Ghost Kitchen – როგორ ცვლის ინოვაციური კონცეფციის პლატფორმა რესტორნების ბიზნესმოდელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ტრანსფორმაცია სწრაფად ცვლის მომხმარებლის ჩვევებს და ბიზნესის ოპერირების წესებს. გასტრონომიის სფერო ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი მიმართულებაა, სადაც ონლაინ გაყიდვები და ე.წ. დელივერის სერვისები სულ უფრო დიდ როლს იძენს. ამის მიუხედავად, ბევრი სტარტაპი და მცირე ბიზნესი ხშირად აწყდება ფინანსურ, ტექნიკურ თუ ოპერაციულ ბარიერებს, რაც ახალი იდეების რეალიზებას უშლის ხელს.

ამ გამოწვევების საპასუხოდ გაჩნდა Ghost Kitchen – პლატფორმა, რომელიც რესტორნის ან კაფეს გახსნასა და მართვასთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრას უზრუნველყოფს და მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ მოდელს, რომლის მთავარი ფოკუსი ბრენდის განვითარებასა და ციფრულ არხებზეა.

პლატფორმის შესახებ მეტი დეტალისათვის Ghost Kitchen-ის დამფუძნებლებს, მარად ბარამიძესა და ლუკა დუმბაძეს ვესაუბრეთ:

"Ghost Kitchen არის პლატფორმა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას, დააფუძნოს საკუთარი ციფრული რესტორანი, მინიმალური დანახარჯით ინვესტიციის გარეშე. ჩვენ ვთავაზობთ სრულ კულინარიულ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს სრულ სერვისს, კერძის მომზადებიდან კურიერულ მომსახურებამდე. ხოლო მომხმარებელი ფოკუსირდება მხოლოდ საკუთარი ბრენდისა და კონტენტის განვითარებაზე, დანარჩენზე კი ჩვენ ვზრუნავთ. ეს ახალი გამოცდილებაა ბაზარზე, რომელიც მეტად ეფექტური და შემოსავლიანია".

ახალი მოდელის შექმნა ყოველთვის დაკავშირებულია რისკებთან, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ბიზნესის სრულიად ახალ ფორმატს ეხება. Ghost Kitchen-ის დამფუძნებლებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რამდენად გაბედული და რეალისტური იქნებოდა რესტორნის საქმიანობის სრულად ციფრულ სივრცეში გადატანა.

"ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული სამყარო და რამდენად ეფექტურად გვეძლევა ბაზარზე უფრო მასშტაბურად და სწრაფად გასვლის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, Ghost Kitchen-ის იდეის განხორციელება მაინც მოითხოვდა გაბედულობასა და სიმამაცეს, რადგან რესტორნის სრულად ციფრულ სივრცეში გადატანა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. არ გვქონდა კონკრეტული მონაცემები, თუ რამდენი ადამიანი უკვეთდა ყოველდღიურად საკვებ პროდუქტებს ციფრული არხების მეშვეობით. ამ სტატისტიკის მიღება და რეალური პროგნოზების ჩამოყალიბება მხოლოდ ბაზრის დეტალური შესწავლის შემდეგ შევძელით. ჩვენი კვლევების მიხედვით, ციფრული არხებიდან მიღებული შეკვეთები და შემოსავლები თითქმის თანაბარია ფიზიკურ სივრცეში მიღებული შემოსავლებისა, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობას ხსნის ციფრული სარესტორნო ბიზნესის განვითარების მიმართულებით", – ამბობს მარად ბარამიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Ghost Kitchen-ის დამფუძნებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებლის ნდობის მოპოვება აღმოჩნდა. როგორც ისინი განმარტავენ, ციფრული რესტორანი მომხმარებლისთვის "უხილავია", რაც საწყის ეტაპზე ბარიერს ქმნიდა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გამჭვირვალობა საკუთარ ძირითად ღირებულებად აქცია, რაც, მათ თქმით, არა მხოლოდ ნდობის დამკვიდრებაში დაეხმარა, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაშიც.

ინსპირაციის წყაროზე საუბრისას, Ghost Kitchen-ის დამფუძნებელი საკუთარ გამოცდილებას იხსენებს. მისი თქმით, იდეა რეალურად კაფეს მართვის პერიოდში გაჩნდა.

