გიორგი კირვალიძე და "დასტაფე": როგორ იქმნება მონაცემთა ანალიტიკის ახალი კულტურა ქართულ ბიზნესში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი კირვალიძისთვის მონაცემები ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ, ციფრები და ცხრილები – მონაცემებში ყოველთვის ხედავდა ბიზნესის განვითარების სტრატეგიულ ინსტრუმენტსა და მართვის მთავარ საყრდენს, რომლის სწორად გამოყენებაც კომპანიებს განვითარებისა და წარმატების ახალ დონეზე აიყვანდა. სწორედ ამ ხედვამ მისცა ბიძგი, დაეარსებინა "დასტაფე" – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესს სთავაზობს მონაცემთა ანალიტიკის სრულიად ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის, Microsoft Power BI-ს გამოყენებით.

"თანამედროვე ბიზნესი ყოველდღიურად იღებს უამრავ გადაწყვეტილებას. მათი ხარისხი ხშირად განსაზღვრავს კომპანიის მომავალს. როცა ანალიზი სწრაფი, სწორი და მკაფიოა, მენეჯმენტს ეძლევა შესაძლებლობა, რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები. სწორედ აქ იწყება განვითარების ახალი ეტაპი", – ამბობს გიორგი.

"დასტაფეს" ისტორია პირადი გამოცდილებიდან იწყება. გიორგი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსური მართვის მიმართულებით და ყოველთვის აწყდებოდა ერთსა და იმავე სირთულეს: მოცულობითი მონაცემების მოქნილად და სწრაფად გაანალიზება თითქმის შეუძლებელი იყო.

"ხშირად უკვე მომზადებული რეპორტები სრულყოფილ სურათს ვერ იძლეოდა. საჭირო იყო მონაცემების სხვა ჭრილში დანახვა, მაგრამ ეს დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა. ავტომატიზაცია ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. მინდოდა ეს პროცესები გამარტივებულიყო და კომპანიებს სწრაფად, უტყუარად მიეღოთ პასუხები", – იხსენებს ის.

ამ იდეაზე მეგობრებთან საუბარმა, რომლებიც უკვე წარმატებულ ბიზნესებს მართავდნენ, საბოლოოდ დაარწმუნა: დრო იყო, საკუთარი გამოცდილება უფრო ფართო მასშტაბზე გადმოეტანა. ასე დაიბადა "დასტაფე".

გიორგი კირვალიძეს დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობამდე მრავალწლიანი წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით და სწორედ ამ მდიდარმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, იდეა რეალობად ექცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარი ბიზნესის დაწყება მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

"კორპორაციული კარიერა ჰგავდა მატარებელს, რომელიც სიჩქარეს სულ უფრო იკრებს და გადმოსვლა რთულდება – მაშინაც კი, როცა ხედავ, რომ მის მიღმა გაცილებით მეტი შესაძლებლობაა", – ამბობს გიორგი.

2025 წლის ივნისში მან კარიერულ მარათონს წერტილი დაუსვა და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. "მივხვდი, რომ მიზნების რეალიზებისთვის ერთადერთი გზა გაბედული ნაბიჯების გადადგმა იყო. სხვანაირად ისინი, უბრალოდ, იდეებად დარჩებოდა. დავიწყე, რადგან მჯერა – დაგვიანებულია ყველაფერი, რის გაკეთებასაც ხვალისთვის გადადებ".

სტარტაპის დაწყებისას ყველაზე რთული გამოწვევა სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშის დაძლევა აღმოჩნდა. გიორგიმ ეს ბარიერი გადალახა მაშინ, როცა LinkedIn-ზე საჯაროდ გააზიარა თავისი ახალი წამოწყება:

"ამის შემდეგ თითქოს პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარი თავის წინაშე და უკან დასახევი გზა აღარ დამიტოვებია".

ბიზნესის მიმართულებით მთავარი გამოწვევები მონაცემთა ანალიტიკის კულტურის სიმწირე და კომპანიების დამოკიდებულებაა. გიორგი გვიყვება, რომ ბევრ ორგანიზაციაში ჯერ კიდევ Excel-ის ცხრილებში ეძებენ პასუხებს, რაც ძალიან ზღუდავს შესაძლებლობებს.

"უფრო მეტიც, მონაცემები ხშირად ისეა აღრიცხული, რომ დეტალური ანალიზი საერთოდ შეუძლებელია. კომპანიების უმეტესობას არ აქვს სრული სურათი, მაგალითად, რა ROI აქვს მარაგებში ინვესტიციას, რამდენად ეფექტურად არის განაწილებული სამუშაო ძალა ან გამოყენებული სივრცეები. სწორედ ამიტომ "დასტაფე" ბიზნესთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის KPI-ებს და მისცემს შესაძლებლობას, აკონტროლონ ეფექტურობა ცოცხალ რეჟიმში და გააუმჯობესონ შედეგები".

გიორგისთვის "დასტაფე" მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი არ არის. ეს არის შემოქმედება, რომელიც კომპანიებს ახალი პერსპექტივის დანახვაში ეხმარება. მას ინსპირაციას აძლევს თავად პროცესი – მონაცემების სიღრმისეული შესწავლა და ის ემოცია, რაც დამკვეთისგან შედეგის დანახვით მოდის. სწორედ ამიტომ "ჩემი ენერგიის მაქსიმუმს ჩავდებ დამკვეთის კმაყოფილებაში", – ამბობს გიორგი.

"დასტაფეს" მიზანი მოკლევადიან პერსპექტივაში სტარტაპიდან განვითარებად კომპანიად ქცევაა. გუნდი გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებას სხვადასხვა ინდუსტრიაში, დამკვეთების რაოდენობის ზრდას და პროფესიონალთა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას.

გიორგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მცირე და საშუალო ბიზნესებზე: "მათთვის მონაცემთა ანალიტიკა ხშირად გადამწყვეტია – დროული და სწორი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს წარმატებას".

გრძელვადიან პერსპექტივაში კი "დასტაფე" ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც გეგმავს. "მინდა, რომ გამოცდილება და კულტურა, რასაც დღეს ვამკვიდრებთ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გასცდეს და ქართულმა ხედვამ სხვა ბაზრებზეც იპოვოს თავისი ადგილი".