ბანკი ხშირად ატარებს ტრენინგებს, რომლებიც ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის წევრებს ახალი უნარების შეძენასა და განვითარებაში უწყობს ხელს. მე კი პირადი მიზნები, ინოვაციებისადმი ინტერესი და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება მაძლევს მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე. სწორედ ეს მხარდაჭერა ერთიანდება ორგანიზაციულ კულტურაში, რაც ჩემთვის მუდმივი წინსვლის საფუძველია.