"Ghost Kitchen-ის იდეა გაჩნდა ჩემი პირადი გამოცდილებიდან. კაფეს მართვისას დავინახე, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ფიზიკური სივრცე ზღუდავდა გაყიდვების ზრდას. როდესაც ციფრულ პლატფორმებზე მუშაობა დავიწყეთ, გავიაზრე, რომ რეალური პოტენციალი სწორედ ამ არხებშია – ონლაინშეკვეთები ხშირად ბევრად აღემატებოდა ადგილზე გაყიდვებს. ამ გამოცდილებამ დამანახვა, რომ რესტორნის მთავარი ღირებულება და შემოსავალი რეალურად სამზარეულოში იქმნება და არა დარბაზში. სწორედ ამიტომ დავფიქრდი: თუ მომხმარებლის დიდი ნაწილი დღეს მაინც ციფრული არხებიდან ყიდულობს, რატომ არ უნდა შევქმნათ მოდელი, სადაც ბიზნესებს ვთავაზობთ სრულად აღჭურვილ სამზარეულოსა და სერვისს, ხოლო ისინი კონცენტრირდებიან მხოლოდ საკუთარ ბრენდსა და მარკეტინგზე?" – ამბობს ლუკა დუმბაძე.

სწორედ ამ კითხვამ მიიყვანა Ghost Kitchen-ის დამფუძნებლები პლატფორმის კონცეფციამდე, რომელიც ხსნის ფინანსურ და ტექნიკურ ბარიერებს და გასტრონომიულ სფეროში ბიზნესის დაწყების ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად შექმნას საკუთარი ციფრული რესტორანი.

მომავალი განვითარების გეგმებზე საუბრისას, ლუკა და მარადი ხაზს უსვამენ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც კომპანიის სტრატეგიის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს:

"ჩვენი ერთწლიანი განვითარების გეგმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში, ვგეგმავთ ცნობადობის გაზრდას. დღესაც ვხედავთ, რომ მომხმარებელი ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს "ციფრული რესტორანი", როგორ ფუნქციონირებს და რა შესაძლებლობებს აძლევს მას. სწორედ ამიტომ, მომდევნო თვეების განმავლობაში დიდ ყურადღებას დავუთმობთ კომუნიკაციის სწორ სტრატეგიას სოციალური ქსელებისა და პარტნიორი კამპანიების დახმარებით. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მომდევნო ერთ წელიწადში პლატფორმაზე დაახლოებით 100 ციფრული რესტორნის ჩართვაა. ჩვენი სამზარეულოს რესურსი საშუალებას გვაძლევს, სწორედ ამ რაოდენობის რესტორანს მოვემსახუროთ, ამიტომ ეს ჩვენი მაქსიმალური ლიმიტია ამ ეტაპზე და მისი შესრულება ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს".

Ghost Kitchen-ის სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება B2B სერვისების განვითარებაა. კომპანიის ხედვით, მათი მოდელი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება იმ რესტორნებისთვის, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ, მაგრამ არ არიან წარმოდგენილი სხვადასხვა რეგიონში. Ghost Kitchen-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ფიზიკური ინვესტიციის გარეშე შექმნან "ციფრული ფილიალები" ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში.

პირველი წლის შემაჯამებელ ეტაპზე კომპანია ასევე გეგმავს ინვესტორებისთვის შედეგების პრეზენტაციას – რამდენი ციფრული რესტორანი შეიქმნა, როგორ განვითარდა მომხმარებელთა ბაზა და რა ეკონომიკური შედეგი მოიტანა ამ მოდელმა პარტნიორი ბიზნესებისათვის. ამასთან ერთად, Ghost Kitchen-ის დამფუძნებლებმა მიზნად დაისახეს დამატებითი დაფინანსების მოზიდვა, რათა მომავალში კიდევ უფრო გააფართოონ ფუნქციონალი და პლატფორმის სერვისები.

Ghost Kitchen-ის გამოცდილება კარგი მაგალითია იმისა, რომ ინოვაციური ბიზნესი მხოლოდ კარგი იდეებით არ იქმნება – საჭიროა ბაზრის სიღრმისეული ცოდნა, რისკების გათვლა და მომხმარებლის ნდობის მოპოვება. ციფრული პლატფორმის მეშვეობით შექმნილი შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს, სწრაფად განვითარდნენ, გასცდნენ ფიზიკურ ბარიერებს და ახალ ბაზრებზე შეღწიონ მინიმალური ინვესტიციით. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, Ghost Kitchen-ის კონცეფცია მომავალში კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს, სადაც ბრენდების განვითარება, მომხმარებელთა გამოცდილების გამდიდრება და ბიზნესის გაზრდა მარტივად იქნება შესაძლებელი.